ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრა დაიწყო
Civil Georgia, Tbilisi / 12 Jul.'14 / 10:04

საქართველოში რეგისტრირებული 3 429 748 ამომრჩევლის თითქმის ნახევარს შეუძლია 21 მუნიციპალიტეტში ხმა მისცეს 12 ივლისის ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში.

1 525 საარჩევნო უბანი გაიხსნა დაყოვნების გარეშე დილის 8 საათზე იმ ოლქებში, სადაც მეორე ტური იმართება, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ. 

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, რომლებსაც მეორე ტურში მონაწილეობა შეუძლიათ, 1 715 514-ს შეადგენს.

12 ივლისის მეორე ტურში 8 ქალაქის, მათ შორის თბილისის, მერების და 13 მუნიციპალიტეტის გამგებელთა არჩევნები იმართება.

დანარჩენ 46 მუნიციპალიტეტსა და 4 თვითმმართველ ქალაქში არჩევნების შედეგები 15 ივნისს გამართულ პირველივე ტურში გაირკვა - ყველგან კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ქართულმა ოცნებამ მანდატების უმრავლესობა მოიპოვა ასევე 71–ვე საკრებულოში.

თბილისის გარდა მერის არჩევნების მეორე ტური იმართება ბათუმში, რუსთავში, თელავში, გორში, მცხეთაში, ოზურგეთსა და ფოთში. 

გამგებლის არჩევნების მეორე ტური კი შემდეგ მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს: ყვარელი, თელავი, თიანეთი, ახმეტა, თერჯოლა, ხონი, ტყიბული, მარტვილი, ქობულეთი, ბაღდათი, გორი, ლანჩხუთი და ხულო. 

ქართული ოცნების კანდიდატები 21–ივე მუნიციპალიტეტში გავიდნენ პირველ ადგილებზე და მეორე ტურში ადგილები გაინაღდეს.

პირველ ტურში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები მეორე ადგილზე გავიდნენ ოთხ ქალაქში – თბილისი, რუსთავი, ბათუმი და თელავი.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის კანდიდატები ქართული ოცნების კანდიდატებს უპირისპირდებიან მერის არჩევნებში ორ ქალაქში – ფოთსა და ოზურგეთში.

ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის კანდიდატი გორის მერის არჩევნების მეორე ტურში გადავიდა, ხოლო მწვანეთა პარტიის კანდიდატი მცხეთაში უპირისპირდება ქართული ოცნების კანდიდატს.

ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები გამგებელთა არჩევნების პირველ ტურში ხუთ მუნიციპალიტეტში გავიდნენ მეორე ადგილზე. ესენია: ყვარელი, ქობულეთი, თერჯოლა, თელავი და ხონი; ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ხონში, რომელიც იმავე მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელია, თებერვლიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ნინო ბურჯანაძის კოალიციის მიერ დასახელებული კანდიდატები მეორე ტურში ოთხ მუნიციპალიტეტში მიიღებენ მონაწილეობას – ახმეტა, თიანეთი, მარტვილი და ტყიბული.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის კანდიდატები ორ მუნიციპალიტეტში გავიდნენ მეორე ადგილზე – ლანჩხუთში და ხულოში.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის პარტიის საქართველოს გზის და ირაკლი ოქრუაშვილის ქართული პარტიის კანდიდატები მეორე ტურში ბაღდადსა და გორში იღებენ მონაწილეობას, შესაბამისად.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ განაცხადა, რომ პარტიების მიერ მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანია ნაკლებად აქტიური იყო, ვიდრე პირველი ტურის წინ.

მეორე ტურის წინ კამპანია თბილისის ყოფილი მერის და ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დაკავებამ და წინასწარმა პატიმრობამ გადაჩრდილა.

„სამართალიანმა არჩევნებმა“ გიგი უგულავას დაპატიმრება „უარყოფითად“ შეაფასა და განაცხადა, რომ ეს იყო მთავრობის მიერ კამპანიის პერიოდში არჩევნებში ჩართული პირების სამართლებრივ დევნაზე გამოცხადებული "მორატორიუმის პირობების დარღვევა", ვინაიდან სადამკვირვებლო ორგანიზაციის აზრით, არსებობს კითხვის ნიშნები  თბილისის ყოფილი მერის დაკავების გადაუდებელი აუცილებლობის თაობაზე.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა 11 ივლისს, რომ ექს–პრემიერმა, „ოლიგარქმა ივანიშვილმა“ უგულავას დაპატიმრებით ნაციონალური მოძრაობის და მთლიანად საზოგადოების „დაშინება“ გადაწყვიტა. „გთხოვთ, მიბრძანდეთ საარჩევნო უბანზე და ხმა მისცეთ თქვენს რჩეულს, უკეთეს პროგრამას და კანდიდატს. და კიდევ ერთხელ აჩვენოთ ყველას, რომ ჩვენი ხალხის დაშინება შეუძლებელია“, – განაცხადა ბარამიძემ.

პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა, რომელიც კოალიცია ქართული ოცნების ხელმძღვანელია, განაცხადა 10 ივლისს, რომ იგი დარწმუნებულია იმაში, რომ ქართული ოცნების კანდიდატები ყველგან მოიგებენ არჩევნებს.

„თქვენ თუ გსურთ, რომ კვლავაც საბოტაჟის მსხვერპლი გახდეთ, მაშინ მიეცით ხმა მელიას; თუ გსურთ, რომ მისცეთ ხმა განვითარებას, უნდა მისცეთ ხმა დავით ნარმანიას და იგივე  მინდა ვთქვა სხვა დანარჩენ რეგიონებზეც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გულისხმობდა რა თავის იმ ბრალდებებს, რომ თბილისის მუნიციპალური მთავრობა, რომელსაც ამჟამად ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებს, განზრახ უშლის ხელს ზოგიერთ მუნიციპალურ პროექტს.

არჩევნების მეორე ტურამდე ძირითადი მოწოდებები ამომრჩეველთა მაღალ აქტივობას უკავშირდებოდა.

15 ივნისის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 43.31% შეადგინა. თბილისში კი ამომრჩეველთა 37.3% მივიდა საარჩევნო უბნებზე.
 

Civil.Ge © 2001-2017