სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს სტუმრობს
Civil Georgia, Tbilisi / 28 Nov.'17 / 15:34

სლოვენიის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ერიავეცი დღეს თავის ქართველ კოლეგას, მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა და პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ერიავეცს თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს და სლოვენიას შორის ორმხრივი ურთიერთობები „მზარდია ყველა მიმართულებით“.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ ბატონ ერიავიცთან ერთად საქართველოში იმყოფება ბიზნესდელეგაცია სლოვენიიდან, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს და გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს და ახალ შესაძლებლობებს წარმოშობს ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებში“, - განაცხადა ჯანელიძემ.  

ჯანელიძის თქმით, თბილისი მიესალმება სლოვენიის პოლიტიკურ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, ასევე მის მხარდაჭერას მრავალმხრივ ფორმატებში.

„საქართველო ევროკავშირის მთავარი პარტნიორია რეგიონში, და ასევე ნატოს ახლო, სანდო პარტნიორი. მან შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების კუთხით“, - განაცხადა ერიავეცმა.

მანამდე სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვიდა აბრეშუმის გზის ფორუმზე, სადაც განაცხადა, რომ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვაჭრობისთვის“. „მივესალმები ინიციატივას, რომ განახლდეს სახმელეთო დერეფნები და საზღვაო კავშირი. კოპერის პორტი ცენტრალურ ევროპას ზღვაზე უმარტივეს გასასვლელს სთავაზობს“, - განაცხადა მან.

27-28 ნოემბერს განხორციელებული პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს.

Civil.Ge © 2001-2017