პრაღაში აბაშიძის და კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა
Civil Georgia, Tbilisi / 17 Nov.'17 / 16:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე 16 ნოემბერს პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს შეხვდა, ორ ქვეყანას შორის 2012 წლის ბოლოს დაწყებული არაფორმალური პირდაპირი დიალოგის ფარგლებში.

შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორ ქვეყანას შორის მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა ვაჭრობის, ტრანსპორტის და ჰუმანიტარული კონტაქტების საკითხებში.

იმავდროულად, რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველო-ნატოს ურთიერთობები გააკრიტიკა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი, რომ თბილისის მიერ კავშირების გაფართოებას ნატოსთან, ასევე საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლების არამეგობრული რიტორიკა საერთაშორისო არენაზე, ეწინააღმდეგება სავაჭრო, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული კავშირების გაძლიერების ტენდენციას, და ამ ურთიერთხელსაყრელი პროცესის ჩაშლის საფრთხეს შეიცავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში გამართონ შეხვედრა ქართველ და რუს ექსპერტებს შორის, შვეიცარული მხარის მონაწილეობით, რათა „განხორციელდეს მოსამზადებელი სამუშაოები და შემდეგ ხელი მოეწეროს შესაბამის კონტრაქტებს“ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე 2011 წელს შვეიცარიის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების განხორციელების დასაწყებად.

ზურაბ აბაშიძემ განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღის წესრიგი არ ითვალისწინებდა, „ყოველთვის ვამახვილებთ ყურადღებას იმ ვითარებაზე, რომელიც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამ რეგიონების მილიტარიზაციაზე, ამ რეგიონებში ადამიანების უფლებების უხეშ დარღვევაზე, საერთაშორისო სამართლის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის უხეშ ხელყოფაზე და ხაზი გაესვა ჩვენს დამოკიდებულებას იმ დესტრუქციული პროცესების მიმართ, რომლებიც ამ რეგიონში მიმდინარეობს“.

Civil.Ge © 2001-2017