საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა
Civil Georgia, Tbilisi / 19 Oct.'17 / 19:58

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ახალი რედაქციით მიღებულ კონსტიტუციას ხელი მოაწერა.
 
„ჩემთვის უაღრესად ძნელია ამ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა. მიუხედავად ამისა, ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, ყველა ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რომ თავიდან აცილებული იყოს შესაძლო დესტაბილიზაციის მიზეზები. მე როგორც სახელმწიფოს მეთაური, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და კონსტიტუციის გარანტი ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს“, - განაცხადა 19 ოქტომბერს სპეციალურად გამართულ  ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, კონსტიტუციის პროექტზე მუშაობის დაწყების დღიდანვე „ნათელი იყო, რომ მმართველი გუნდი ერთპარტიული კონსტიტუციის მისაღებად ემზადებოდა“.

„სწორედ ამიტომ ვიყავი პირველი, რომელიც ერთპარტიული კონსტიტუციის მიღების პერსპექტივაზე ვსაუბრობდი და შესაბამისად ვდგამდი ნაბიჯებს. მე და ჩემი გუნდი მთელი წლის მანძილზე, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ, ვაფიქსირებდით ერთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ კონსტიტუცია ყველასია და ვცდილობდით, რომ ქვეყანას მიეღო თანხმობაზე დაფუძნებული დოკუმენტი “, - განაცხადა პრეზიდენტმა, თუმცა, მისი თქმით, „პარლამენტმა მიიღო ერთპარტიული კონსტიტუცია“.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები 26 სექტემბერს მესამე მოსმენით მიიღო. 9 ოქტომბერს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცვლილებებს ვეტო დაადო და ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და 117 ხმით პროექტის პირვანდელი ვერსია დაამტკიცა.

კონსტიტუციის ახალი რედაქცია მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.

Civil.Ge © 2001-2017