Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:37 - 13 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილმა საანგარიშო მოხსენებაში პროგრესზე გაამახვილა ყურადღება
/ 15 თებ.'06 / 11:52
სივილ ჯორჯია

14 თებერვალს პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო გახდა ქვეყანა სწრაფად მზარდი ეკონომიკით, რომელსაც აქვს შანსი გახდეს ნატოს წევრი 2008 წლისათვის. 80-წუთიან გამოსვლაში, რომლის დროსაც პრეზიდენტმა რამოდენიმე პატრიოტული ლექსიც წაიკითხა, სააკაშვილმა ასევე გააჟღერა რამდენიმე ინიციატივა, რომელთა წარდგენასაც პარლამენტისთვის იგი ახლო მომავალში გეგმავს.

ეკონომიკური ზრდა

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა "სწრაფი ტემპებით ვითარდება“, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას 2009 წლისათვის დაძლიოს სიღარიბე.  

"დღეს ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ღარიბი სახელმწიფო ვართ ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ვდგავართ გზაზე, რომელიც დაგვეხმარება პრობლემების დაძლევაში... მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2006 წელს ერთ სულ მოსახლეზე 1670 აშშ დოლარს მიაღწევს; 2010 წელს მშპ 2400 აშშ დოლარი იქნება ერთ სულ მოსახლეზე; ეს ნიშნავს, რომ 2009 წლისათვის საქართველოს აღარ იქნება ღარიბი სახელმწიფო“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მშპ-ის ზრდამ 2005 წელს 9% შეადგინა. "ეს მოხდა იმ ფაქტის მიუხედავად, რომ გასულ წელს ნავთობის ფასები გაიზარდა“, - დასძინა სააკაშვილმა. 

პრეზიდენტის თქმით, 2005 წელს მთავრობამ 816 ობიექტის პრივატიზაცია განახორციელა. "საერთო შემოსავლებმა პრივატიზაციიდან გასულ წელს 522 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო წელს ამ ობიექტებში ინვესტიციების სახით 300 მლნ ლარის ჩადება იგეგმება“, - განაცხადა მან. 

სააკაშვილის განცხადებით, საგარეო ვაჭრობა 33%-ით გაიზარდა გასულ წელს. "რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გასულ წელს ექსპორტი 36%-ით გაიზარდა“, - დასძინა მან.

თუმცა მისი თქმით, მიუხედავად გარღვევისა ბევრ სფეროში, საბაჟო სისტემა კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

"ასობით მებაჟე იქნა დაპატიმრებული მექრთამეობისათვის, თუმცა ამან ვერ უშველა. ჩვენ გვჭირდება ახალი ლიბერალური საბაჟო კოდექსი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, მთავრობა გეგმავს შეამციროს საბაჟო გადასახადები არსებული 16-დან 3-მდე.

"ჩვენ გვექნება საბაჟო გადასახადები რომელიც გაუტოლდება ნულ, ხუთ და თორმეტ პროცენტს... ხოლო მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჩვენ დავნერგავთ ნულოვან საბაჟო გადასახადებს... რაც იქნება ძალიან სერიოზული ნაბიჯი ეკონომიკის ლიბერალიზაციისკენ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

"ეს გამოიწვევს საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას 80 მილიონი ლარით, მაგრამ ეს იქნება უკან ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიცია“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საბანკო სისტემას ასევე სჭირდება ლიბერალიზაცია, რათა გამარტივდეს პროცედურები უცხოური ბანკებისთვის ქართულ ბაზარზე შემოსასვლელად. პრეზიდენტის თქმით, ასევე უნდა განხორციელდეს შრომის კოდექსის და გაკოტრების შესახებ კანონმდებლობის ლიბერალიზაცია. 

ინფრასტრუქტურის განვითარება

სააკაშვილის თქმით, საქართველომ დაიწყო გზების ფართომასშტაბიანი მშენებლობა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.

"წელს და მომავალ წელს ჩვენ ავაშენებთ უფრო მეტ გზებს, ვიდრე ეს საბჭოთა დროს გაკეთდა. ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად გაიხსნა გვირაბი [აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში]... შეკეთდა 83 ხიდი... 2005 წელს ჩვენ დავიწყეთ დასავლეთ საქართველოში მაგისტრალის მშენებლობა. 2006-2008 წლებში ჩვენ ვგეგმავთ თბილისი-ხაშურის თანამედროვე მაგისტრალის დასრულებას“, - განაცხადა მან.

სააკაშვილმა გზების რეაბილიტაციას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში "ისტორიული მნიშვნელობის პოლიტიკური აქტი“ უწოდა.

მისი თქმით, მიმდინარეობს ასევე ქალაქების რეკონსტრუქცია. "ჩვენ გვაქვს ამბიცია შევქმნათ თანამედროვე არქიტექტურა, რომელიც ათობით და ასობით წლების განმავლობაში დარჩება“, - დასძინა მან.

