პარლამენტმა უკრაინის მოვლენებზე განცხადება ერთსულოვნად მიიღო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 Jan.'14 / 19:52


კიევში დემონსტრანტების სოლიდარობის აქცია გაიმართა თბილისში უკრაინის საელჩოსთან 2014 წლის 23 იანვარს. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

საქართველოს პარლამენტმა 23 იანვარს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე მორიგი განცხადება მიიღო ერთსულოვნად, 118 ხმით, სადაც დაგმო კიევში მიმდინარე ძალადობა, სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს და განაცხადა, რომ „რუსეთი ასოცირების შეთანხმებაზე უარის თქმის იძულების გზით ვერც უკრაინას და ვერც საქართველოს ვერ შეაცვლევინებს ევროპულ არჩევანს“. 

ქვემოთ მოცემულია პარლამენტის განცხადების სრული ტექსტი, რომელიც ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ და ნაციონალური მოძრაობის უმცირესობამ ერთობლივად მოამზადა და სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა წაიკითხა:

„საქართველოს პარლამენტი უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს ბოლო დღეებში  უკრაინაში განვითარებულ მოვლენებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო, რამაც ადამიანების დაღუპვა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია. ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ  უკრაინელ ხალხს.

საქართველოს პარლამენტი გმობს ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებასა და ვითარების ესკალაციას, რამაც შესაძლებელია ქვეყანა ფართომასშტაბიან სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანოს.

საქართველოს პარლამენტი იზიარებს ევროპის კავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაკეთებული განცხადებების სულისკვეთებას და მიაჩნია, რომ ძალის გამოყენება და დაძაბულობის ზრდა ქვეყანას ვერ გამოიყვანს პოლიტიკური კრიზისიდან.

ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს მხოლოდ დიალოგის გზით მონახონ გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან. ამ პროცესში უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრება უკრაინის ხელისუფლებას, რომელმაც ყველა ღონე უნდა იხმაროს შექმნილი კრიზისის დაძლევის მიზნით ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან დიალოგის დაწყებისათვის და  ვითარების განმუხტვისათვის.

საქართველოს პარლამენტი სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინელი ხალხის მისწრაფებას გახდეს თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე დამყარებული ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და დარწმუნებულია, რომ რუსეთი ასოცირების შეთანხმებაზე უარის თქმის იძულების გზით ვერც უკრაინას და ვერც საქართველოს ვერ შეაცვლევინებს ევროპულ არჩევანს“. 

ეს მეორე განცხადებაა, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში მიიღო პარლამენტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. პირველი ასეთი განცხადება 11 დეკემბერს იქნა მიღებული, თუმცა მას მხარი მხოლოდ ქართულმა ოცნებამ დაუჭირა, რადგან ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა. თუმცა მაშინ ნაციონალური მოძრაობის დეპუტაცია აცხადებდა, რომ არ უჭერდა მხარს მიღებული განცხადების ტექსტს, ვინაიდან ის, მათი შეფასებით, არ იყო საკმარისად მკაცრი უკრაინის მოვლენებში რუსეთის როლთან მიმართებაში.

23 იანვარს განცხადების მიღების შემდეგ, რასაც დეპუტატების ტაში მოჰყვა, დავით უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ძალების და ზოგადად ქართველი ხალხის ერთსულოვნებას უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის საქმეში.

„იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ეს განცხადება იქნება ძალიან მცირე, მაგრამ ჩვენი წვლილი საკითხების მშვიდობიანად მოგვარებაში“, - განაცხადა უსუფაშვილმა, რომლის ინიციატივითაც მანამდე, დილის სხდომაზე დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს კიევში მომხდარი შეტაკებების დროს დაღუპული ადამიანების ხსოვნას.

ქუთაისში მდებარე პარლამენტის სხდომათა დარბაზში უკრაინული დროშები იყო გამოფენილი, ხოლო თბილისში 23 იანვარს უკრაინის საელჩოს წინ უკრაინელი დემონსტრანტების მიმართ სოლიდარობის აქცია გაიმართა. ანალოგიური აქცია თბილისში წინა დღესაც გაიმართა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ამჟამად დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება და რომელმაც 22 იანვარს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა, განაცხადა ხუთშაბათს CNBC-სთან ინტერვიუში, რომ უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები „შემზარავია“ და მან დაგმო ძალადობა.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთისგან საქართველოზე „ზეწოლა“ და მის წინააღმდეგ „პროვოკაციაა“ მოსალოდნელი, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინისგან განსხვავებით, საქართველო „ნაკლებადაა დამოკიდებული რუსეთზე“. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ევროპულ არჩევანს ქართული საზოგადოების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს.        

Civil.Ge © 2001-2017