მარგველაშვილი ანტი-ტერორისტული ოპერაციის შესახებ
Civil Georgia, Tbilisi / 24 Nov.'17 / 16:34

21-22 ნოემბერს თბილისში ჩატარებული ანტი-ტერორისტული ოპერაციის შესახებ საუბრისას, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ „ყველა ასეთი შემთხვევის შემდეგ, ჯანმრთელია პოლიტიკური სისტემა, რომელიც შესაბამის დასკვნებს აკეთებს“.

პრეზიდენტმა საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ მიუბრუნდა ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმების საკითხს.

„ჩვენ ვხედავთ ვითარებას, რომ ის რაღაც მიამიტური განცდა, რომ საქართველო არსებობს იმ რეალობაში, როდესაც არ არსებობს გლობალური რისკის მატარებელი საშიშროებები, არ არსებობს საშიშროება, რომ რომელიღაც კრიზისი გადაიზარდოს ბევრად უფრო რთულ ვითარებაში, რომ საქართველოს არ სჭირდება კოორდინირებული პოლიტიკური მოქმედება... არ არის საჭირო უშიშროების საბჭო და სხვა მსგავსი ინსტიტუტები, რომელიც კონტროლს გაუწევდა რთულ ვითარებას და დააზღვევდა იმ რისკს, რომელიც ყოველთვის არის ასეთ ვითარებაში, რომ კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემაში არ გადაიზარდოს ასეთი შემთხვევები, ალბათ ამ მიამიტურ განცდებს, რომელსაც არ ვიცი რა საფუძველი გააჩნია, ძალიან ნათელი პასუხი გაეცა“, - განაცხადა პრეზიდენტმა. 

ჩატარებული ანტი-ტერორისტული ოპერაციის შესახებ 22 ნოემბერს განცხადება ეროვნული უშიშროების საბჭომაც გაავრცელა. განცხადების თანახმად, საბჭო შეიწავლის და გააანალიზებს მომხდარს, როგორც „უსაფრთხოების სისტემის  კრიზისების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტურობის, ასევე ქვეყნისა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე ზეგავლენის კუთხით“.

ეროვნული უშიშროების საბჭო 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაუქმდება, როგორც ამას 2017 წლის 13 ოქტომბერს მიღებული ახალი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

 

Civil.Ge © 2001-2017