არასამთავრობოები პარტიების დაფინანსების წესში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა მიერ ინიცირებულ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან
Civil Georgia, Tbilisi / 17 Nov.'17 / 15:37

სამი არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - პარტიების დაფინანსების წესში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების, გია ჟორჟოლიანის და სიმონ ნოზაძის, მიერ ინიცირებულ ცვლილებებს ეწინააღმდეგება. 

კანონპროექტის ავტორები გამოდიან წინადადებით, რომ საბიუჯეტო დაფინანსება არა მხოლოდ იმ პარტიებმა მიიღონ, რომლებიც პროპორციულ არჩევნებში 3%-ს ან მეტს დააგროვებენ, არამედ - იმ პარტიებმაც, რომლებიც პროპორციულ არჩევნებში ხმების საკმარის რაოდენობას ვერ მიიღებენ, მაგრამ პარლამენტში თავიანთ წარმომადგენლებს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით გაიყვანენ და მათგან ფრაქციას ჩამოაყალიბებენ.

16 ნოემბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ „ფრაქციის შექმნისთვის სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება გაუმართლებელია“,  საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა საკანონმდებლო ინიციატივა კი - „საფუძველშივე მცდარი“.

„სახელმწიფო დაფინანსების მიზანი მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი მხარდაჭერის მქონე პარტიების საქმიანობის ხელშეწყობაა. შესაბამისად, მხოლოდ საპარლამენტო ფრაქციის შექმნისთვის, რომლის ოპერაციული ხარჯები ისედაც ფინანსდება პარლამენტის ბიუჯეტიდან, ამ სახის სარგებლის მიღება არ არის მიზანშეწონილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები, წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივასთან ერთად, პარტიების დაფინანსების მოქმედ წესსაც აკრიტიკებენ და მისი შეცვლის საჭიროებაზე მიუთითებენ. მათი თქმით, „სახელმწიფო დაფინანსების გამოთვლის მოქმედი ფორმულის ბუნდოვანი ბუნება ნათლად გამოჩნდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას, რა დროსაც პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველომ” მიიღო 300 000 ლარი სახელმწიფო დაფინანსება ფრაქციის შექმნისთვის, მაშინ როდესაც ვერ გადალახა საჭირო 3%-იანი ბარიერი, დააგროვა ამომრჩეველთა ხმების 0.78% და პარლამენტში გაიყვანა მხოლოდ ერთი მაჟორიტარი დეპუტატი“.

არასამთავრობო ორგანიზაციები გამოთქვამენ იმედს, რომ პარლამენტი გაითვალისწინებს მათ არგუმენტაციას, მხარს არ დაუჭერს წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას და „შექმნის სადისკუსიო სივრცეს პარტიების დაფინანსების არსებული წესის გასაუმჯობესებლად“.

პარლამენტში ჟორჟოლიანის და ნოზაძის მიერ ოქტომბრის ბოლოს ინიცირებული კანონპროექტის განხილვა ჯერ არ გამართულა. იმისათვის, რომ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე გავიდეს, ის ჯერ იურიდიულ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებმა უნდა მოიწონონ.

Civil.Ge © 2001-2017