საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
Civil Georgia, Tbilisi / 3 Mar.'14 / 12:00

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე 2 მარტს ტელეფონით ესაუბრა თავის უკრაინელ კოლეგას ანდრი დეშჩიცას, მხარდაჭერა გამოუცხადა კიევს და „კიდევ ერთხელ დაგმო სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის ფაქტი“.

მხარეებმა აუცილებლად მიიჩნიეს, რომ „ევროკავშირმა მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას მკვეთრად წარმოუჩინოს ევროპული პერსპექტივა, რაც ევროკავშირის მიმართულებით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია: „ანდრი დეშჩიცამ თავის ქართველ კოლეგას ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული ვითარების და უკრაინის ხელისუფლების მიერ მისი მშვიდობიანი და დიპლომატიური მოგვარებისთვის გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია“.

„მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ კიდევ ერთხელ გამოხატა ქართული მხარის უპირობო მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

„უკრაინისთვის პრაქტიკული საერთაშორისო მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი დეშჩიცამ მაია ფანჯიკიძე ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში მიიწვია. მიღწეული შეთანხმების თანახმად, ეს შესაძლოა უახლოეს პერიოდში განხორციელდეს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

შარშან, როდესაც უკრაინა ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა იყო, ანდრი დეშჩიცა, ევროკავშირის და გაეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჟენევის მოლაპარაკებებზე თანათავმჯდომარე იყო ეუთოდან; ეუთოს უკრაინული თავმჯდომარეობის სპეციალური წარმომადგენლის რანგში იგი შარშან ასევე მონაწილეობდა ქართულ და ოსურ მხარეებს შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ რეგულარულ შეხვედრებში.    

 

Civil.Ge © 2001-2017