ოპოზიციური პარტიები „პანორამა თბილისისთვის“ მიწის ნაკვეთების შესაძლო გადაცემას აპროტესტებენ
Civil Georgia, Tbilisi / 2 Oct.'17 / 20:13

ექვსი პირის დაკავებით დასრულდა თბილისის მერიასთან ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია, რომელიც 2 ოქტომბერს, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები თბილისის საკრებულოს მიერ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში 29 სექტემბერს შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ცვლილებებით, სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოეხსნა თბილისში არსებულ ორ მიწის ნაკვეთს, რომელთა შეძენითაც დაინტერესებულნი არიან ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ დეველოპერულ პროექტში - „პანორამა თბილისში“ მონაწილე კომპანიები. 

საუბარია თბილისის ბოტანიკური ბაღის მახლობლად, თაბორის მთაზე არსებულ 4700 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, გოლფის მოედნის პროექტისათვის გამოიყენებენ; ასევე - პუშკინის სკვერსა და ხელოვნების მუზეუმს შორის მდებარე 1900 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელზეც „პანორამა თბილისის“ კომპლექსში შემავალი სასტუმროსთვის პარკინგი მოეწყობა. 

ოპოზიციური პარტიის მტკიცებით,  აღნიშნული მიწის ნაკვეთების გასხვისება სიმბოლურ ფასად იგეგმება.

თბილისის მერიასთან შეკრებილი ნაციონალური მოძრაობის წევრები დედაქალაქის მერთან შეხვედრას მოითხოვდნენ, რათა მისგან მიეღოთ დადასტურება, რომ მერია საკრებულოს 29 სექტემბერს მიღებული გადაწვეტილების შემდეგ, „პანორამა თბილისის“ პროექტისთვის მიწის გადაცემის საკითხს თვითმმართველობის არჩევნებამდე არ განიხილავდა, თუმცა მერიიდან აქციის მონაწილეებს არავინ შეხვედრია. 

საპროტესტო აქცია სამართალდამცავებსა და ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობის და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლისათვის წინააღმდეგობის ბრალდებით 6 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი სამართალდამცავი სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს.

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, რომლებიც მერიის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, პოლიცია ძალადობაში და ხელისუფლების დაკვეთით მოქმედებაში დაადანაშაულეს.

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ დღეს ამით დასრულდება ყველაფერი, ძალიან ცდებიან. არ მივაყვანინებთ ამ საკითხის გადაწყვეტილებას 21 ოქტომბრამდე. თბილისზე ვერ იძალადებენ... ჩვენ ამას დავამტკიცებთ და 21-ში ყველას ამათ მივუჩენთ საკუთარ ადგილს“, - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა. 

ნაციონალური მოძრაობის აქციამდე ერთი დღით ადრე, საკრებულოს გადაწყვეტილება ევროპული საქართველოს წევრებმა და მხარდამჭერებმა პუშკინის სკვერში გააპროტესტეს.

„არავის დავუთმობთ ამ ქალაქს. არავის მივცემთ უფლებას, ჩვენი მიწები ლარად და კაპიკებად მიიტაცონ, ასე თავხედურად, ასე უტიფრად გამოწკეპილები დადიოდნენ, ადამიანებს უჭირდეთ, ადამიანები შიმშილობდნენ და მილიარდერები ლარად იტაცებდნენ მიწებს”, - განაცხადა საპროტესტო აქციაზე ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ.

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისთვის მიწის ნაკვეთების შესაძლო გადაცემას თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი და დედაქალაქის საკრებულოს წევრი, ალეკო ელისაშვილიც შეეწინააღმდეგა. პროტესტის ნიშნად, 2 ოქტომბერს მან საკრებულოს შემადგენლობა დატოვა.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ თბილისის საკრებულოს მიწის ნაკვეთების თაობაზე გადაწყვეტილების გადავადება ჯერ კიდევ 29 სექტემბერს, სხდომის დაწყებამდე მოსთხოვეს. პოლიციამ ოპოზიციური პარტიების წევრები და მათთან ერთად მყოფი თბილისის მერობის კანდიდატები საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

თბილისის საკრებულომ მიწის ნაკვეთების თაობაზე გადაწყვეტილება საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის წინააღმდეგობის მიუხედავად მიიღო. საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, შენების მოძრაობის წევრმა, შორენა ბუხრაშვილმა საკრებულოს ამ ნაბიჯს „ძალადობით მიღებული გადაწყვეტილება“ უწოდა.

Civil.Ge © 2001-2017