საგარეო საქმეთა სამინისტრო იერუსალიმთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება
Civil Georgia, Tbilisi / 8 Dec.'17 / 11:45

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 7 დეკემბერს გამოეხმაურა პარლამენტის წევრის, მმართველი პარტიის დეპუტატის, შოთა შალელაშვილის განცხადებას, რომელიც პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს მოუწოდებდა, მხარი დაეჭირა აშშ-ის გადაწყვეტილებისათვის იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების და ამ ქალაქში საელჩოს გადატანის თაობაზე. 

„ჩვენ ყურადღებით გავეცანით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას იერუსალიმის თაობაზე, ასევე ინფორმაციას, რომ ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული საკითხის ფართო საერთაშორისო განხილვა, მათ შორის გაეროშიც.

საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება მოხდეს მშვიდობიანად, დიალოგით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.

ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას და გავაგრძელებთ კონსულტაციებს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

მანამდე, დეპუტატ შალელაშვილის ინიციატივას პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილიც გამოეხმაურა. კვირიკაშვილმა მის სახელზე დეპუტატის მიერ ღია წერილის გამოქვეყნებას „მიუღებელი ფორმა“ უწოდა და განაცხადა, რომ „საქართველო დააფიქსირებს თავის პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კონიუნქტურის და იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს რეგიონში“.

Civil.Ge © 2001-2018