საპრეზიდენტო არჩევნების გზამკვლევი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 Oct.'13 / 14:36


 საუბნო კომისიის წევრები საარჩევნო ყუთს ცლიან, რათა ხმების დათვლა დაიწყონ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე თბილისის ერთ–ერთ საარჩევნო უბანზე. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

27 ოქტომბერს საქართველოს ამომრჩეველი ახალ პრეზიდენტს აირჩევს, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი იქნება.
 
ეს არის პირველი შემთხვევა საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში, როცა მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის მეორე და საბოლოო ვადას სრულად ამოწურავს და არჩევნების გზით მას ახალი პრეზიდენტი შეცვლის.
 
27 ოქტომბრის არჩევნები იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს ელექტორატი სრულიად ახალი ტიპის პრეზიდენტს ირჩევს, რადგან ქვეყანა ძლიერი საპრეზიდენტო მოდელიდან საპარლამენტო ტიპის შერეულ მოდელზე გადადის.
 
ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან ძალაში შედის სამი წლის წინ მიღებული ახალი საკონსტიტუციო დებულებები, რომელიც ქვეყნის მართვის პროცესში პრემიერ-მინისტრის სამართლებრივ როლს მნიშვნელოვნად ზრდის პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვის ხარჯზე.
 
მართალია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძლიერი საპრეზიდენტო მოდელის კონსტიტუცია მოქმედებდა, თუმცა რეალური ძალაუფლება, მას შემდეგ რაც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საპარლამენტო ხელისუფლება და მთავრობა შეიცვალა, კოალიცია ქართული ოცნებისა და მისი ლიდერის, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელში აღმოჩნდა და პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ლიდერია, ე.წ. „კოჰაბიტაციურ“ პერიოდში კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული არცერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი არ გამოუყენებია მოქმედი მთავრობის წინააღმდეგ.
 
27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს ის დატვირთვაც აქვს, რომ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, პარლამენტმა მთავრობას ხელახლა უნდა გამოუცხადოს ნდობა.
 
ახალი კონსტიტუციური დებულებების თანახმად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა შეარჩიოს, რომელსაც ფორმალურად პრეზიდენტი წარადგენს; პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კი შეარჩევს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამასთან ერთად წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. პარლამენტი ახალ მთავრობას სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ანუ სულ ცოტა 76 ხმით ამტკიცებს, მაშინ როცა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას ხანგრძლივი პროცედურა სჭირდება.
 
მოქმედი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თანამდებობის დატოვებას გეგმავს, ხოლო მის შემცვლელს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაასახელებს.
 
თუ ეს გეგმა ძალაში დარჩა, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას ორი წამყვანი ფიგურა ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ფაქტიურად ერთდროულად დატოვებს.
 
როგორ პრეზიდენტს ვირჩევთ
 

მთავრობის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავლაბარის სასახლეში აღარ განთავსდება. ახალი რეზიდენციის მშენებლობა ათონელის ქუჩაზე მიმდინარეობს. მთავრობას ჯერ არ გადაუწყვეტია რა მოუხერხოს პრეზიდენტის არსებულ სასახლეს. ფოტო: Civil.ge

საქართველოს ახალი პრეზიდენტის ძირითადი როლი მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობებში არბიტრის ფუნქციის შესრულება იქნება.
 
პრეზიდენტი ქვეყნის მეთაურად, სამხედრო ძალების მთავარსარდლად და საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლად რჩება, ახალი კონსტიტუციის თანახმად, თუმცა ის აღარ წარმართავს და განახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას.
 
სახელისუფლებო კრიზისის შემთხვევაში პრეზიდენტს კვლავაც რჩება უფლება, რომ დაითხოვოს პარლამენტი. ახალი პრეზიდენტი საბიუჯეტო პროცესში აღარ მიიღებს მონაწილეობას.
 
ახალი კონსტიტუციური დებულებებით, პრეზიდენტი თავისი ქმედებების უმეტესობას, მათ შორის სხვა სახელმწიფოებთან მოლაპარაკებების წარმართვისას, მთავრობასთან შეთანხმებით ახორციელებს.
ამასთან, პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების უმეტესობა მხოლოდ კონსტასიგნაციის ანუ პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცების შემდეგ შევა ძალაში. კონტრასიგნაცია არ დასჭირდება საომარი მდგომარეობის დროს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ აქტებს და ასევე იმ სფოროებში გამოცემულ აქტებსაც, სადაც პრეზიდენტს დამოუკიდებლად მოქმედების უფლება რჩება. 
 
პრეზიდენტს კვლავაც ექნება ექსკლუზიური უფლებები დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები და დაითხოვოს პარლამენტი, შეიწყალოს მსჯავრდებულები, გადაწყვიტოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხები, მიანიჭოს ჯილდოები და წოდებები, ხელი მოაწეროს და გამოაქვეყნოს კანონები, განსაზღვროს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობა, სახელმწიფოს სახელით დადოს კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან.
 
ასევე პრეზიდენტს დარჩება უფლება, რომ პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარსდგეს წელიწადში ერთხელ.
 
