პრემიერ-მინისტრი თბილისში ჩატარებული ანტი-ტერორისტული ოპერაციის შედეგებს აფასებს
Civil Georgia, Tbilisi / 23 Nov.'17 / 12:15

პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა დაჭრილი სპეცრაზმელი მოინახულა, 22 ნოემბერი, 2017. ფოტო: gov.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, 22 ნოემბერს კომენტარი გააკეთა თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ჩატარებული მრავალსაათიანი ანტი-ტერორისტული ოპერაციის შესახებ, რომლის დროსაც სუს-ის და შსს-ის დანაყოფებმა დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი გაანადგურეს, ხოლო ერთი - დააკავეს. 
კვირიკაშვილმა მედიისთვის განცხადება ანტი-ტერორისტულ ოპერაციის დროს დაჭრილი სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების მონახულების შემდეგ გააკეთა. მან მწუხარება გამოთქვა სუს-ის ერთი თანამშრომლის დაღუპვის გამო, გამოჯანმრთელება უსურვა დაჭრილებს და მადლობა გადაუხადა სპეცოპერაციაში მონაწილე პირებს. 
„ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და არანაირი საფუძველი იმისა, რომ რაიმე შიში არსებობდეს უსაფრთხოებასთან მიმართებაში, არ არსებობს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. „ჩვენმა გმირმა ბიჭებმა შეძლეს ის, რომ გაანეიტრალეს ის საფრთხე, რომელიც შეიძლებოდა ძალიან ცუდი შედეგით დასრულებულიყო“, - დასძინა მან.
კვირიკაშვილმა კომენტარი გააკეთა საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ კრიტიკაზეც, რომელიც სპეცოპერაციის ჩატარების ადგილს, მის ხანგრძლივობას, ასევე ოფიციალური ინფორმაციის სიმწირეს, მათ შორის, ბოროტმოქმედების ვინაობისა და მოქალაქეობის გაუმჟღავნელობას ეხებოდა. 
კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ „მთავარი პრიორიტეტი იყო მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა და ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ამ მიმართულებით მსხვერპლი არ ყოფილიყო“. მისივე თქმით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები „დღეს არ იყვნენ აღმოჩენილები. არსებობდა წინასწარი ინფორმაციები და მათი აღმოჩენა არის ამ წინასწარი მუშაობის შედეგი“. 
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებზე საუბრისას, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან, ჩვენ არავითარ შემთხვევაში მათ ეროვნებას და მოქალაქეობას, მოქალაქეობრივ კუთვნილებას არ უნდა გავუსვათ ხაზი“. 
„ფაქტია, რომ მათ მშვიდობიან მოწოდებაზე - ჩაბარებოდნენ პოლიციას, უპასუხეს სროლით, და ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, რომ ყველანაირი ეჭვი, რომ შეიძლებოდა გაცილებით უარესი შედეგი ყოფილიყო, არის აბსოლუტურად დასაბუთებული და სპეცრაზმმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იმოქმედა აბსოლუტურად ლეგიტიმურად და სწორად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სპეცოპერაციის შესახებ მედიისთვის კომენტარი პრემიერთან ერთად მყოფმა სუს-ის უფროსმაც, ვახტაგ გომელაურმაც გააკეთა.
გომელაურმა სპეცოპრაციისას ლიკვიდირებულ და დაკავებულ პირებს „სერიოზული ჯგუფი“ უწოდა და აღნიშნა, რომ არსებობდა მათ მიერ მოსახლეობის მძევლად აყვანის საფრთხე. 
სუს-ის უფროსმა, „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა ვინაობა არ დააზუსტა. კითხვაზე კი, იყვნენ თუ არა ისინი ტერორისტები, უპასუხა, რომ  „მათ ტერორისტული აქტი ჩაიდინეს საქართველოში, თითქმის 18-საათიან ბრძოლას აწარმოებდნენ ძალოვან სტრუქტურებთან“.

23 ნოემბერს, სპეცოპერაციის შესახებ მედიისთვის კომენტარი შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამაც გააკეთა. მან საზოგადოებას გამოძიების შედეგების დალოდებისკენ მოუწოდა, თუმცა დასძინა, რომ ყველას კარგად გვესმის, რომ საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან.
თბილისში ჩატარებული მრავალსაათიანი სპეცოპერაცია 22 ნოემბერს 18:00 საათისთვის დასრულდა. სპეცოპერაციის შედეგად, სუს-ის ერთი თანამშრომელი დაიღუპა, ოთხი სამართალდამცველი კი - დაიჭრა.

Civil.Ge © 2001-2017