Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:26 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი: გაერო უნდა შეიცვალოს და კონფლიქტების მოგვარებაზე გააკეთოს აქცენტი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 სექ.'05 / 11:06
"სივილ ჯორჯია"

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 15 სექტემბერს განაცხადა, რომ გაერო "უნდა შეიცვალოს“ და დაეხმაროს საქართველოს ბოლო მოუღოს "მეზობელი ქვეყნის“ მიერ "აფხაზეთის ტერიტორიის ანექსიის პროცესს".

სააკაშვილმა ეს განცხადება ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მე-60 სხდომის მაღალი დონის პლენალურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მიმართვაში პრეზიდენტმა გაეროს რეფორმირებაზე და კონფლიქტების მოგვარებაზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ "ვარდების რევოლუციის“ შემდეგ  მიღწეულ პროგრესზე.  

"დღეს, გაეროს შექმნიდან 60 წლის შემდეგ, იალტიდან 60 წლის შემდეგ, ჩვენ უნდა შევცვალოთ გაერო, რათა გადავჭრათ ჩვენი ყველაზე მტკივნეული პრობლემები დაკავშირებული სიღარიბესთან, ასევე ჯანსაღი გარემოს შექმნასთან და რაც ყველაზე მთავარია ხანგრძლივი უსაფრთხოების ჩამოყალიბებასთან“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ეს არ არის მარტივი ამოცანა, მაგრამ ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, "გაერთიანებული ერების რეფორმირების, გაძლიერების და გაუმჯობესების საჭიროებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“.

"იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ არასტაბილურობის საფრთხე, საჭიროა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ და გაერომ უფრო მეტი გააკეთონ, ვიდრე მხოლოდ ისაუბრონ [კონფლიქტების] მოგვარებაზე. ეს ნიშნავს, რომ გაეროს შეუძლია მოაგვაროს კონფლიქტები, ეს ნიშნავს, რომ გაერომ ასე მარტივად არ უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ ირღვევა საერთაშორისო სამართალი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის განცხადებით, პროგრესის მიუხედავად, "სიტუაცია საქართველოში იდეალური არ არის“ და ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება "ფერხდება ორი მოუგვარებელი კონფლიქტის გამო“ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

"ასიათასობით დევნილს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან არ აქვთ შესაძლებლობა, რომ თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ...აფხაზეთში ასიათასობით ადამიანი ძალით გამოაგდეს თავიანთი სახლებიდან... საქართველო არასოდეს შეეგუება ეთნიკური წმენდის შედეგებს“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, სეპარატისტული რეგიონები "საშიშ შავ ხვრელებს“ წარმოადგენენ, რომლებიც კრიმინალების, ნარკოტიკებით მოვაჭრეების და ტერორისტების თავშესაფარს წარმოადგენს. 

სააკაშვილის თქმით, გაერომ ბოლო უნდა მოუღოს "აფხაზეთის ტერიტორიის ძალისმიერი, უკანონო და ამორალური ანექსიის პროცესს“.

"გვჯერა, რომ ტერიტორიების ხელში ჩაგდების მე-19 საუკუნის დროინდელი ლოგიკა ახლა უკვე აღარ არის ძალაში“, - დასძინა მან.

"მსოფლიოს, [აფხაზეთის] კონფლიქტის ზონაში განთავსებული გაეროს დამკვირვებელთა თვალწინ, სწორედ ის სახლები იყიდება, სადაც ისინი [ქართველი დევნილები] ცხოვრობდნენ და საიდანაც ისინი [დევნილები] გამოყარეს. და რაც ყველაზე გამაოგნებელია, უმეტეს შემთხვევებში მათ ყიდულობენ მაღალი რანგის ჩინოვნიკები მეზობელი ქვეყნებიდან და მსოფლიო არაფერს ამბობს და აკეთებს ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველო იმედოვნებს, რომ "რუსეთის ფედერაცია კონსტრუქციულად ითანამშრომლებს ჩვენთან, რათა დავივიწყოთ ის უთანხმოებანი, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო“. 

სააკაშვილის თქმით, კონფლიქტების მოგვარების საკითხი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა გახდეს გაერთიანებული ერებისთვის.

"ჩვენ მხარი უნდა დავუჭროთ [გაეროს] უფრო მნიშვნელოვან როლს ან ჩარევას მშვიდობის დამყარების საქმეში, განსაკუთრებით მოუგვარებელი კონფლიქტების ადგილებში... ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ [გაეროში] მშვიდობის დამყარების კომისიის შექმნას, რომელსაც ექნება კონფლიქტების მოგვარების და პოსტ-კონფლიქტური რეაბილიტაციის, მათ შორის ეკონომიკური დახმარების, მანდატი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, გაეროს უშიშროების საბჭო "ბევრად უფრო წარმომადგენლობითი ორგანო“ უნდა გახდეს.

"ჩვენ ასევე მხარი უნდა დავუჭიროთ ადამიანის უფლებათა კომისიის ტრანსფორმაციას, რათა მან უფრო ეფექტურად შეძლოს ადამიანთა უფლებების დარღვევის მონიტორინგი“, - დასძინა მან.

სააკაშვილის განცხადებით, დემოკრატია "ჩვენს რეგიონში აღმავლობის გზაზეა... მაგრამ მას უსაფრთხოება და სტაბილურობა სჭირდება, რათა ეს პროცესი შეუქცევადი გახდეს. ამისათვის ჩვენ უფრო ძლიერი და უფრო ეფექტური გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გვჭირდება".     

უახლესი ამბები
18 დეკ.'17 18:26
საქართველომ და ბელარუსმა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური მინსკს სტუმრობს.
18 დეკ.'17 17:54
სირიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგოშვილი ჰამას პროვინციაში ასადის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. 
18 დეკ.'17 16:13
პარლამენტში ქართული ოცნების კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნება
მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ მედიის ინფორმაციას, რომ ეს ცვლილება შიდა უთანხმოებას უკავშირდება.
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
86