აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთვის ჯაველინის სარაკეტო სისტემის მიყიდვაზე თანხმდება
Civil Georgia, Tbilisi / 21 Nov.'17 / 14:22


სწავლება ჯავშანსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა „ჯაველინის“ გამოყენებით, პოჰაკულოას საწვრთნელი ბაზა, ჰავაი. ფოტო: აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის 75 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჯავშანსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა „ჯაველინის“ შესაძლო მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამია უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის სააგენტოს (DSCA) მიერ 20 ნოემბერს გავრცელებულ პრესრელიზში.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სტრუქტურაში შემავალმა სააგენტომ დააკონკრეტა, რომ საქართველო 410 თვითდამიზნებად მართვად რაკეტას და 72 მრავალჯერადი გამოყენების სამეთაურო-გამშვებ ბლოკს, ასევე ლოჯისტიკისა და პროგრამული მხარდაჭერის ელემენტებს შეიძენს.

ამერიკული ჯავშანსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი „ჯაველინი“, რომელსაც მისი მწარმოებელი Raytheon/Lockheed Martin Javelin Joint Venture მსოფლიოს ყველაზე მძლავრ გადასატან ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემად მოიხსენიებს, ფართოდ გამოიყენება აშშ-ის არმიის და საზღვაო ქვეითების მიერ.

უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის სააგენტოს ინფორმაციით, დაგეგმილი მიყიდვა „ხელს შეუწყობს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას და ეროვნულ უსაფრთხოებას საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესების გზით“. ამავე ინფორმაციით, „ჯაველინის სისტემა გაზრდის საქართველოს შესაძლებლობებს, რათა მან საკუთარი ეროვნული თავდაცვის მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს“.

სააგენტომ ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილი მიყიდვა „არ შეცვლის ძირითად სამხედრო ბალანსს რეგიონში“ და „აშშ-ის თავდაცვით მზადყოფნაზე რაიმე უარყოფით გავლენას არ მოახდენს“.

სააგენტომ ასევე განმარტა, რომ მან 2017 წლის 17 ნოემბერს აცნობა აშშ-ის კონგრესს შესაძლო მიყიდვის თაობაზე. „შეტყობინებას შესაძლო მიყიდვის თაობაზე კანონი ითხოვს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ გარიგება უკვე შედგა“, - დასძინა სააგენტომ.

ამ განცხადებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აშშ-ს სტუმრობდა, სადაც აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს შეხვდა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის ახალი პროგრამა განიხილა.

Civil.Ge © 2001-2017