Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:01 - 25 ივლ.'14
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოქრუაშვილი პოლიტიკურ ბალანსს შეცვლის - იმედოვნებს ოპოზიცია
/ 31 მაი.'07 / 13:03
ნინო ხუციძე, ”სივილ ჯორჯია”

ოპოზიციური სპექტრი ადასტურებს მოარულ ხმებს იმის თაობაზე, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აპირებს პოლიტიკური პარტიის შექმნას და საკუთარი გუნდით გამოსვლას 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე.

დეპუტატი რესპუბლიკური პარტიიდან ლევან ბერძენიშვილი, რომელიც პარტიის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან ერთად შეხვდა ოქრუაშვილს, აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა პოლიტიკაში დაბრუნების რთული გზა აირჩია, რაც ახალი პარტიის შექმნაში გამოიხატება.

ბერძენიშვილი ვარაუდობს, რომ ოქრუაშვილი შეეცდება პარტიაში საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები გააერთიანოს.

”არ არის გამორიცხული ოქრუაშვილის პოლიტიკურ პარტიაში აღმოჩნდნენ ’ვარსკვლავები’. მე არ გამოვრიცხავდი, რომ მან თავის გუნდში მოიაზროს მისი ყოფილი ტელეკომპანიის ”რუსთავი 2”-ის ყოფილი ჟურნალისტები ნიკა ტაბატაძე, ნათია ლაზაშვილი, ნანა ლეჟავა და აქციოს ისინი პოლიტიკოსებად.  არ გამოვრიცხავ, რომ დაელაპარაკოს სხვა ტელევიზიის ცნობად სახეებსაც,”- აცხადებს ლევან ბერძენიშვილი ”სივილ ჯორჯიასთან” საუბარში.

ის ასევე შეეცდება შემოიკრიბოს ისეთი პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც არ არიან ასოცირებულები რომელიმე პარტიასთან. ”მაგალითად,- აცხადებს ლევან ბერძენიშვილი, - ჩვენს ფრაქციაში [დემოკრატიულ ფრონტში] არიან უპარტიოები: კოკა გუნცაძე, დათო ზურაბიშვილი, გია თორთლაძე; ასევე გია ცაგარეიშვილი, რომელიც ხშირად არ განიხილება მრეწველებთან ერთად და უფრო კუკავა-გუნცაძის დაჯგუფებაში მოიაზრება”.

ოპოზიციური ძალების ნაწილი ოქრუაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ენთუზიაზმით უყურებს, თუმცა ნაწილი, მათ შორის ახალი მემარჯვენეები, შედარებით ფრთხილ დამოკიდებულებას ავლენენ.

”მე ვერასოდეს ვერ ვხედავდი პერსპექტივას თანამშრომლობისა თავდაცვის მინისტრ ოქრუაშვილთან, რადგან ის ვერანაირ სტანდარტებში ვერ ჯდებოდა და ჩვენ ყოველთვის მწვავედ ვაკრიტიკებდით მას, მაგრამ ვნახოთ, ის როგორი პოლიტიკური ფიგურა იქნება,”- განუცხადა ”სივილ ჯორჯიას” მემარჯვენე ფიქრია ჩიხრაძემ.

ირაკლი ოქრუაშვილმა, პრეზიდენტ სააკაშვილის დიდი ხნის მოკავშირემ, გასული წლის ნოემბერში დატოვა მთავრობა მას შემდეგ, რაც იგი თავდაცვის სამინისტროდან ეკონომიკის სამინისტროს პირველ პირად გადაიყვანეს. მაშინ მან განაცხადა, რომ პოლიტიკიდან დროებით მიდის.

ოქრუაშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი მკვეთრი და თამამი განცხადებებით, რაც ხშირად ქვეყნის ხელმძღვანელობას მის მაგივრად ბოდიშების მოხდასაც კი აიძულებდა.

მასთან ყოველთვის ასოცირდებოდა კონფლიქტების ძალისმიერი მოგვარების თემა, რაც ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ ხშირად უარყოფით რეაქციებს იწვევდა. მისი ყველაზე ცნობილი განცხადება  2007  წლის პირველ იანვარს ცხინვალში შეხვედრასთან დაკავშირებით, ბევრმა ანალიტიკოსმა შეაფასა, როგორც საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენი, რაც მთავრობიდან წასვლაში გამოიხატა.

”თავდაცვის მინისტრობის დროს ის რეიტინგს საკმაოდ სახიფათო ფორმებით იხვეჭდა იმიტომ, რომ თავდაცვის მინისტრი არ უნდა აკეთებდეს აბსოლუტურად არარეალისტურ განცხადებებს, შეუსაბამოს ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსთან.  ამიტომ ჯერ-ჯერობით არ ვიცი რა ტიპის განცხადებები უნდა აკეთოს ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც იქნება პარტიული ლიდერი და არ ეყოლება მას უკან ჯარი,”- აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე. 

