საქართველოს შვეიცარიის პრეზიდენტი ეწვია
Civil Georgia, Tbilisi / 4 Dec.'17 / 15:37


დორის ლოიტჰარდი და გიორგი მარგველაშვილი, 4 დეკემბერი, 2017. ფოტო: president.gov.ge

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, დღეს პირისპირ შეხვედრა და გაფართოებული მოლაპარაკებები გამართა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან, დორის ლოიტჰარდთან, რომელიც 3-4 დეკემბერს თბილისს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, პირისპირ შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერებმა - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, ასევე  „რუსეთის ანექსიური, აგრესიული, პროვოკაციული ქმედებები“ განიხილეს. გაფართოებულ მოლაპარაკებებზე კი, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის ათვისების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. 

„გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა შვეიცარიის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, და მადლობა გადაუხადა დორის ლოიტჰარდს შვეიცარიის მიერ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში შესრულებული უმნიშვნელოვანესი მისიისათვის - შუამავლის როლისა და საქართველოს ინტერესების მხარდაჭერისათვის“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესრელიზში.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეუწყოს ხელი ქართულ- რუსულ ურთიერთობებში განმუხტვის პოლიტიკას და დიალოგს. 

ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრისას, დორის ლოიტჰარდმა ყურადღება გაამახვილა სამთო ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან საქართველოსა და შვეიცარიას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამოქმედდება. დორის ლოიტჰარდმა რეგიონული ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სამხრეთ კავკასიასთან თანამშრომლობის 2017-2020 წლების სტრატეგიაზე, რომელიც რეგიონის ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და უსაფრთხოების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

პრეზიდენტ მარგველაშვილის გარდა, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი დორის ლოიტჰარდმა მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართა. ის ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, შეხვდება.

Civil.Ge © 2001-2017