PACE-ს თანამომხსენებლები საქართველოს კონტროლისა და ბალანსის სისტემის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ
Civil Georgia, Tbilisi / 30 Nov.'17 / 15:16

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა საქართველოს პარლამენტს „დამატებითი ზომების მიღებისკენ“ მოუწოდეს, რათა გაუმჯობესდეს ხელისუფლების განშტოებებს შორის კონტროლისა და ბალანსის სისტემა და „კიდევ უფრო გაძლიერდეს ოპოზიცია ქვეყნის მართვის თვალსაზრისით“.

კერსტინ ლანდგრენი და ტიტუს კორლეციანი, რომლებიც 20-22 ნოემბერს ფაქტების შემსწავლელი მისიით ეწვივნენ საქართველოს, მიესალმნენ „კონსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესებას“ ცოტა ხნის წინ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების კონტექსში, თუმცა სინანული გამოთქვეს მთლიანად პროპორციული სისტემის დანერგვის გადავადების გამო, ნათქვამია PACE-ს მიერ 28 ნოემბერს გავრცელებულ პრესრელიზში. 

„კონტროლისა და ბალანსის სისტემის გაძლიერების საჭიროების კონტექსტში, ცალსახად მოვუწოდებთ ხელისუფლებას უზრუნველყოს სათანადო საპარლამენტო ზედამხედველობა და კონტროლი ეროვნული უსაფრთხოების სამსახურებზე,“ განაცხადეს თანამომხსენებლებმა და დასძინეს, რომ „ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც, გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მართვაში სულ უფრო იზრდება უსაფრთხოების სამსახურების როლი, როგორც ეს ნათლად ჩანს საგარეო დაზვერვის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების დაგეგმილი გაერთიანებით“.

თანამომხსენებლებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს შეშფოთება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, გატაცების გამო და დასძინეს, რომ მათ განსაკუთრებით აშფოთებთ საქართველოში სხვა ეთნიკური აზერბაიჯანელების და თავშესაფრის მაძიებელთა დევნის შესახებ ინფორმაცია იმ პირების მხრიდან, რომლებიც სავარაუდოდ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან არიან კავშირში.

კერსტინ ლანდგრენი და ტიტუს კორლეციანი ასევე შეეხნენ დემირელის სახელობის კოლეჯის მმართველის, თურქეთის მოქალაქის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის, სასამართლო საქმეს. მათ განაცხადეს, რომ „ცნობად მიიღეს“ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ძალაში დატოვა  ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი თქმის თაობაზე. თანამომხსენებლების თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება თავშესაფრის მოთხოვნებთან ან შესაძლო ექსტრადიციასთან დაკავშირებით მხოლოდ ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა სამართალს უნდა ეფუძნებოდეს.

საქართველოში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში თანამომხსენებლები შეხვდნენ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს, და სხვა ოფიციალურ პირებს. მათ ასევე გამართეს შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან და მისიის პატრულთან ერთად სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მდებარე სოფლები მოინახულეს.

Civil.Ge © 2001-2017