Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:20 - 23 მაი.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბუში საქართველოს მხარდაჭერას პირდება
/ 6 ივლ.'06 / 11:26
სივილ ჯორჯია

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის მხარდაჭერა საქართველოსადმი და თავის ქართველ კოლეგასთან 5 ივლისს ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აღნიშნა, რომ მისი მეგობარი, მიხეილ სააკაშვილი “აქ არ იჯდებოდა, მე რომ საქართველოზე არ ვფიქრობდე“.

"ჩვენ საინტერესო მსჯელობა გვქონდა სხვადასხვა საკითხზე. მე დავარწმუნე პრეზიდენტი, რომ საქართველო ჩვენი მეგობარია და ჩვენ ღრმად გვაწუხებს ქართველი ხალხის ბედი“, - განაცხადა ბუშმა "თეთრ სახლში“ ერთსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

"ამერიკა ყოველთვის მოუსმენს თხოვნას დახმარების შესახებ და ეს განსაკუთრებით საქართველოს ეხება“, - დასძინა მან.

სააკაშვილმა, რომელმაც ბუშთან შეხვედრას "ისტორიული" უწოდა, განაცხადა, რომ ამერიკელ კოლეგასთან განიხილა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტები, ენერგეტიკული საკითხები და "ყველა ის საჭირბოროტო საკითხები, რაც საქართველოს მომავლისათვის მნიშვნელოვანია“.

"მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი შეხვედრა პეტერბურგში [13 ივლისს ვლადიმერ] პუტინთან, დღევანდელი შეხვედრა საქართველოსთვის იყო აბსოლუტურად ისტორიული. მე ამაში ვარ დარწმუნებული, ამის შედეგებს ქართველი ხალხი ნახავს და აშშ დაუდგება საქართველოს გვერდით ბოლომდე. აშშ ბოლომდე მხარს უჭერს საქართველოს ჩვენს ბრძოლაში თავისუფლებისათვის და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მე გამოვიტანე დღეს თეთრი სახლიდან“, – განუცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს ბუშთან დამშვიდობების შემდეგ.

პრესკონფერენციაზე სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს ასევე განხილულ იქნა დიდი რვიანის მოახლოებული სამიტი, რომელიც 15-17 სანკტ-პეტერბურგში გაიმართება.

"რა თქმა უნდა, უამრავი პრობლემატური საკითხი იქნება იქ განხილული“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ოფიციალური თბილისი იმედოვნებს, რომ სამიტის დღის წესრიგში სეპარატისტული კონფლიქტების თემაც შევა. საკითხი უკვე განიხილეს დიდი რვიანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოსკოვში 29 ივნისს.

ბუშმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ნატოში სწრაფვას, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველოს ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვს ამოცანები ამ მიმართულებით და "პრეზიდენტს [სააკაშვილს] ესმის ეს“.      

"მჯერა, რომ ნატო სარგებელს ნახავს საქართველოს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებით და ასევე ვფიქრობ, რომ საქართველოც მოგებული დარჩება. და წინ არის წევრობის სამოქმედო გეგმის გზა. და ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან ნატოში, რათა დავინახოთ შეგვიძლია, თუ არა ეს გზა საქართველოს ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ“, - განაცხადა ბუშმა.

2005 წლის მაისში ბუშის საქართველოში ვიზიტის მსგავსად, ორმა პრეზიდენტმა 5 ივლისის მოლაპარაკებების შემდეგაც ბევრი ისაუბრა თავისუფლების მნიშვნელობაზე.

"ეს [პრეზიდენტი სააკაშვილი] არის ადამიანი, რომელსაც იგივე ღირებულებები გააჩნია, როგორიც მე. მას სჯერა თავისუფლების უნივერსალურობის. მას სჯერა, რომ დემოკრატია არის საუკეთესო გზა მშვიდობის მოსაპოვებლად. საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი ამ რწმენის მიხედვით მოქმედებდა“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

"ბატონო პრეზიდენტო, თქვენ წინ რთული სამუშაო გელით. თქვენ პრობლემებს ენერგიულად და ენთუზიაზმით შეუტიეთ. მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენ ერთგული დარჩით იმ ფილოსოფიის, რომლითაც მე აღფრთოვანებული ვარ“,- დასძინა ბუშმა.

თავის მხრივ მიხეილ სააკაშვილი მიესალმა აშშ-ს კურსს, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიის და თავისუფლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.  

"თქვენი თავისუფლების დღის წესრიგი ნამდვილად მუშაობს. ვგულისხმობ, რომ ამის დანახვა საქართველოს მაგალითზე შეგიძლიათ. ჩვენს ამას ერაყშიც ვხედავთ. განაგრძეთ ეს კურსი, იბრძოლეთ ბოლომდე. ჩვენც თქვენთან ერთად ვიქნებით“, - განაცხადა სააკაშვილმა.

