Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 20:17 - 21 მაი.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცსკ–ს "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გატარებაში სდებენ ბრალს
/ 16 მარ.'06 / 17:05
ნინო ხუციძე, "სივილ ჯორჯია"

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკ) საოლქო საარჩევნო კომისიების ძირითადი ნაწილის დაკომპლექტება 7 მარტს დაასრულა. ამ პროცესს ოპოზიცია ბრალდებებით გამოეხმაურა და ცსკ "ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. ამავდროულად, პარლამენტში 20 მარტს გაფორმდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მთავრობის წევრებს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლებას ანიჭებს.

ცსკ–ომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის საოლქო კომისიები პროფესიული ნიშნით 72 საარჩევნო ოლქში 5–5 წევრით თითქმის დააკომპლექტა. საოლქო კომისიის წევრობის სურვილი 717–მა საარჩევნო მოხელემ გამოთქვა, რომელთაც ტესტირება გაიარეს და შესაბამისი სერთიფიკატები გააჩნიათ.

თუმცა 15 მარტს გამართულ პრეს–კონფერენციაზე ოპოზიციური პარტია "კონსერვატორების“ დეპუტატებმა ეჭვი შეიტანეს ცსკ–ს მიუკერძოებლობაში და უმაღლესი საარჩევნო კომისია მმართველი პარტიის მითითებების შესრულებაში დაადანაშაულეს.

სამტრედიის მაჟორიტარმა დეპუტატმა, "კონსერვატორმა“ ზვიად ძიძიგურმა ამ ბრალდების დასადასტურებლად სამტრედიის საარჩევნო ოლქის დაკომპლექტების მაგალითი მოიყვანა. მისი თქმით, "კონსერვატორებს“ ხელში ჩაუვარდათ იმ კანდიდატთა სია, რომლებიც წინასწარ იყო ცნობილი, რომ სამტრედიის საარჩევნო ოლქში აირჩეოდნენ. ამ ადამიანების სია    არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ გადაეცა და დაილუქული იყო მანამ, სანამ 7 მარტს ცსკ–ო საოლქო კომისიაში ზუსტად ამ კანდიდატებს აირჩევდა.

"საოლქო კომისიებში კომისიის წევრები ფაქტიურად ნაციონალური მოძრაობის ოფისში დაინიშნენ, უბრალოდ ცსკ–მ ეს სამართლებრივად გააფორმა“, – განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ დეპუტატმა ფრაქცია "დემოკრატიული ფრონტიდან“ კახა კუკავამ.

ოპოზიცია პასუხს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სთხოვს. "ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ოპოზიციამ არჩევნებისათვის მზადება უნდა შეწყვიტოს და რევოლუციისთვის მზადება დაიწყოს?“, – აცხადებს ზვიად ძიძიგური.

საოლქო კომისიის წევრთა არჩევასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია ცსკ–ს თავმჯდომარეს გურამ ჩალაგაშვილს, რომელიც საფრანგეთში ადგილობრივი საარჩევნო სისტემის გაცნობის მიზნით იმყოფება.

კახა კუკავა აცხადებს, რომ საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნა ყველა ოლქში მმართველი პარტიის ინტერესების შესაბამისად მოხდა. "ამის გადამოწმება ადვილია. თუ გადავხედავთ სიას, ბევრი მაღალქულიანი სერტიფიცირებული მოხელე, რომელთაც კომისიაში მუშაობის სურვილი ჰქონდათ, კომისიის გარეთ დარჩნენ, ხოლო დაბალქულიანები კომისიის წევრები გახდნენ“, – აცხადებს კუკავა.

ამავე მოსაზრებას იზიარებს "სამართლიანი არჩვნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელი თამარ ჟვანიაც, რომელიც აცხადებს, რომ 15 დღეში 717  კანდიდატიდან სამართლიანი შერჩევის განხორციელება შეუძლებელი იყო.

“ბუნდოვანი იყო კომისიის წევრთა შერჩევის კრიტერიუმი. თუ რის საფუძველზე მოხდა კანდიდატურების პრიორიტეტულობის განსაზღვრა, გაუგებარია და ეს ვერც ცსკ–ს წარმომადგენლებმა აგვიხსნეს“, – განუცხადა ჟვანიამ 16 მარტს "სივილ ჯორჯიას“.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო კოდექსი კომისიის წევრთა შერჩევის ზოგად მოთხოვნებს განსაზღვრავს, ცსკ–ს საოლქოს კანდიდატების შესარჩევად დამატებითი კრიტერიუმების შემუშავებაზე არ უზრუნია.

"საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ყველა პროცედურას ვაკვირდებოდით და ვაკონტროლებდით. უნდა აღინიშნოს, რომ პროცესი იყო სრულიად გაუმჭვირვალე“, – აცხადებს თამარ ჟვანია.

