სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში დასრულდა
Civil Georgia, Tbilisi / 26 Dec.'17 / 18:06


სერჟ სარგსიანი და გიორგი მარგველაშვილი, 25 დეკემბერი, 2017. ფოტო: president.gov.ge

სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი 25-26 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით თბილისს ესტუმრა და თავის ქართველ კოლეგას გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა. 

სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე თბილისმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ჟენევაში განთავსებულ კომპანიასთან SGS რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ, რომელიც, როგორც ერევანი იმედოვნებს, მისი ტვირთების გადაადგილების მარშრუტების დივერსიფიცირებას შეუწყობს ხელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების გავლით.

პირველი შეხვედრა სერჟ სარგსიანმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართა.

25 დეკემბერს გამართული პირისპირ და შემდეგ გაფართოებული შეხვედრების შემდეგ, ორმა პრეზიდენტმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა, სადაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უთხრა თავის კოლეგას, რომ სომხეთის ოფიციალური პირების ვიზიტები საქართველოში ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში სტაბილურობისა და განვითარების საკითხებზე. თანახმა ვართ, რომ ყველა რთული საკითხი გადაწყდეს საერთაშორისო სამართლის და მოლაპარაკებების ფარგლებში“, -  განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ მათ ასევე იმსჯელეს იმ პროექტებზე, რომლებმაც „რეგიონს უნდა მოუტანოს მეტი ეკონომიკური მოგება და მეტი სტაბილურობა“.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ევროპასთან, ხოლო სომხეთი ევრაზიის საბაჟო კავშირის წევრია, ამ გარემოებამ არანაირად არ შეასუსტა ეკონომიკური თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, არამედ პირიქით, წელს ჩვენ ვხედავთ, რომ ტვირთბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის გაიზარდა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა სარგსიანმა განაცხადა, რომ ორმა პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა „არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა და ტრანსპორტი, მათ შორის ჩვენი ქვეყნების სატრანზიტო შესაძლებლობების განვითარებასა და მისი ეფექტური გამოყენების შესაძლებლობებზე“.

მისი თქმით, პრეზიდენტებმა რეგიონულ უსაფრთხოებაზეც ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს „სენსიტიური საკითხების მიმართ დაბალანსებული და კონსტრუქციული მიდგომის მნიშვნელობას“. „შევთანხმდით, რომ კონფლიქტების სრული და გრძელვადიანი მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი გზითაა შესაძლებელი შეთანხმებული ფორმატების და მხოლოდ მოლაპარაკებების ფარგლებში“, - დასძინა სარგსიანმა.

26 დეკემბერს პრეზიდენტი სარგსიანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა, მოგვიანებით კი სომხურ სამეცნიერო-კულტურულ ცენტრს და სომხურ ეკლესიას ესტუმრა. თბილისიდან პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც დსთ-ის ლიდერების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

„საქსტატის“ ინფორმაციით, სომხეთი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ სომხეთთან 2016 წელს 367.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; ექსპორტის მოცულობა 150.8 მილიონი აშშ დოლარი (180.1 მილიონი აშშ დოლარი 2015 წელს), ხოლო იმპორტის მოცულობა 216.8 მილიონი აშშ დოლარი (175 მილიონი აშშ დოლარი 2015 წელს) იყო.

Civil.Ge © 2001-2018