პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია
Civil Georgia, Tbilisi / 30 Nov.'17 / 18:38


ნინო ლომჯარია, ქუთაისი, 29 ნოემბერი, 2017. ფოტო: parliament.ge

საქართველოს პარლამენტმა, 96 ხმით ხუთის წინააღმდეგ, სახალხო დამცველის თანამდებობაზე, აუდიტის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ნინო ლომჯარია აირჩია

ლომჯარია, რომლის კანდიდატურაც საპარლამენტო უმრავლესობამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად წარადგინა, ომბუდსმენის თანამდებობაზე ხუთი წლის ვადით იმუშავებს. მას მხარს 13 არასამთავრობო ორგანიზაცია უჭერდა.

საპარლამენტო ოპოზიციიდან, ლომჯარიას სახალხო დამცველად არჩევას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიემხრო. ევროპულმა საქართველომ კი კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ „სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევისას საპარლამენტო უმრავლესობამ პროცესი წარმართა კულუარულად“.

ომბუდსმენის თანამდებობაზე სულ ორი კანდიდატურა განიხილებოდა. 29 ნოემბერს პარლამენტის წევრებმა ნინო ლომჯარიას მოუსმინეს. მომდევნო დღეს კი, განიხილეს პატრიოტთა ალიანსის მიერ წარდგენილი, ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძის კანდიდატურაც, თუმცა ამ უკანასკნელმა მხოლოდ 20 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა. 27 პარლამენტარმა ხმა მის წინააღმდეგ მისცა. 

დეპუტატების წინაშე გამოსვლისას, ნინო ლომჯარიამ მმართველ გუნდს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ ომბუდსმენის კანდიდატურა არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის გზით შეირჩა და აღნიშნა, რომ გრძნობს პასუხისმგებლობას იმ მხარდაჭერისთვის, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების ნაწილისგან მიიღო.

„სახალხო დამცველი უნდა იყოს იმ საზოგადოებრივი ჯგუფების ხმა, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა და რომელთა ხმაც დღეს, სხვადასხვა გარემოების გამო, ნაკლებად ისმის“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ 29 ნოემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას. მისივე თქმით, ომბუდსმენის თანამდებობაზე მუშაობისას, ის განსაკუთრებულ ყურადღებას სოციალურად დაუცველების, ხანდაზმულების, უსახლკაროების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ქალებისა და ბავშვების, ასევე - ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების საჭიროებებზე გაამახვილებს.

ახალი ომბუდსმენის არჩევას უკვე გამოეხმაურნენ ქვეყნის ლიდერები. 

„ვულოცავ ქალბატონ ნინო ლომჯარიას ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას. გვაქვს დიდი იმედი ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობისა პარლამენტსა და სახალხო დამცველს შორის“, - განაცხადა ახალი ომბუდსმენის არჩევის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

ლომჯარიას სახალხო დამცველად არჩევა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმაც მიულოცა. „ქვეყანაში, რომელშიც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიმართულებით ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევაა, სახალხო დამცველი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტია“, - აღნიშნა ფეისბუქზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მარგველაშვილმა და ახალ ომბუდსმენს წარმატება უსურვა. 

ნინო ლომჯარია 2016 წლის 4 ნოემბრიდან, 11 თვის განმავლობაში, გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი არასამთავრობო ორგანიზაციას - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა. 

მოქმედ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს, უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება. ნინო ლომჯარია ომბუდსმენის პოსტზე მუშაობას 8 დეკემბერიდან შეუდგება.

Civil.Ge © 2001-2017