ევროკავშირმა და საქართველომ განახლებული ასოცირების დღის წესრიგი დაამტკიცეს
Civil Georgia, Tbilisi / 21 Nov.'17 / 17:28

ევროკავშირმა და საქართველომ 2017–2020 წლების განახლებული ასოცირების დღის წესრიგი დაამტკიცეს, განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში 21 ნოემბერს.

ახალი დოკუმენტი 2014–2016 წლების ასოცირების დღის წესრიგის გათვალისწინებით შემუშავდა და მასში მოცემულია მხარეებს შორის შეთანხმებული ის პრიორიტეტები,  რომლებიც  ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი  თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) შემდგომი განხორციელების პროცესში უნდა შესრულდეს.

„განახლებულ დღის წესრიგში შენარჩუნებული იქნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მისაღწევად შემუშავებული პრაქტიკული ჩარჩო; დღის წესრიგით განსაზღვრულია ასევე მომდევნო წლების  რეფორმების ფართომასშტაბიანი პროგრამა“, - აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლობა. 

„დოკუმენტში განხილულია საკითხების ფართო სპექტრი, კერძოდ,  დემოკრატიული ინტიტუტების განმტკიცება, კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებულობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, ასევე, საგარეო და  უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება. დღის წესრიგში შეტანილია, ასევე,  ეკონომიკური და სავაჭრო საკითხები, მათ შორის სპეციალური თავი ღრმა და ყოვლისმომცველი  თავისუფალი ვაჭრობის სივრცის  შესახებ და ისეთ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, დასაქმება და სოციალური პოლიტიკა“, - ნათქვამია განცხადებაში.   

„ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას სხვადასხვა გზით, კერძოდ, ფინანსური დახმარებით, ტექნიკური ექსპერტებითა და რჩევებით, ასევე, ინფორმაციის გაცვლითა და შესაძლებლობების გაზრდით“, - აღნიშნა ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში.

წინა ასოცირების დღის წესრიგი საქართველომ და ევროკავშირმა 2014 წლის 26 ივნისს, ბრიუსელში ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის წინა დღეს მიიღეს.

Civil.Ge © 2001-2017