ანტი-ტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დაკავებულ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
Civil Georgia, Tbilisi / 24 Nov.'17 / 18:10

21-22 ნოემბერს თბილისში ჩატარებული ანტი-ტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დაკავებულ პირს დღეს საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარის მოთხოვნით, სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა. ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა დაკავებული პირის ვინაობაც არ გაასაჯაროვეს.

როგორც სასამართლო სხდომამდე პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა ცნობილი, დაკავებულ პირს - ს.დ.-ს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, ტერორისტული მიზნით და 328-ე მუხლით უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებას, რაც 10-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარის თანახმად, „გამოძიებით დადგინდა, რომ ს.დ., სამ თანამზრახველთან ერთად თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დაბინავდა, სადაც ის და მისი თანამზრახველები მართლსაწინააღმდეგოდ, ტერორისტული მიზნით შეძენილ დიდი რაოდენობით ფეთქებად ნივთიერებებს, საბრძოლო მასალას, ასაფეთქებელ მოწყობილობებს და ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდნენ“.

პროკურატურის ინფორმაციით, 21 ნოემბერს ამ პიროვნების დაკავების შემდგომ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მყოფმა სამმა ტერორისტმა უარი განაცხადა სამართალდამცველთა მოთხოვნაზე - ბინის კარის გახსნასა და იარაღის ჩაბარებაზე.

„მათ ააფეთქეს ხელყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღებიდან სამართალდამცველების მიმართ გახსნეს ინტენსიური ცეცხლი, რა დროსაც ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის ხუთმა წევრმა, ხოლო ერთი მათგანი მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა“, - ნათქვამია განცხადებაში.

დაკავებულის ადვოკატმა, იმედა ქარქაშაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს და რომ მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. „იგი დუმილის უფლებას იყენებს ამ ეტაპზე... მისივე განცხადებით, არანაირი შეხება არა აქვს ტერორისტულ ორგანიზაციასთან“, - უთხრა ჟურნალისტებს ადვოკატმა. 

ადვოკატმა, ბრალდებულის „თხოვნის საფუძველზე“, მისი ვინაობა არ დააზუსტა. ქარქაშაძემ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ დაკავებული ს.დ. რუსეთის მოქალაქეა. ქარქაშაძის თქმით, ს.დ.-ისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.
 
ანტი-ტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 16 იანვარს ჩაინიშნა.

საქმეზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის მესამე ნაწილით (ჯგუფურად ჩადენილი ტერორისტული აქტი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ვამოიწვია), 323-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ან გამოყენება ) და 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება).

Civil.Ge © 2001-2017