მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
Civil Georgia, Tbilisi / 13 Oct.'17 / 19:12


პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, 13 ოქტომბერი, 2017. ფოტო: facebook.com/parliamentgeo/

საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და 117 ხმით   საკონსტიტუციო ცვლილებების პირვანდელი ვერსია დაამტკიცა.  

დეპუტატებს მოტივირებული შენიშვნები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ, გააცნო. მან ხაზი გაუსვა, რომ წარმოდგენილი შენიშვნები როგორც მმართველ პარტიასთან გამართული კონსულტაციის, ისე პრეზიდენტსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეული კონსენსუსის შედეგია. 

„ეს ისტორიული ვითარება იძლევა შანსს, რომ ერთპარტიული კუთვნილებიდან კონსტიტუცია გადაიქცეს მთელი პოლიტიკური სპექტრის, საქართველოს ამომრჩევლების კონსტიტუციად“, - აღნიშნა ანა დოლიძემ და დეპუტატებს პრეზიდენტის წინადადებების გაზიარებისკენ მოუწოდა. 

ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ვეტოს დაძლევის გეგმის შესახებ სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე  განაცხადეს. მათ თავიდანვე განმარტეს, რომ არ დაუჭერდნენ მხარს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, თუ მარგველაშვილი მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას, ასევე - პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შენარჩუნებას მოითხოვდა. თუმცა, ამ საკითხებთან ერთად, პრეზიდენტმა მმართველ გუნდს ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმება და 2020 წლისათვის საარჩევნო ბლოკების ერთჯერადი დაშვება შესთავაზა, რასაც ქართული ოცნება თავად ითხოვდა. გარდა ამისა, მოტივირებულ შენიშვნებში შევიდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით გათვალისწინებული ზოგიერთი საკითხი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსა და რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული ნორმების შესწორებას ითვალისწინებდა. 

2020 წლიდან პარლამენტის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაზე ქართული ოცნების უარმა საპარლამენტო ოპოზიციის მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. 

„ეს არის ანტისახალხო კონსტიტუცია, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში ავტორიტარული სისტემის ფორმირებას. ეს არის დოკუმენტი, რომელსაც არა ჰყავს მხარდამჭერი გარდა ერთადერთი პარტიისა“, - განაცხადა ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ. „ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ ასეთი ძალადობრივი გზით კონსტიტუციის მიღებას და არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას“, - დასძინა მან.

მმართველი გუნდი ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა, სერგო რატიანმაც, გააკრიტიკა. მან, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ოთხი წლით გადავადების გამო, ქართული ოცნება ამომრჩევლის, პოლიტიკური სპექტრის და საერთაშორისო საზოგადოების მოტყუებაში დაადანაშაულა, ასევე ახალი კონსტიტუციის ცალკეული ნორმებიც გააკრიტიკა.  „ეს არის მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესზე მორგებული და კრიზისების შემქმნელი კონსტიტუცია“, - აღნიშნა რატიანმა. 

ევროპული საქართველოს წევრებმა პროტესტის ნიშნად ასევე გამოფინეს ბანერი, წარწერით - „ფეხქვეშ გათელილი კონსტიტუცია“. 


ფოტო: კადრი პარლამენტის სხდომის ვიდეოტრანსლაციიდან

კენჭისყრის ჩატარებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, კიდევ ერთხელ ისაუბრა ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო რეფორმაზე და განაცხადა: „ჩვენ ამ ცვლილებებით ვნერგავთ სრულიად ახალ საკონსტიტუციო ტრადიციას და სრულიად ახალ საკონსტიტუციო კულტურას, რაც გულისხმობს იმას, რომ ცვლილებები შედის არა მმართველი პარტიის სუბიექტური პოლიტიკური პოზიციების გასამყარებლად, არამედ პირიქით. პირველად ხდება საქართველოში ის, რომ შედის ცვლილებები კონსტიტუციაში, რომლითაც მმართველი ძალა იუარესებს საკუთარ სუბიექტურ პოლიტიკურ პოზიციებს და ეს კეთდება იმისთვის, რომ გაძლიერდეს ქართული დემოკრატია, გაძლიერდეს დემოკრატია საქართველოში“.  

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები 26 სექტემბერს მესამე მოსმენით მიიღო. 9 ოქტომბერს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცვლილებებს ვეტო დაადო და კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს დაუბრუნა.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვეტოს დადებას წინ უძღოდა პრეზიდენტის მიერ ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციები, ასევე ვენეციის კომისიის მიერ საბოლოო დასკვნის გამოქვეყნება.

Civil.Ge © 2001-2017