ენერგოუსაფრთხოება

საქართველოში ბოლოდროინდელ ენერგოკრიზისზე საუბრისას, რომელიც  ჩრდილოეთ ოსეთში 22 იანვარს ორი გაზსადენის აფეთქების შედეგად წარმოიშვა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზად იყო ამ კრიზისისთვის, "რადგანაც ჩვენ ვიცოდით, რომ რაღაც ამდაგვარი მოხდებოდა“.

მან ასევე გააკრიტიკა ის ოპონენტები, რომელთაც საქართველოს ხელმძღვანელობა მკაცრი განცხადებებისა და აფეთქებების მოწყობაში მოსკოვის დადანაშაულებისთვის გააკრიტიკეს.    

"ზოგიერთს [ოპონენტს] ეწყინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა რატომ ატეხა ყვირილიო [რუსეთის წინააღმდეგ]. ჩვენ გვყავდა უკვე ერთი პრეზიდენტი [ედუარდ შევარდნაძე], რომელსაც დენი და გაზი რომ აუფეთქეს მიცვალებულივით გაჩუმდა და ხმა არ ამოიღო. და რა კარგი ჩიტი დაიჭირა ამით საქართველომ? რა თქმა უნდა ამოვიღე ხმა და ამოვიღებ კიდევ ასჯერ და ათასჯერ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ღირსება და თავმოყვარეობა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, მთავრობა აქტიურ მუშაობას განაგრძობს ენერგომომარაგების ალტერნატიულ წყაროებზე.

"ჩვენ ვმუშაობდით ალტერნატივაზე, რადგანაც ვიცოდით, რომ ჩვენი "მეგობრები“ ამის [გაზსადენების აფეთქების] გამკეთებლები იყვნენ... ჩვენ შევაკეთეთ გაზსადენი აზერბაიჯანთან, აღვადგინეთ მოწოდების შესაძლო ვარიანტები ირანთან, რა თქმა უნდა ვმუშაობთ შაჰ-დენიზის პროექტზე, ვმუშაობთ ევროპელ იმპორტიორებთან, რათა მათ გამოიყენონ ჩვენი სატრანზიტო შესაძლებლობები“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, პირველად დამოუკიდებლობის შემდეგ, საქართველოს ახლა 24-საათიანი ელექტრომომარაგება აქვს. 

დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტი დანაშაულის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა იქნება. მისი თქმით, ხელისუფლების პოლიტიკა იქნება ნულოვანი ტოლერანტულობა დანაშაულის მიმართ.

პრეზიდენტი მიესალმა საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს, თუმცა განაცხადა, რომ მათ "საკანონმდებლო ხელშეწყობა“ სჭირდებათ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გასაუმჯობესებლად.

სააკაშვილმა გააკრიტიკა მოსამართლეები დანაშაულში ეჭვმიტანილების მიმართ მოწყალების გამოჩენისთვის.

"შეყრის პოლიცია ქურდებს ციხეში, მაგრამ კეთილი მოსამართლე, ტურავები და მსგავსები გამოვლენ და ამათ მეორე დღესვე გაუშვებენ... რატომ უშვებენ და სად უშვებენ? უშვებენ უკან ქუჩაში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

"მე ვაცხადებ ახალ კანონპროექტს: ნულოვანი ტოლერანტულობა წვრილმანი დანაშაულის მიმართ. მე შემომაქვს ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს, რომ ბინის ძარცვაზე, ქუჩის ძარცვაზე, ნარკოტიკების შენახვაზე მთლიანად უნდა გაუქმდეს პირობითი სასჯელი. არანაირი პირობითი სასჯელი; ყველა, ვინც ეს გააკეთა, ციხეში უნდა წავიდეს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

"ჩვენ ამისთვის ვაშენებთ ახალ 3000-კაციან საგამოძიებო იზოლატორს თბილისში“, – დასძინა მან.

"ნულოვანი მოთმენა ყოველგვარი წვრილმანი დანაშაულის მიმართ - ეს არის ჩვენი ახალი, ძალიან მტკიცე პოლიტიკა. მე ამას ვამბობ ყველას გასაგონად - სასამართლოს, პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების და პოლიციის გასაგონად“, - განაცხადა სააკაშვილმა.

არმია/ნატო

პრეზიდენტის თქმით, საქართველო მიმდინარე წელს ნატოს წევრობის კანდიდატი გახდება და ალიანსს 2008 წელს შეუერთდება.

"ჩვენ ერთი ხელის გაწვდენაზე ვართ ნატოსთან [წევრობასთან]... მინდა განვაცხადო დღეს, რომ საქართველოს აქვს სრული შანსი გახდეს ნატოს წევრი 2008 წელს. წელს ჩვენ გავხდებით ნატოს წევრობის კანდიდატი ქვეყანა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

"ეს [ნატოს წევრობა] ნიშნავს, რომ საქართველოს საზღვრები იქნება ნატოს საზღვრები და ამ საზღვრებს დაიცავს არა მხოლოდ ჩვენი ტანკები და თვითმფრინავები, არამედ ათასობით დასავლური თვითმფრინავი“, - დასძინა მან.

