აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაცია საქართველოს შესახებ
Civil Georgia, Tbilisi / 25 Nov.'17 / 18:50

აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე სამიტის დეკლარაცია, რომელიც 24 ნოემბერს ბრიუსელის სამიტის დასრულების შემდეგ მიიღეს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის, როგორც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განსაკუთრებული განზომილების „დიდ მნიშვნელობას“ და აღიარებს ასოცირებული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს „ევროპულ მისწრაფებებს და ევროპულ არჩევანს“.

ევროკავშირის, 28 წევრი სახელმწიფოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის ლიდერთა შეხვედრაზე მიღებული ერთობლივი დეკლარაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მზადყოფნას, რომ მხარი დაუჭიროს პარტნიორების ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს და მოუწოდებს, რომ „განახლდეს ძალისხმევა რეგიონში მოუგვარებელი კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის ხელშეწყობისთვის“ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

„სამიტის მონაწილეები მიესალმებიან აღმოსავლეთ პარტნიორობის მიერ დღემდე მიღწეულ წარმატებას და ძლიერ დიფერენციაციას ევროკავშირსა და თითოეულ პარტნიორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებში. თანამშრომლობის მასშტაბი და სიღრმე განისაზღვრება ევროკავშირის და პარტნიორების ამბიციებითა და საჭიროებებით, ასევე რეფორმების ტემპითა და ხარისხით“, - ნათქვამია დოკუმენტში.

დეკლარაცია ასევე მიესალმა დოკუმენტს „20 შედეგი 2020 წლისთვის“, რომელშიც განსაზღვრულია 2020 წლისთვის მისაღწევი 20 შედეგი ოთხ პრიორიტეტულ სფეროში. დოკუმენტი, რომელიც პირველად 2016 წლის დეკემბერში წარადგინეს, ხოლო 2017 წლის ივნისში მასში ცვლილებები შევიდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კონტრიბუციის შედეგად, დეკლარაციას დანართის სახით აქვს მიმაგრებული.

სამიტის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ დეკლარაცია „კომპრომისული“ დოკუმენტია. „ვამჯობინებდი, რომ დეკლარაციის ტექსტი უფრო ამბიციური ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ყველამ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ერთობის დემონსტრირება ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა“, - აღნიშნა მან.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც ასევე დაესწრო სამიტს, განაცხადა 24 ნოემბერს, რომ „საქართველოს წარმატებაზე არის სრული თანხვედრა და სრული კონსენსუსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ“.

„რა განწყობაც არ უნდა იყოს ევროპაში და სხვადასხვა ქვეყნებში, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ძალიან ამბიციური რეფორმების გეგმას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ „ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე იმისათვის, რომ როდესაც გაიხსნება შესაძლებლობების ფანჯარა საქართველოსთვის, ამ მომენტისთვის საქართველო მზად იყოს“.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ კვირიკაშვილის მსგავსად განაცხადა, რომ საქართველო სამიტზე წარსდგა, როგორც „წარმატებული და სამაგალითო ქვეყანა, რომლის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს მხარს უჭერს როგორც ევროკავშირი, ისე ევროკავშირის წევრი ქვეყნები“. მან ასევე აღნიშნა, რომ „ვაპირებთ უფრო მეტის გაკეთებას, ვიდრე ასოცირების შეთანხმება მოითხოვს ჩვენგან იმისათვის, რომ ჩვენ ვიყოთ მზად პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის და ქვეყანა იყოს ევროპული ტრანსფორმაციის მოწინავე და ამით შევძლოთ ჩვენ ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველყოფა“.

აღმოსავლეთ პარტნიორობა 2009 წელს ჩამოყალიბდა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის ექვს პარტნიორ ქვეყანას (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) შორის პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით.

Civil.Ge © 2001-2017