თურქეთში ტერორიზმის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
Civil Georgia, Tbilisi / 29 Dec.'17 / 15:19

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა 29 დეკემბერს, რომ თურქეთის ხელისუფლებამ მიმდინარე კონტრტერორისტული გამოძიების ფარგლებში 26 დეკემბერს ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავა.

მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „არსებული საერთაშორისო თანამშრომლობისა და ახმედ ჩატაევის საქმის გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე“ გოჩა (ალი) საღინაძე ტრაპიზონის პროვინციაში, ოფის მახლობლად დააკავეს.

„თურქმა სამართალდამცველებმა ბრალდებულის კუთვნილი, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული მასალები ამოიღეს“, - განაცხადა უსაფრთხოების სამსახურმა და დასძინა, რომ თურქი სამართალდამცველებისთვის გადაცემული ინფორმაცია ახმედ ჩატაევის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან იქნა მოპოვებული.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მჭიდროდ და აქტიურად თანამშრომლობს თურქ კოლეგებთან, ისევე როგორც სხვა პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა 21-22 ნოემბერს თბილისის ისნის რაიონში ფართომასშტაბიანი ანტი-ტერორისტული ოპერაცია განახორციელა, რა დროსაც რამდენიმე შეიარაღებული ეჭვმიტანილი იქნა განეიტრალებული, რომელთა მიზანსაც, სავარაუდოდ, საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიური მისიებზე ტერორისტული თავდასხმები წარმოადგენდა.

დაპირისპირების დროს ერთი პირი დააკავეს, სამი კი ლიკვიდირებულ იქნა, მათ შორის „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი ახმედ ჩატაევი, რომელიც აშშ-ის და გაეროს ტერორისტთა სიაში ყავდა შეყვანილი.

26 დეკემბერს თბილისსა და პანკისის ხეობაში განხორციელებული სპეცოპერაციების შედეგად საქართველოს ხუთი მოქალაქე იქნა დაკავებული, რომელთაც დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევა ედებათ ბრალად.

Civil.Ge © 2001-2018