მის რეიტინგს ნაწილობრივ განაპირობებდა პრეზიდენტ სააკაშვილის ხაზგასმული კეთილგანწყობა დიდი ხნის თანამებრძოლის მიმართ. მიხეილ სააკაშვილი მის დიდ დამსახურებებზე საუბრობდა მაშინ, როცა ოქრუაშვილი შიდა ქართლში მისი რწმუნებული იყო, მაშინაც, როცა ის გენერალური პროკურორი, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი იყო.

სააკაშვილი-ოქრუაშვილის დაპირისპირებაზე არასოდეს ხმამაღლა არ საუბრობდნენ, თუმცა ყოველთვის აქტუალური  თემა იყო ოქრუაშვილის დაპირისპირება შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან და ე.წ. ’ბოკერიას გუნდთან.’

ირაკლი ოქრუაშვილის გეგმებთან დაკავშირებით საუბარს ერიდებიან საპარლამენტო უმრავლესობაში.

”მე ბატონ ირაკლისაგან არაფერი არ ვიცი ამის თაობაზე... არაფერი მსმენია ამაზე საფუძვლიანი და სერიოზული. საქართველო თავისუფალი ქვეყანა არის და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურს პოლიტიკაში ყოფნა, შეუძლია, რომ იყოს პოლიტიკაში,” - განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ”სივილ ჯორჯიას”.

მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება თუ რა პოლიტიკური ინტერესები და ამოცანები ექნება ირაკლი ოქრუაშვილს, უფრო გაადვილდება საუბარი  ”რამდენად სერიოზული კონკურენტი შეიძლება გახდეს ის.”

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი უკვე ახლა აცხადებენ, რომ ოქრუაშვილს შესწევს ძალა არა მარტო მმართველ პარტიას გაუწიოს კონკურენცია საპარლამენტო არჩევნებში, არამედ მიხეილ სააკაშვილსაც საპრეზიდენტო არჩევნებში.

”აქტიურად მიდის ძალიან საუბარი, რომ ის აპირებს პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნას და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მე მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი, რომელსაც შეუძლია დღეს პოლიტიკური ბალანსი შეცვალოს ოპოზიციის სასარგებლოდ, უნდა აქტიურობდეს. იმიტომ, რომ ასეთი დიდი დისბალანსი და სახელისუფლებო პარტიის დიდი უპირატესობა პარლამენტში, აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც, ეს არის დამღუპველი ქვეყნისთვის,”- აღნიშნავს კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური.

ლევან ბერძენიშვილის თქმით, მომავალ არჩევნებში, ოპოზიციის მთავარი ამოცანა მმართველი პარტიის მონოპოლისტური ძალის შესუსტება უნდა გახდეს, რაშიც ოქრუაშვილის ფიგურამ თავისი როლი შეიძლება ითამაშოს.

ამ მხრივ მნიშვნელოვანია თუ როგორი დამოკიდებულება ექნება მიხეილ სააკაშვილთან ირაკლი ოქრუაშვილს, როგორც ოპოზიციონერ ლიდერს. არსებობს ვარაუდი, რომ ოქრუაშვილი შესაძლოა, მხოლოდ მმართველი პარტიის და არა სააკაშვილის ოპოზიცია იყოს.

”თუ ოქრუაშვილი შექმნის ანგარიშგასაწევს პოლიტიკურ ძალას და ის შევა დიალოგში სააკაშვილთან, მე არ მგონია, რომ ეს დიდი ტრაგედია იყოს. რადგან ეს დიალოგი თუ დაიწყო, ეს ნიშნავს, რომ ბოკერია ჩემოდნებს აწყობს და მიდის, რასაც ჩვენ მივესალმებით,”- აცხადებს ბერძენიშვილი.

2008 წელს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერთდროულად ტარდება, რაც პოლიტიკურ ძალებს იმისკენ უბიძგებს, რომ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატებით გამოვიდნენ არჩევნებზე.

თუმცა ირაკლი ოქრუაშვილის საპრეზიდენტო ამბიციებს შესაძლოა ერთი  დაბრკოლება შეექმნას - ის, თუ როდის დანიშნავს და გამოაცხადებს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების თარიღს მიხეილ სააკაშვილი. ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრეზიდენტს შეუძლია დანიშნოს არჩევნები ნებისმიერ დროს 2008 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით.

ირაკლი ოქრუაშვილს საპრეზიდენტო ასაკი  - 35 წელი - 2008 წლის 6  ნოემბერს უსრულდება.

