პარლამენტმა ახალი საგადასახადო კოდექსი დაამტკიცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 Dec.'04 / 12:45

დღეს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით 107 ხმით 11-ის წინააღმდეგ ახალი საგადასახადო კოდექსი დაამტკიცა.

“კოდექსის პროექტმა რადიკალური და მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა პარლამენტში შემოტანის შემდეგ, რაც დეპუტატების დიდი დამსახურებაა”, აღნიშნა 22 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.

საგადასახადო კოდექსის მიხედვით არსებული 22 გადასახადიდან ძალაში 7 გადასახდი დარჩება: საშემოსავლო (20%-დან 12%-მდე მცირდება), სოციალური (33%-დან 20%-მდე დაიწევს), მოგების (20%), დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ, 20%-დან 18%-მდე იკლებს), აქციზი, ქონების (რომელშიც ინტეგრირებულია დღეს ცალკე არსებული მიწის გადასახადი) და გადასახადი სათამაშო ბიზნესისათვის. მიღებული ვარიანტით გადასახადი ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის მოსაკრებლის სახით ჩამოყალიბდება.

საგრძნობლად იზრდება აქციზური გადასახადები სათამაშო ბიზნესსა და აქციზურ საქონელზე (ნავთობპროდუქტებზე, თამბაქოს ნაწარმზე, ეთილის სპირტზე, ღვინოზე და სხვა), რითაც მთავრობა იმ 300 მლნ ლარამდე დანაკარგის კომპენსირებას აპირებს, რომელიც 2005 წლის ბიუჯეტს სხვა გადასახადების გაუქმებისა და შემცირების ხარჯზე დააკლდება.

ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელმაც ფინანსთა მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის თქმით, “ათწლეულების მანძილზე უნდა განსაზღვროს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა”, ძალაში 2005 წლის იანვრიდან შევა. თუმცა მთავრობასა და პარლამენტს შორის მიღწეული კომპრომისის შედეგად დღგ-ს ახალი 18%-იანი განაკვეთი 2005 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.

Civil.Ge © 2001-2017