საქართველოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ვიზიტი ვაშინგტონში დასრულდა
Civil Georgia, Tbilisi / 30 Nov.'17 / 17:38


რელიგიათაშორისი ჯგუფი საქართველოდან აშშ-ს სტუმრობდა, ვაშინგტონი, 27 ნოემბერი, 2017. ფოტო: განვითარების და დემოკრატიის ცენტრი

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის, მუსლიმთა თემის, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიის და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმოამდგენლებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ხუთდღიანი შემსწავლელი ვიზიტი დაასრულეს.  

ვიზიტი, რომელიც თბილისში ბრიტანეთის საელჩომ დააფინანსა და რომლის ორგანიზატორიც, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან ერთად, განვითარების და დემოკრატიის ცენტრი იყო, 24-29 ნოემბერს გაიმართა.  

დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაში 16 მაღალი იერარქიის სასულიერო პირი შედიოდა, ვაშინგტონში რიგი შეხვედრები გამართა საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, მათ შორის, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან სახალხო დიპლომატიის საკითხებში, შერონ ჰადსონ დინთან, და ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის პრეზიდენტთან, კარლ გერშმანთან.

28 ნოემბერს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ინტერ-რელიგიურ კონფერენციაში თემაზე „რელიგიის როლი დემოკრატიაში და ანტიდასავლური პროპაგანდა“. კონფერენციის ორგანიზატორი იყო ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის (NED).

ეს უკვე განვითარების და დემოკრატიის ცენტრის მიერ ორგანიზებული მესამე შემსწავლელი ვიზიტია. ორივე წინა ვიზიტი ბრიუსელში გაიმართა - 2016 წლის 7-11 ნოემბერს და 2017 წლის 21-25 თებერვალს. თუმცა, მაშინ დელეგაციაში მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები შედიოდნენ.

 

Civil.Ge © 2001-2017