ცსკ–მ უკვე დაიწყო შეხვედრები საოლქო კომისიების ახლად არჩეულ წევრებთან 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით.  ცსკ–ს ინფორმაციით, 20 მარტს უნდა ჩატარდეს საოლქო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები, სადაც საარჩევნო უბნების საზღვრები დაზუსტდება და ამომრჩეველთა სიების მონაცემთა ბაზის განახლებაზე დაიწყება მუშაობა.

ახალი ინიციატივა

მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის ვიცე–სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს და მთავრობის წევრებს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება ოფიციალურად მიენიჭებათ.

მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობა პრეზიდენტს, რომელსაც უფლება აქვს იყოს პარტიის თავმჯდომარე, და ასევე მთავრობის წევრებს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას უკრძალავს.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა 16 მარტს "სივილ ჯორჯიას“ დაუდასტურა მსგავსი საკანონმდებლო წინადადების არსებობის შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ იგი პრეზიდენტზე არ გავრცელდება და მას წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება კვლავინდებურად არ ექნება.

"საუბარი არ არის პრეზიდენტზე, არამედ საუბარია მხოლოდ მთავრობის იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან ძალოვანი მინისტრები“, – განაცხადა კუბლაშვილმა.

მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში ეს ცვლილებები, რომლის მიღებაც საგაზაფხულო სესიის განმავლობაში არის ნავარაუდევი, პარლამენტში ოფიციალური საკანონმდებლო ინიციატივის სახით 20 მარტს გაფორმდება.

"ისეთი პოლიტიკური პროცესიდან, როგორიც არჩევნებია, არაძალოვანი მინისტრების გამორიცხვა ალოგიკურია და არ შეიძლება. მხოლოდ, აქ მკაცრად უნდა დაწესდეს საბიუჯეტო თანხების [საარჩევნო მიზნებზე] განკარგვაზე კონტროლი“, – აცხადებს პავლე კუბლაშვილი.

თუმცა ამ ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს ოპოზიცია და თვლის, რომ ეს აქამდე არსებული პრაქტიკის დაკანონების ცდელობაა. 

"წინა [ქობულეთში პარლამენტის შუალედური] არჩევნები მოიგო არა კობა ხაბაზმა, არამედ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც ჩავიდა ქობულეთში, გახსნა გვირაბი და ა.შ. ეს იყო უკანონო, რაზეც ხელისუფლებამ სამართლიანი შენიშვნა მიიღო საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ახლა კი ამის დაკანონება სურს“, – განუცხადა "სივილ ჯორჯიას“ კახა კუკავამ.

უახლესი ამბები
21 მაი.'13 20:17
მერაბიშვილის დაკავების შემდეგ, სააკაშვილი მთავრობას უკრაინული მაგალითის წინააღმდეგ აფრთხილებს
„ყველა უნდა დაფიქრდეს ამ დაპატიმრების პოლიტიკურ შედეგებზე“, განაცხადა მან. 
21 მაი.'13 19:44
სასამართლომ 17 მაისის ძალადობის გამო დაკავებული პირები დააჯარიმა და გაათავისუფლა
ოთხ პირს 100-100 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა ხულიგნობის გამო.
21 მაი.'13 18:21
ივანიშვილის კომენტარი მერაბიშვილის დაკავებაზე
„უნდა დაველოდოთ სასამართლოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
21 მაი.'13 17:32
უსუფაშვილი 17 მაისის მოვლენებამდე პატრიარქის მიერ გაკეთებული განცხადებით უკმაყოფილოა
მისი თქმით, ამ განცხადებამ წააქეზა კონტრდემონსტრანტები, რომ ლგბტ უფლებადამცველების წინააღმდეგ ემოქმედათ.
21 მაი.'13 16:14
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს
პროკურატურის თქმით, მერაბიშვილი კორუფციული საქმიანობის ორ ეპიზოდთან დაკავშირებით დააკავეს, ხოლო უახლოეს პერიოდში 26 მაისის მოვლენებსა და გირგვლიანის საქმეზე წარედგინება ბრალი.
21 მაი.'13 11:59
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
„შეუწყნარებლობის ამგვარ ქმედებებს არ აქვს ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებებში“, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.
21 მაი.'13 11:53
ღარიბაშვილი აზერბაიჯანს სტუმრობს
შინაგან საქმეთა მინისტრი 21 მაისს პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
21 მაი.'13 11:42
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
ინციდენტთან დაკავშირებით რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
20 მაი.'13 20:40
ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაცია ჰომოფობიური თავდასხმების გახშირების შესახებ აფრთხილებს
საქართველოში ევროკავშირის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში აცხადებს, რომ მთავრობა 17 მაისის ძალადობის გამოძიებას „ძალიან სერიოზულად“ ეკიდება.
20 მაი.'13 18:56
იუსტიციის საბჭოს რეფორმაზე საკანონმდებლო პაკეტი გამოქვეყნდა
საერთო სასამართლოების კანონში და მისგან გამომდინარე სამ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი 20 მაისს მოაწერა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
45

Visitors
Since July 1, 2001