ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა ბრიუსელში
Civil Georgia, Tbilisi / 6 Dec.'17 / 18:30


იენს სტოლტენბერგი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის გახსნისას სიტყვით გამოდის, 6 დეკემბერი, 2017. ფოტო: NATO

„ნატო მადლიერია ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილის, განსაკუთრებით მაღალკვალიფიციური ქალი და კაცი სამხედროების სამსახურის გამო“, განუცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს 6 დეკემბერს ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრის შემდეგ. 

კომისიის შეხვედრაზე, რომელიც ბრიუსელში ნატოს შტაბბინაში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართა, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა და ქვეყნის წინაშე უსაფრთხოების კუთხით, ასევე შავ ზღვაზე და მის გარშემო არსებული გამოწვევები იქნა განხილული. კომისიამ ასევე იმსჯელა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაზე, რაც, ნატოს გენერალური მდივნის თქმით, „აძლიერებს საქართველოს თავდაცვით ინსტიტუტებს და ეხმარება მას ალიანსის წევრობისკენ მიმავალ გზაზე“.

კომისიის სხდომის გახსნისას ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსი ინარჩუნებს ერთგულებას საქართველოს უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან ასევე მიულოცა ქვეყანას „ის პროგრესი, რომელსაც საქართველო რეფორმების კუთხით აღწევს“.

თავის გამოსვლაში იენს სტოლტენბერგმა გაიმეორა გზავნილები, რომ ალიანს კვლავ აშფოთებს ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან რუსეთის ურთიერთობების გაღრმავება და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, რომ „დაასრულოს ამ რეგიონების აღიარება და გამოიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“.

გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს „ის პროგრესი, რომელსაც საქართველო რეფორმების გზაზე აღწევს, მათ შორის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა“. „ალიანსი მზადაა საქართველოს მისთვის საჭირო რჩევები და საშუალებები მიაწოდოს, რათა ქვეყანა ნატოს საბოლოო წევრობის გზაზე წინ წავიდეს“, - დასძინა მან.

იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი „კვლავ სარგებლობს საქართველოს რჩევებით შავ ზღვასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებზე“ და რომ საქართველო და ნატო ჩართული არიან „მჭიდრო დიალოგში შავი ზღვის რეგიონზე და ზოგადად რეგიონში თანამშრომლობაზე“.

ნატოს გენერალური მდივანი ნატო-რუსეთის ურთიერთობებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიმართ მიდგომა, რომელიც „2016 წლის ვარშავის სამიტზე იქნა მიღებული - თავდაცვა და დიალოგი - ეფექტური გამოდგა“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, რომელიც კომისიის სხდომას დაესწრო, ორმხრივი შეხვედრა გამართა იენს სტოლტენბერგთან, ასევე თავის იტალიელ კოლეგასთან ანჯელინო ალფანოსთან.

ჯანელიძის თქმით, „ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ნატოს ყველა წევრი ქვეყნის მხრიდან საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესს, როგორც დემოკრატიული კონსოლიდაციის, ასევე ეკონომიკური განვითარების და სამხედრო და თავდაცვითი რეფორმების განხორციელების კუთხით“.

„ბევრი კოლეგის მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და რეფორმები, ხელს უწყობს საქართველოს წარმატებას, აახლოებს მას ნატოს-თან, საბოლოო მიზანთან და ამკვიდრებს ნატოს სტანდარტებს ჩვენს ქვეყანაში“, - დასძინა მან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა, რომელიც ასევე ესწრებოდა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას, განაცხადა შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, რომ „საქართველო ავღანათის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანაა ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი ჯარისკაცების ოდენობით; მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებებს, რომ გახდეს ნატოს წევრი. ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ ღია კარის პოლიტიკას. არც ერთ მესამე ქვეყანას არ უნდა ეხებოდეს ქვეყნის სწრაფვა ნატოს წევრობისკენ“. 

Civil.Ge © 2001-2017