მისი თქმით, ამჟამად საქართველოს ყავს "რეგიონში ყველაზე პატარა, მაგრამ ყველაზე კარგად აღჭურვილი ჯარი...დისციპლინირებული, შეკრული მოტივირებული ჯარი, რომელიც დაიცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას". 

"ჩვენ მშვიდობიანი ერი ვართ, თუმცა ამ რეგიონში, სადაც უამრავი საფრთხეა, ჩვენ უნდა გვყავდეს ძლიერი არმია“, - დასძინა მან.  
 
კონფლიქტები

თავის გამოსვლაში პრეზიდენტს არაფერი უთქვამს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან რუსული სამშვიდობო კონტიგენტის გაყვანის საკითხთან დაკავშირებით.

პარლამენტი რუსი სამშვიდობოების გაყვანის შესახებ დადგენილებას 15 თებერვალს მიიღებს.

თუმცა პრეზიდენტმა ახსენა, რომ "საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ალტერნატივა არ აქვს... ჩვენ გვაქვს სამშვიდობო გეგმები [კონფლიქტების დარეგულირების]“.

“ჩვენ ვიქნებით აფხაზებისა და ოსების მეგობრები... ჩვენ გვინდა დავიბრუნოთ ოსი ძმები უკან საქართველოში. ეს ხალხი ქართული მენტალიტეტის ორგანული ნაწილია“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, რუსეთის მცდელობა უნივესალურობის პოლიტიკის წინ წამოწევისა "კოსოვოს მაგალითზე, იქნება აღკვეთილი ჩვენი და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ“.

განათლება

სააკაშვილმა თავის გამოსვლაში ბევრი ისაუბრა განათლების სისტემის შესახებ. მისი თქმით, ამ სისტემაში განხორციელებულმა რეფორმებმა აღმოფხვრა კორუფცია და თანაბარი შესაძლებლობები შექმნა. პრეზიდენტის განცხადებით, ხორციელდება ფართომასშტაბიანი სასკოლო პროგრამები საქართველოს მასშტაბით, რომლებიც ითვალისწინებს ძველი სკოლების რეკონსტრუქციას და დაახლოებით 30 ახალი სკოლის მშენებლობას. მისი თქმით, ასევე ხორციელდება სკოლების კომპიუტერიზაციის პროგრამა.  

გამოხმაურება

ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა პრეზიდენტი პრობლემებზე საუბარზე თავის არიდების გამო გააკრიტიკეს. 

"[პრეზიდენტის გამოსვლაში] ჩვენ ვერ გავიგეთ, თუ რა არის მისი პოზიცია სამშვიდობოებთან დაკავშირებით; როგორ აპირებს ხელისუფლება პრობლემების მოგვარებას... ეს არ იყო პოლიტიკოსის გამოსვლა, ეს იყო ქუჩის საპროტესტო აქციის ლიდერის გამოსვლა“, - განაცხადა დეპუტატმა კახა კუკავამ "კონსერვატორებიდან“.

"მისი ინფორმაცია და ციფრები ეკონომიკის შესახებ ძალიან გაზვიადებული იყო... თუმცა, მეორე მხრივ, არ დაიწყო ოპონენტებზე თავდასხმა, რაც პოზიტიური ნაბიჯია“, - განაცხადა დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა. 

უახლესი ამბები
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
12 დეკ.'17 18:51
დეპუტატები ქალთა სავალდებულო კვოტირების ინიციატივას მხარს უჭერენ
დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის მიღება 2018 წლის ადრეულ გაზაფხულზე იგეგმება. 
12 დეკ.'17 16:29
ჟენევასა და ბერლინში საქართველოს დიპლომატიურ მისიებს ახალი ელჩები უხელმძღვანელებენ
ვიქტორ დოლიძე და ელგუჯა ხოკრიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 2018 წლის იანვრიდან შეუდგებიან.
12 დეკ.'17 02:01
კიევის სასამართლომ სააკაშვილი გაათავისუფლა
სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სააკაშვილისთვის ორთვიანი შინაპატიმრობის შეფარდების თაობაზე.
11 დეკ.'17 17:42
კობახიძე: პრეზიდენტის არჩევა 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მიერ ‘ძალაში რჩება’
მისი თქმით, სისტემას ხარვეზები გააჩნია, თუმცა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ „პოლიტიკური კომპრომისის“ სახით ის ძალაში დატოვოს. 
11 დეკ.'17 17:27
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართა
აქციის მონაწილეებმა ნარკოპოლიტიკის საკითხზე პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღება მოითხოვეს.
11 დეკ.'17 13:12
საქსტატი: 2017 წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 594 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა საქართველომ 2017 წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანიდან მოიზიდა.
09 დეკ.'17 18:26
ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი რუსული ოკუპაციის ფონზე მხარდაჭერას უსვამს ხაზს
სხვა საკითხებთან ერთად ჯგუფი ეთნიკური დისკრიმინაციის, რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების საკითხებზე საუბრობს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
89