უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადა
Civil Georgia, Tbilisi / 6 Dec.'17 / 12:15

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინული ოპოზიციური პარტიის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლების მიერ ძებნაში გამოცხადდა. ეს გადაწყვეტილება უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მიიღო მას შემდეგ, რაც 5 დეკემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებულმა სააკაშვილმა მხარდამჭერების დახმარებით გათავისუფლება შეძლო და მომხრეებს ვერხოვნა რადასთან შეკრებისკენ მოუწოდა. 

უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივნის, ლარისა სარგანის თანახმად,  მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით იძებნება: სსკ-ის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილი - დანაშაულის მცდელობა, 28-ე მუხლის მე-2 ნაწილი - დანაშაულის ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, 256-ე მუხლი მე-2 ნაწილი - კრიმინალური ორგანიზაციების წევრთა დახმარება და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა, ჩადენილი განმეორებით, ან თანამდებობის პირის მიერ (უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილის დაკავება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილით მოხდა)

ლარისა სარგანის ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებების გატარება უკრაინის ეროვნულ პოლიციასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაევალა. 

სააკაშვილის საქმის გარემოებებზე საუბრისას, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ 5 დეკემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა“, სერგეი კურჩენკოს და მისი ნდობით აღჭურვილი პირის, ასევე - სევერიონ დანგაძის დახმარებით, საპროტესტო აქციების მოწყობას და უკრაინაში სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდებას გეგმავდა. 

უკრაინის გენერალური პროკურატურის თანახმად, დანაშაულებრივი ჯგუფის ქმედებებში სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 1102-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდა, კერძოდ, დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობის დაფარვა; ასევე - ფინანსური საქმიანობა, ძალადობრივი გზით უკრაინაში სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით (ან ამგვარი საქმიანობის მცდელობა).

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, 4 დეკემბერს დააკავეს უკრაინის მოქალაქე სევერიონ დანგაძე, რომელიც საზღვარგარეთ გაქცევას გეგმავდა. 

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ გუშინვე გამოაქვეყნა აუდიომასალა, რომლითაც მისი თქმით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა მიერ სააკაშვილის საქმიანობის დაფინანსების ფაქტები დასტურდებოდა.

მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად ამ დრომდე რჩება ვერხოვნა რადას მახლობლად არსებულ კარვების ბანაკში. 6 დეკემბერს, დილით მან განაცხადა, რომ გენერალურ პროკურატურაში გამოცხადებას არ აპირებს, თუმცა მზად არის გამომძიებელი ბანაკში მიიღოს. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილის დაკავების მიზნით სპეციალური დანიშნულების რაზმი 6 დეკემბერს გამთენიისას ბანაკში შეიჭრა. არიან დაშავებულები. 

Civil.Ge © 2001-2017