ტრამპი: საქართველო და აშშ ‘საერთო ღირებულებებს’ იზიარებენ
Civil Georgia, Tbilisi / 17 May.'17 / 12:21

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გამოუგზავნა.

„მსურს გადმოგცეთ თქვენ და ქართველ ხალხს ჩემი გულთბილი სურვილები და გამოვხატო გულწრფელი მადლიერება ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობისა და თანამშრომლობისათვის“, - ნათქვამია წერილში.

„ჩვენი პარტნიორობის საუკუნის პირველ მეოთხედში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ შექმნეს მჭიდრო ტრანსატლანტიკური კავშირი. ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს და მათ დასაცავად, რთულ ვითარებაში ყოველთვის ერთად ვდგავართ საერთაშორისო ტერორიზმისა და რეგიონული არასტაბილურობის წინააღმდეგ“, - ნათქვამია მისალოც ბარათში.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ჩვენ, ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს უფლებას თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატია მსოფლიოსათვის კვლავ შთამაგონებელია“, - ნათქვამია წერილში.

„მე და ჩემი ადმინისტრაცია მოუთმენლად ველით თქვენთან და საქართველოს მთავრობასთან მომავალ თანამშრომლობას, საერთო ღირებულებებისა და ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობის განვითარებისათვის“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.  

Civil.Ge © 2001-2017