აშშ-ს პრეზიდენტი მიესალმა საქართველოს ხელისუფლების მცდელობებს შექმნას ისეთი პირობები, რომელიც ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს.

"ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი პროექტი საქართველოში ხორციელდება. ეს უნდა იყოს ნიშანი ქართველი ხალხისთვის და მეზობელი ხალხისთვისაც, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პატივს სცემს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საქათველოს მთავრობამ მიიღო,“ - განაცხადა ბუშმა.

ამერიკის პრეზიდენტი ასევე მიესალმა ერაყში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს. ამჟამად, 850-ზე მეტი ქართველი იმყოფება ერაყში.

პრესკონფერენციის დღის წესრიგი ოთხი კითხვის დასმის შესაძლებლობას იძლეოდა - ორი ქართველი და ორი ამერიკელი ჟურნალისტის მიერ. ამერიკელი ჟურნალისტების მიერ აშშ-ს პრეზიდენტისადმი დასმული ორივე კითხვა ეხებოდა ჩრდილოეთ კორეაში ბალისტიკური რაკეტების გამოცდასთან დაკავშირებულ სიტუაციას.

თუმცა ამ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტმაც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეაში უამრავ ადამიანს სურს თავისუფლება.

მან გაიხსენა ერთი ისტორია, როდესაც 70 წლის წინ 42–მა ქართველმა  გაუგზავნა წერილი ამერიკის მთავრობას და ბოლშევიკების წინააღდმეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვა, "თუმცა ამ წერილმა თეთრ სახლამდე ვერ მიაღწია, რადგანაც ეს წერილი საბჭოთა უშიშროებას ჩაუვარდა ხელში."

"დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი ხალხი ჩრდილოეთ კორეაში ანალოგიურ წერილებს წერს დღეს. და დარწმუნებული ვარ ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტები ვერასოდეს ვერ მიაღწევენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუმცა ის წერილები მოვა აქამდე, ძალიან მალე, რადგანაც ეს არის იმ თავისუფლების პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც პრეზიდენტი ბუში ახორციელებს და რომლისაც ჩვენ ძალიან გვჯერა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

6 ივლისს პრეზიდენტი სააკაშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს შეხვდება.

აშშ–ში პრეზიდენტს თან ახლავს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ირაკლი ალასანია, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა რურუა და პრეზიდენტის მრჩეველი დანიელ ქუნინი.

უახლესი ამბები
23 მაი.'13 19:20
ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ მერაბიშვილის დაკავება არჩევნების წინ პარტიის ‘დემორალიზებას’ ისახავს მიზნად
მისი თქმით, ყოფილი პრემიერ–მინისტრის დაკავება ივანიშვილის მიზნის ნაწილია, რომ „პოლიტიკური ოპოზიცია გაანადგუროს“.
23 მაი.'13 16:44
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება მერაბიშვილის დაპატიმრებაზე
„პოლიტიკური ოპონენტების გისოსებს მიღმა ჩასმა პრობლემების მოგვარებას ვერ დაეხმარება“, განაცხადა მან.
23 მაი.'13 14:16
ორ სასულიერო პირს ბრალი წაეყენა 17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით
შსს-ს ცნობით, გამოძიება მანიფესტაციის უფლების უკანონოდ ხელყოფის და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის წესით მიმდინარეობს.
23 მაი.'13 13:46
აშშ ‘ყურადღებით აკვირდება’ მერაბიშვილის საქმის გამოძიებას
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნას აცილებული „პოლიტიკური ანგარიშწორების აღქმა ან რეალობა“.
23 მაი.'13 13:33
ჭიაბერაშვილმა გირაოს გადახდის შემდეგ საპატიმრო დატოვა
„მიმდინარეობს აშკარად პოლიტიკური დევნა“, განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.
23 მაი.'13 12:29
პატრიარქი სინანულს გამოთქვამს 17 მაისს სასულიერო პირების ‘უზრდელი’ ქცევის გამო
საპატრიარქოს განცხადებით, აგრესიულ ქმედებებში მონაწილე რამდენიმე სასულიერო პირმა მთელ ეკლესიას მიაყენა ზიანი.
23 მაი.'13 11:21
მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს სასამართლომ 20 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.
22 მაი.'13 21:15
სასამართლო მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და კახეთის გუბერნატორისთვის წინასწარი პატიმრობა მოითხოვა.
22 მაი.'13 19:52
სააკაშვილი: 'დღეს ვასამართლებთ საქართველოს უახლოეს ისტორიას'
მისი თქმით, მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი არის „გზასაგასაყარი იმისა, თუ საით წავა საქართველო“. 
22 მაი.'13 17:12
ევროკავშირის რეაქცია ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავებაზე
ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება ამ საქმეებს და მოელის, რომ „ის სამართლიანად, გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად“ წარიმართება.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
34

Visitors
Since July 1, 2001