სუს-ის უფროსი ჩატაევის საქმის ახალ დეტალებზე საუბრობს
Civil Georgia, Tbilisi / 5 Dec.'17 / 11:07

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური, 4 დეკემბერს პარლამენტის ნდობის ჯგუფს შეხვდა და თბილისში ლიკვიდირებული ტერორისტის, ახმედ ჩატაევის, საქმეზე მიმდინარე გამოძიების დეტალები გააცნო. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გომელაურმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა

სუს-ის უფროსის თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ ჩატაევის დანაშაულებრივი ჯგუფი საქართველოში ე.წ. მწვანე საზღვრის გადმოკვეთით შემოვიდა. გომალეურმა არ დააზუსტა, თუ რომელი ქვეყნის მხრიდან გადმოკვეთეს მათ საქართველოს საზღვარი. 

სუს-ის უფროსმა ასევე იმ იარაღის წარმომავლობაზეც ისაუბრა, რომელიც ჩატაევის ჯგუფს აღმოაჩნდა. მისი თქმით „ტყეშია ნაპოვნი ერთ-ერთი სამარხი, სამალავი, საიდანაც ეს იარაღი იქნა ამოღებული“. მისივე განცხადებით, მიმდინარეობს ექსპერტიზა იმის დასადგენად, ემთხვევა თუ არა სამალავიდან აღებული მიწის ნიმუშები იარაღზე არსებული მიწის ნიმუშებს. 

სუს-ის უფროსმა გამოძიების ფარგლებში ამერიკული მხარის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზეც ისაუბრა. 

„FBI გვეხმარება ძალიან. ასევე ამ იარაღების სამალავის აღმოჩენაში დიდი წვლილი შეიტანეს მათ, ინფორმაციის მოწოდებით. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდა სამალავების ერთობლივად დამუშავება. ასევე ერთობლივად ვმუშაობთ საზღვრის კვეთებზეც და იმედი მაქვს, რომ ესეც დადგინდება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. 

სუს-ის უფროსმა კომენტარი დანაშაულებრივი ჯგუფის შესაძლო მიზნებზეც გააკეთა.

გომელაურის განცხადებით, გამოძიება ორი მიმართულებით მიმდინარეობს, თუმცა ჯერ გამოკვეთილი არ არის „საქართველოზე მუშაობდნენ, თუ სხვა მიმართულებაზე მუშაობდნენ; ტერაქტის მოსაწყობად იყვნენ ჩამოსულები“, თუ სხვა მიზანი ჰქონდათ.   

ჩეჩნური წარმომავლობის რუსეთის მოქალაქემ, ISIS-ის წევრმა, ახმედ ჩატაევმა თბილისში 21-22 ნოემბერს ჩატარებული ანტი-ტერორისტული ოპერაციის დროს თავი აიფეთქა. მასთან ერთად, ლიკვიდირებულია კიდევ ორი პირი, რომელთა იდენტიფიკაციაც ამ დრომდე მიმდინარეობს. 

სპეცოპერაციის ფარგლებში, სამართალდამცავებმა, ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

Civil.Ge © 2001-2017