ეთნიკური ფესვებისკენ მიბრუნება, თუ განდევნის პოლიტიკა აფხაზეთში?
Civil Georgia, Tbilisi / 31 Oct.'17 / 12:38
მალხაზ თორია


გალი. ფოტო: cyxymu.info

მალხაზ თორია არის ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი და მეხსიერების კვლევების კავკასიური ცენტრის დირექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

აფხაზეთში შეირაღებული კონფლიქტის (1992-1993) დასრულების შემდეგ, გალის რაიონში არაოფიციალურად დაბრუნებული ქართული მოსახლეობა უკვე 20 წელზე მეტია ლამის ეგზისტენციურ საფრთხედ არის წარმოჩენილი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ. ამის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება დავასახელოთ ის გარემოება, რომ აფხაზური ნაციონალური პროექტი რეგიონის მთელი ტერიტორიის ისტორიულად მონოეთნიკურ - აფხაზურ სივრცედ წარმოჩენას და მომავალშიც მის ეთნიკურ ჰომოგენიზაციას ისახავს მიზნად. თუ აფხაზეთის უმეტეს რაიონებში ქართველებისგან ტერიტორიის გაწმენდის მიზანი მეტ-ნაკლებად განხორციელდა, გალის რაიონში ქართული მოსახლეობის არსებობა აშკარად არ თავსდება ამ რეალურ თუ წარმოსახვით ეთნიკურ და კულტურულ ლანდშაფტში. ეს დილემა, თუ რა უნდა მოუხერხონ გალელ ქართველებს - ხელი შეუწყონ მათ „ინტეგრაციას“ აფხაზურ საზოგადოებაში და „სახელმწიფოში“, თუ მიუდგნენ მათ, როგორც პოტენციურ მეხუთე კოლონას - დამოკლეს მახვილივით აწევს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მთელი ამ ხნის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, დე ფაქტო მმართველობის პირობებში გალის ქართული მოსახლეობის სტატუსი და უფლებები ბოლო დრომდე არ იყო განსაზღვრული და „ლეგალიზებული“. თუმცა ახლახან მიღებული ე.წ. „უცხოელ მოქალაქეთა შესახებ კანონი“ გალის მცხოვრებლების უცხოელ მოქალაქეებად კატეგორიზაციას ახდენს. კანონი საშუალებას აძლევს გალელებს „ლეგალურად“ და ხანგრძლივი ვადით იცხოვრონ რაიონის ტერიტორიაზე. თუმცა ახალი რეგულაციები მათ მთელ რიგ ფუნდამენტურ უფლებებს ართმევს, მათ შორის, არჩევნებში მონაწილეობის, ადგილობრივ ადმინისტრაციაში მუშაობის, და, რაც მთავრია, უძრავი ქონების ყიდვის და ფლობის უფლებას. ეს პრივილეგია მხოლოდ „აფხაზეთის მოქალაქეს“ ეკუთვნის.

მაგრამ, როგორც ჩანს, გალელების იდენტობისა და სტატუსის გარშემო მიმდინარე წინააღმდეგობრივი პროცესი ჯერ კიდევ შორის არის დასასრულისგან. აფხაზმა „იდენტობის ინჟინრებმა“ ამ პოლიტიკური დილემიდან მორიგ გამოსავალს მიაგნეს. კერძოდ, დე ფაქტო ხელისუფლებამ მოქალაქეობის მინიჭების კამპანია დაიწყო იმ გალელებისთვის, რომლებიც „აფხაზურ ფესვებთან“ დაბრუნებას და ეთნიკურ აფხაზად ჩაწერას დათანხმდებიან. გალელების მიმართ აფხაზური პოლიტიკის ახალი ტალღა წესით შეშფოთებისთვის სერიოზულ საფუძველს უნდა იძლეოდეს, რადგან ის კონფლიქტის მემკვიდრეობის, თუ „მტრული საქართველოსგან“ მომავალი საფრთხის შიშებს სცილდება. შეიძლება ითქვას,  გალის მოსახლეობაზე აფხაზური ისტორიული ნარატივის აგრესიული თავსმოხვევით, აფხაზები რეალური ნაბიჯების გადადგმას იწყებენ საკუთარი ეთნიკური პროექტის განხორციელების გზაზე. ეს პროექტი, როგორც აღვნიშნე, აფხაზეთის ეთნიკურ ჰომოგენიზაციას ან იქიდან ქართველების სრულ განდევნას ისახავს მიზნად. 

