საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მინსკში პრეზიდენტ ლუკაშენკოს შეხვდა
Civil Georgia, Tbilisi / 20 Nov.'17 / 15:53


ალექსანდრე ლუკაშენკო და ირაკლი კობახიძე, მინსკი, 20 ნოემბერი, 2017. ფოტო: parliament.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ბელარუსს სტუმრობს, უკვე შეხვდა პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს და ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარეს, მიხაილ მიასნიკოვიჩს.

შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარეებმა რიგი ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის შემდგომი თანამშრომლობის საჭიროებას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურმა.

პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომელიც ასევე შეხვდა კობახიძეს 20 ნოემბერს, განაცხადა, რომ ბელარუსი საქართველოს „მადლიერია“.  „მიუხედავად ორიენტირებში არსებული განსხვავებებისა, ჩვენ აბსოლუტურად ძმური ურთიერთობები გვაქვს ერთმანეთთან... ვიცი, რად უღირს ეს საქართველოს, მაგრამ თქვენ ყოველთვის პატიოსნად და გულწრფელად უჭერდით მხარს ბელარუსს“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

„ის, რომ დასავლეთთან, ამერიკასთან ურთიერთობები გავაუმჯობესეთ, ეს დიდწილად საქართველოს დამსახურებაა და ამისთვის ძალიან მადლიერები ვართ“, - დასძინა მან.

პრეზიდენტმა ლუკაშენკომ იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 200 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს, რომლის ნახევრის მიღწევაც, მისი თქმით, უკვე წელსაა შესაძლებელი.

ლუკაშენკო საქართველოში დაგეგმილ ვიზიტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ის თბილისში 2018 წლის პირველ ნახევარში ჩამოვა.

მინსკში ირაკლი კობახიძე ასევე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ანდრეი კობიაკოვს, საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადიმირ მაკეის და პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერს, ვლადიმირ ანდრეიჩენკოს.

„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ ბელარუსთან 2016 წელს 76.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; ექსპორტის მოცულობა 18.3 მილიონი აშშ დოლარი (20.4 მლნ აშშ დოლარი 2015 წელს), ხოლო იმპორტის მოცულობა 57.9 მილიონი აშშ დოლარი (20.7 მლნ აშშ დოლარი 2015 წელს) იყო.

Civil.Ge © 2001-2017