მმართველი გუნდის ნაწილი გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის პროექტს აკრიტიკებს
Civil Georgia, Tbilisi / 6 Dec.'17 / 18:35

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს რეორგანიზების პროექტს, რომელიც მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების გეგმის ფარგლებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება, მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

ცვლილებების მიხედვით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გაიყოფა. მისი უფლებამოსილებების ნაწილი, რომელიც ბუნებრივი რესურსების დაცვას ეხება, ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა. გარემოს დაცვის მიმართულება კი - სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციაში შევა, რის შედეგადაც ახალ სამინისტროს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეწოდება.

ცვლილებას არ ეთანხმებიან ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“, ასევე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წარმომადგენლები, რომლებმაც თავიანთი პოზიცია პლენარულ სხდომის წინ და მანამდეც დააფიქსირეს.

„მიმაჩნია, რომ ეს არის გარემოს დაცვის სისტემის დასუსტება და ამავე დროს ეკონომიკის სამინისტროში გადატანა ფუნქციების, წიაღისეულის მაქვს მხედველობაში, ეს არის ინტერესთა სერიოზული კონფლიქტი“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ ლიდერმა, გია გაჩეჩილაძემ.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ხუციშვილმა განაცხადა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციაში კვლავ ხედავს „საფრთხეებს“, თუმცა ამის მიუხედავად, მისი თქმით, პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს.

სამინისტროს რეორგანიზაციის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამაც დააყენა. 30 ნოემბერს ტელეკომპანია მაესტროს ეთერში საუბრისას, მან აღნიშნა, რომ  სოფლის მეურნეობის და  ეკონომიკის სამინისტროები ბუნებრივი რესურსების მომხმარებლები არიან, ამიტომ „მარეგულირებლის არსებობა, როგორიც გარემოს დაცვის სამინისტრო იქნებოდა, ძალიან მნიშვნელოვანია“.

მმართველი გუნდის დეპუტატების კრიტიკას არ დაეთანხმა მთავრობის საპარლამენტო მდივანი, შალვა თადუმაძე, რომელიც პლენარულ სხდომაზე მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს წარადგენდა. მისი თქმით, „გარემოს დაცვის ნაწილში არანაირი შესუსტება არ მოხდება. წარმოდგენილ კანონპროექტში არ არსებობს არც ერთი ჩანაწერი, რომელიც მიუთითებს, რომ გარემოს დაცვის რაიმე ფუნქცია ან სუსტდება ან რაიმე სახით გადაფარვა ხდება სხვა სამინისტროს მხრიდან“.

მმართველი გუნდის დეპუტატების გარდა, გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის გეგმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმაც გააკრიტიკეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის მასშტაბური რეორგანიზაციის გეგმა 13 ნოემბერს წარადგინა. ინიციატივის მიხედვით, რამდენიმე სამინისტროს შერწყმა და რეორგანიზაცია იგეგმება.

Civil.Ge © 2001-2017