”თუ სააკაშვილმა არჩევნები 6 ნოემბრამდე დანიშნა, ირაკლი ოქრუაშვილი ვერ მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო რბოლაში, შესაბამისად, მას მოუწევს გეგმების გადახედვა და ის უნდა ჩაუდგეს სათავეში პარტიულ ან კოალიციურ სიას. მაგრამ მას აქვს საპრეზიდენტო ამბიცია,”- აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

ასევე არ არის გამორიცხული ხელისუფლებამ ოქრუაშვილის წინააღმდეგ, როგორც ამბობენ, მრავლად დაგროვილი კომპრომატები გამოიყენოს. როგორც საინფორმაციო საშუალებები იტყობინებოდნენ, კონტროლის პალატამ ოქრუაშვილის მინისტრობის პერიოდის თავდაცვის სამინისტროს ხარჯებში მრავალმილიონიანი დარღვევები აღმოაჩინა.
 
”მაგრამ ეს არ იქნება ცალმხრივი დაპირისპირება. რასაც იტყვიან ირაკლი ოქრუაშვილზე, ხურდაში მიიღებენ იგივეს მისგან. ინფორმაცია აქვს ორივე მხარეს ერთმანეთზე ძალიან ბევრი: გადაღებული, დახარისხებული, ფარული კამერით გადაღებული და ა.შ.   არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოქრუაშვილი ტელევიზიის მფლობელი იყო და ამიტომ 10-ჯერ მეტი კომპრომატი ექნება მას,”- აცხადებს ლევან ბერძენიშვილი და აქვე დასძენს, რომ ”ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესო იქნება მომავალი წელი”.

თავად ოქრუაშვილი, ჯერ-ჯერობით საჯარო განცხადების გაკეთებას სამომავლო გეგმების შესახებ არ ჩქარობს, თუმცა ქართული საინფორმაციო საშუალებები უკვე ავრცელებენ ინფორმაციას, რომ იგი საკუთარი პარტიის პრეზენტაციას ახლო მომავალში აპირებს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
25 ივლ.'14 18:01
ალასანიას მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა სურს
მან ასევე განაცხადა, რომ „ძალიან ოპტიმისტურად“ არის განწყობილი თავდაცვის სისტემებზე მიმდინარე მოლაპარაკებების მიმართ.
25 ივლ.'14 15:27
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს სტუმრობს
დელეგაცია 25 ივლისს თბილისში საქართველოს ხელმძღვანელობასთან და დეპუტატებთან მართავს შეხვედრებს.
25 ივლ.'14 13:17
ავღანეთის 2014 წლის შემდგომ მისიაში 750 ქართველი სამხედრო ჩაერთვება
ერთი ასეული მაზარ–ი–შარიფში განთავსდება, დანარჩენები კი ბაგრამში, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
25 ივლ.'14 11:55
მთავრობის განახლებულ შემადგენლობას საპარლამენტო კომიტეტებში უსმენენ
პრემიერ–მინისტრი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის წინაშე პარასკევს წარდგება.
24 ივლ.'14 20:19
მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნისთვის გამოსაცდელი ვადის კრიტერიუმები წესდება
საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა.
24 ივლ.'14 19:19
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2014 წლის პირველ ნახევარში
საგარეო ვაჭრობა 2014 წლის პირველ ნახევარში 16%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 5.44 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
24 ივლ.'14 17:46
პროკურატურამ ‘პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებთან’ დაკავშირებით უცხოელი ექსპერტები მოიწვია
ამ ნაბიჯმა ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის პასუხისმგებლობის შესაძლო დაყენების თაობაზე სპეკულაციები გაამწვავა.
24 ივლ.'14 12:26
ღარიბაშვილი მინისტრებს: ‘იყავით უფრო გაბედულები, რისკიანი, დროულად მიიღეთ გადაწყვეტილებები’
მან განაცხადა, რომ ის ყოფილ პრემიერ–მინისტრ ივანიშვილს საჭიროების შემთხვევაში „სტრატეგიულ საკითხებზე“ რჩევას ეკითხება.
23 ივლ.'14 20:34
ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა 15 დღემდე შემცირდება
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ამ ცვლილების მიღებამდე ეს ვადა 90 დღეს შეადგენს.
23 ივლ.'14 13:50
პრემიერ-მინისტრმა კულტურის მინისტრად მიხეილ გიორგაძე დაასახელა
გიორგაძე, "ისტერნ პრომოუშენის“ გენერალური მენეჯერი, „აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, რაც დღეს კულტურის ახალი პოლიტიკისთვის არის საჭირო“.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2013, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
46