ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
Civil Georgia, Tbilisi / 15 Dec.'17 / 12:34

აშშ-ის რესპუბლიკელმა სენატორმა რენდ პოლმა 7 დეკემბერს სენატში წარადგინა რეზოლუცია საქართველოსთვის ჯაველინის მართვადი რაკეტების და მრავალჯერადი გამოყენების სამეთაურო-გამშვებ ბლოკების მიყიდვის აკრძალვის თაობაზე.

ერთობლივი რეზოლუცია, რომელიც აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ (წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა) უნდა დაამტკიცოს, საქართველოსთვის 75 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.

დაწერის მომენტში რეზოლუციას თანაავტორი არ ყოლია. მას ჯერ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განიხილავს. კონგრესის ორივე პალატის მხარდაჭერის შემთხვევაში კი, რეზოლუცია ხელმოსაწერად პრეზიდენტს წარედგინება.

განსხვავებულ საკითხს ეხება, თუმცა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის შეზღუდვას ასევე ითვალისწინებს კიდევ ერთი ერთობლივი რეზოლუციის პროექტიც, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა სტივ რასელმა 6 დეკემბერს წარადგინა.

კონგრესმენ სტივ რასელის განცხადებით, რეზოლუციის პროექტი, სახელწოდებით - „საქართველოს სამართლიანი ბიზნეს პრაქტიკის სანქციების 2017 წლის აქტი“, მომზადდა „საქართველოს მთავრობის მიერ აშშ-ის კომპანიებთან და ჩვენ მოკავშირეებთან არსებული კონტრაქტების დარღვევის რამდენიმე მაგალითის საპასუხოდ, რასაც წინ უძღოდა ამერიკელი მოქალაქეების და კომპანიების დროის, ენერგიის და კაპიტალის მნიშვნელოვანი ინვესტირება“.

ერთობლივი რეზოლუციის პროექტით, რომელიც ასევე ორივე პალატამ უნდა დაამტკიცოს, თუ აშშ-ის პრეზიდენტი თავის ნახევარწლიან ანგარიშებში დაადგენს, რომ საქართველოს მთავრობა „ახორციელებს ქმედებებს, საქართველოში ბიზნეს საქმიანობაში ჩართულ აშშ-ის მოქალაქეებთან ვალდებულებების ან საკონტრაქტო შეთანხმებების დარღვევის, ან სხვა მიზნით“, პრეზიდენტი საქართველოს მთავრობას სანქციებს დაუწესებს.      

 

Civil.Ge © 2001-2018