აფხაზი ისტორიკოსების თანახმად, აფხაზეთი არასდროს ყოფილა საქართველოს ნაწილი. ისინი ისტორიას ქართველებთან პერმანენტული დაპირისპირების და ბრძოლის სახით აღწერენ. მათი აზრით, აფხაზები ყოველთვის იყვნენ დომინანტი მოსახლეობა. ქართველები აფხაზეთში კოლონიზატორული პოლიტიკის შედეგად მე-19 და მე-20 საუკუნეებში სახლდებოდნენ. სწორედ ამის შედეგია, როგორც ისინი ამტკიცებენ, აფხაზების ასიმილაცია ისტორიულ სამურზაყანოში, რომლის დიდი ნაწილი სწორედ თანამედროვე გალის რაიონის შემადგენლობაში შედის.

ამგვარად, თითქოსდა ეთნიკურად ჰომოგენური გალის რაიონი, რომლის მოსახლეობის უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ, აფხაზეთში ქართველების ექსპანსიის მთავარ პლაცდარმად არის წარმოჩენილი. შესაბამისად, კონფლიქტის შედეგად ეთნიკური წმენდა მიგრირებული „ქართველი კოლონიზატორების“ მდინარე ენგურს მიღმა ისტორიულ სამშობლოში განდევნად არის შეფასებული აფხაზი იდეოლოგების მიერ .

შესაბამისად, ,„მეცნიერული“ არგუმენტების გამოყენებით და ისტორიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციით ხდება სწორედ იმის პროპაგანდირება, რომ გალის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის წინაპრები თავის დროზე აფხაზები იყვნენ. ბევრ აფხაზს, პოლიტიკოსების ჩათვლით, ქართული გვარები აქვთ, მაგრამ თავს აფხაზებად თვლიან. თუმცა მათი იდენტობა არასდროს დაუყენებიათ ეჭვქვეშ ადგილობრივ იდეოლოგებს.

ე.წ. დაკარგული იდენტობის აღდგენის ახალი ტალღის მხარდაჭერის მიზნით, „სამურზაყანოელ აფხაზთა საბჭო“ დაარსდა, რომლის წარმომადგენლებმა 2017 წლის ივლისში საჩვენებელი ღონისძიებები გამართეს. საბჭოს წევრებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებენ ე.წ. „აღმოსავლეთ აფხაზეთის“ მოსახლეობას, ვისი გვარები და ეროვნება ძალდატანებით გადაკეთდა სტალინის პერიოდში, დაუბრუნდნენ ისტორიულ ფესვებს. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს აფხაზეთის მთავრობას, ხელი შეუწყოს ამ პროცესს.

დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ, ერთ-ერთი ასეთი ღონისძიების მონაწილეებს საგანგებო წერილით მიმართა, სადაც მან აღნიშნა, რომ სინამდვილეში გალელები ეთნიკური აფხაზები არიან, რომელთა წინაპრებს ეროვნების შეცვლა და ქართველებად ჩაწერა აიძულეს. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ისტორიული მეხსიერება ცოცხალია და დავიწყებული აფხაზური იდენტობის აღდგენა მიმდინარე და შეუქცევადი პროცესია. ამ თავყრილობაზე აფხაზური მოქალაქეობა მიანიჭეს იმ 31 გალელს, რომლებმაც „აღადგინეს“ საკუთარი ეთნიკური იდენტობა. ამას გარდა, გახმოვანდა გეგმა გალში სპეციალური სკოლა-ინტერნატის გახსნის თაობაზე, სადაც მოსწავლეებს გაძლიერებულად შეასწავლიან აფხაზურ ენას და ლიტერატურას, ასევე აფხაზეთის ისტორიას.

ეს მცდელობები „გამოაფხიზლონ“ გალელები „ნაციონალური მთვლემარებიდან“ და აღადგინონ მათი „ნამდვილი“ იდენტობა ადგილობრივების მიმართ მკაფიო გზავნილს შეიცავს. კერძოდ, მათი სტატუსი და სამოქალაქო უფლებები პირდაპირ უკავშირდება ეთნიკურ კუთვნილებას. გალელებს მხოლოდ ორი არჩევანი რჩებათ: ისინი ან შეიცვლიან იდენტობას და აფხაზებად ჩაეწერებიან და მიიღებენ მოქალაქეობას, ან შეინარჩუნებენ ქართულ იდენტობას და, მაქსიმუმ, დაკმაყოფილდებიან ბინადრობის უფლებით, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ადამიანების კატეგორიზაციის მსგავსი ეთნოცენტრული კრიტერიუმების გამოყენება მკაფიოდ აჩვენებს თუ როგორ ახვევს დე ფაქტო ხელისუფლება ისტორიული მითებს საზოგადოების არასასურველ სეგმენტს. ადამიანის და, ასევე, ეთნიკური უმცირესობების უფლებათა უხეში შელახვის პრაქტიკის გაგრძელებით, აფხაზური პოლიტიკური რეჟიმი, სამწუხაროდ, კვლავ  „სხვების“ განდევნის იდეოლოგიის ერთგული რჩება.

Civil.Ge © 2001-2017