საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ‘სასტიკად გმობს’ ძალადობას კიევში
Civil Georgia, Tbilisi / 19 Feb.'14 / 13:18

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა ოთხშაბათს, რომ ის „სასტიკად გმობს ძალის გამოყენების ფაქტს“ და „უკიდურესად შეშფოთებულია“ 18 თებერვალს კიევში განვითარებული "ტრაგიკული მოვლენების" გამო, რის შედეგადაც სულ ცოტა 25 ადამიანი დაიღუპა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები „სრულიად შეუთავსებელია დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ევროპულ ღირებულებებთან“.

„სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს, რომელთა შორის, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეცაა“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

53 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ბოლო ორი წლის მანძილზე უკრაინაში ცხოვრობდა, 18 თებერვალს კიევის ცენტრში გარდაცვლილი იპოვეს. საქართველოს ელჩმა უკრაინაში მიხეილ უკლებამ განაცხადა, რომ მამაკაცს სხეულზე ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება; მისი თქმით, გარდაცვალების შესაძლო მიზეზებს შორის გულის პრობლემა განიხილება.

„ვუერთდებით საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებებს უკრაინის ხელისუფლებისადმი, რათა გადადგმულ იქნას ქმედითი ნაბიჯები, რომ მხარეები დაუბრუნდნენ დიალოგის ფორმატს და ვითარება არ გადაიზარდოს ფართომასშტაბიან სამოქალაქო დაპირისპირებაში“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„ყველა ხელისუფლების და მთავრობის პასუხისმგებლობაა, პატივი სცეს საკუთარი ხალხის არჩევანს და უზრუნველყოს აზრის გამოხატვის თავისუფლება. კიდევ ერთხელ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს მათთვის ამ უკიდურესად მძიმე მომენტში და ვთვლით, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთადერთი ალტერნატივა არის მშვიდობიანი დიალოგი“, – ნათქვამია განცხადებაში.

Civil.Ge © 2001-2017