პუტინი მოსკოვში სამხრეთ ოსეთის ლიდერს შეხვდა
Civil Georgia, Tbilisi / 15 Nov.'17 / 13:20


ანატოლი ბიბილოვი და ვლადიმირ პუტინი მოსკოვში, 14 ნოემბერი, 2017. ფოტო: kremlin.ru

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 14 ნოემბერს მოსკოვში სამხრეთ ოსეთის ლიდერს ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და „ორმხრივი თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა“, მათ შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების მრავალმხრივი მუშაობის ასპექტები“ განიხილა, იტყობინება კრემლი.

„ჩვენ ვიცით, რა და როგორ ხდებოდა 10 წლის წინ, 2008 წელს“, - უთხრა შეხვედრის დაწყებამდე პუნიტმა ბიბილოვს. „მას შემდეგ სიტუაცია, რა თქმა უნდა, დასტაბილურდა. რუსეთის ბევრს აკეთებს იმისათვის, რომ საიმედო უსაფრთხოება უზრუნველყოფს, ვგულისხმობ სამხრეთ ოსეთის როგორც სამხედრო, ისე სასაზღვრო უსაფრთხოებას“, - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.

თავის განცხადებაში ბიბილოვმა მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს მოსკოვში მიწვევისთვის, რაც, მისი თქმით, „ძალიან მნიშვნელოვანია სამხრეთ ოსეთისთვის“.

„მიმაჩნია, რომ ჩვენი ურთიერთობების განვითარება საკმაოდ მაღალ დონეზეა“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ პოლიტიკური, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის თვალსაზრისით, „უკვე ასამდე შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი; ამას გარდა, მზადების პროცესშია რიგი ხელშეკრულებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ინტეგრაციული პროცესების განვითარებას, ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას“.

შეხვედრის შემდეგ პუტინმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ცხინვალი „რუსეთის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მოკავშირეა“ და რომ მოსკოვი განაგრძობს რეგიონის „სოციალ-ეკონომიკური განვითარების“ დახმარებას. „ჩვენი დღევანდელი მოლაპარაკებები ძირითადად მიეძღვნა ვაჭრობის და ინვესტიციების საკითხებს, ასევე სოციალურ სფეროში თანამშრომლობას“.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მათ ასევე ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. „შევთანხმდით, რომ ჩვენი ნაბიჯების მჭიდრო კოორდინაცია განვახორციელოთ ამიერკავკასიაში არსებულ გამოწვევებთან და უსაფრთხოების მიმართ არსებულ საფრთხეებთან დასაპირისპირებლად, ასევე გავაგრძელოთ მჭიდრო ურთიერთქმედება ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში,“ - განაცხადა პუტინმა.    

შეხვედრის შემდეგ, რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა ვერონიკა სკვორცოვამ და მისმა ცხინვალელმა „კოლეგამ“ გიორგი ტოტჩიევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც რუსეთის სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პროგრამა ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებზეც გავრცელდება. პროგრამა უფასოდ უზრუნველყოფს პროფილაქტიკურ, სასწრაფო და სპეციალიზებულ, მათ შორის, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დახმარებას. ანალოგიურ შეთანხმებას სოხუმთან 8 აგვისტოს, ვლადიმირ პუტინის აფხაზეთში ვიზიტის დროს მოეწერა ხელი.

Civil.Ge © 2001-2017