შინაგან საქმეთა მინისტრის სამი მოადგილე დაინიშნა
Civil Georgia, Tbilisi / 17 Nov.'17 / 13:28

შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ მოადგილეები დანიშნა.

მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე გახდა, რომელიც ბოლო დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

მინისტრის კიდევ ერთ მოადგილედ ნინო ჯავახაძე დაინიშნა, რომელსაც 2016 წლის ნოემბრიდან ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნინო ჯავახაძე სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობების, რეფორმებისა და განვითარების, სტრატეგიული კომუნიკაციების, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებებს და შსს-ს აკადემიას უხელმძღვანელებს.

მინისტრის მოადგილის თანამდებობა შეინარჩუნა მერაბ მალანიამ, რომელიც ამ პოსტზე 2016 წლიდან მუშაობს. იგი სამინისტროში განსაკუთრებულ დავალებათა, ობიექტების დაცვის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის და მიგრაციის დეპარტამენტებს, ასევე - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კურირებს.

Civil.Ge © 2001-2017