პრეზიდენტობის კანდიდატები
 

პრეზიდენტობის კანდიდატთა ფოტოები.

27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატების რეკორდული რაოდენობა - 23 კანდიდატი იღებს მონაწილებას, საიდანაც უმეტესობა საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ან სრულიად უცნობი პიროვნებაა. 
 
დარეგისტრირებული კანდიდატებიდან 10 პოლიტიკურმა პარტიებმა წარადგინეს, ხოლო 13 დამოუკიდებელი, საინიციატოვო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატები არიან:

  • თამაზ ბიბილური – 1 (კანდიდატის ნომერი ბიულეტენზე)
  • გიორგი ლილუაშვილი – 2
  • სერგო ჯავახიძე – 3
  • კობა დავითაშვილი – 4
  • დავით ბაქრაძე – 5
  • აკაკი ასათიანი – 6
  • ნინო ჭანიშვილი – 7
  • თეიმურაზ ბობოხიძე – 8
  • შალვა ნათელაშვილი – 9
  • გიორგი თარგამაძე – 10
  • ლევან ჩაჩუა – 11
  • ნესტან კირთაძე – 12
  • გიორგი ჩიხლაძე – 13
  • ნინო ბურჯანაძე – 14
  • ზურაბ ხარატიშვილი – 15
  • მიხეილ სალუაშვილი – 16
  • ქართლოს ღარიბაშვილი – 17
  • მამუკა ჭოხონელიძე – 18
  • ავთანდილ მარგიანი – 19
  • ნუგზარ ავალიანი – 20
  • მამუკა მელიქიშვილი – 21
  • თეიმურაზ მჟავია – 22
  • გიორგი მარგველაშვილი – 41  

კონკურენტულ საპრეზიდენტო მარათონში ძირითადი მოწინააღმდეგეები, მათ შორის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის საფუძველზე დადგენილი რეიტინგების მიხედვით, კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე,  ნინო ბურჯანაძე არიან.

თავდაპირველად კანდიდატობის სურვილი სულ 54-მა პირმა გამოთქვა, საიდანაც 31 არ დარეგისტრირდა, მათ შორის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საარჩევნო მარათონში ორმაგი მოქალაქეობის გამო ვერ ჩაერთო.
 
იმ ფონზე, როდესაც მარგველაშვილი აშკარა ლიდერია, 27 ოქტომბრის არჩევნების მთავარ ინტრიგად რჩება დადგება თუ არა მეორე ტურის საჭიროება.  
 
17 ოქტომბერს პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი ურჩევს მარგველაშვილს გამოეთიშოს მარათონს, თუ მეორე ტურის გამართვა გახდება საჭირო; მას შემდეგ ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებს, თუმცა მეორე ტურის შემთხვევაში იგი საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშება. ზოგიერთმა გამოთქვა ვარაუდები, რომ ეს შესაძლოა ქართული ოცნების ტაქტიკაა ამომრჩეველთა მობილიზების კუთხით, რადგანაც ამომრჩეველთა შესაძლო დაბალი აქტივობა ერთ–ერთ მთავარ გამოწვევად განიხილება მოახლოებულ არჩევნებზე.
 
ნაციონალური მოძრაობისთვის მოახლოებული არჩევნები ძირითადად ემსახურება მისი, როგორც ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის გამყარებას, რაც იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ ბაქრაძე გავა მეორე ადგილზე და არა ბურჯანაძე; ამ ფაქტორს მნიშვნელოვანობა ენიჭება ასევე 2014 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების თვალსაზრისით.  
 
საარჩევნო სისტემა
 
საქართველოს პრეზიდენტი საყოველთაო პირდაპირი ფარული არჩევნებით 5 წლის ვადით ირჩევა. 
 
საქართველოს კანონმდებლობით, არჩეულად ჩაითვლება პრეზიდენტობის ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტს ანუ 50% პლიუს ერთ ხმას მიიღებს. 
 
ცესკო ვალდებულია, რომ 27 ოქტომბრიდან მაქსიმუმ 20 დღეში შეაჯამოს არჩევნების შედეგები. პრეზიდენტის ინაუგურაცია კი მისი არჩევიდან მესამე კვირა დღეს იმართება.
 
თუ პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს ხმათა ნახევარზე მეტს, ინიშნება მეორე ტური, რომელიც არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე იმართება.
 
მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს იმ ორ კანდიდატს, რომელთაც პირველ ტურში საუკეთესო შედეგი აჩვენეს. იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში უკეთესი შედეგების მქონე კანდიდატის შემდგომმა ორმა კანდიდატმა ხმათა თანაბარი რაოდენობა დააგროვა, მეორე ტურში მონაწილე მეორე კანდიდატი წილისყრით გამოვლინდება.
 
მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, ხოლო თუ მათ თანაბარი რაოდენობის ხმები დააგროვეს, გამარჯვებული გახდება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო. 

თუ მეორე ტურში გასული ერთ-ერთი კანდიდატი თავის კანდიდატურას მოხსნის და ამის შესახებ კენჭისყრის დღემდე სულ ცოტა 10 დღით ადრე წერილობით აცნობებს ცესკოს, მაშინ მეორე ტურში ბრძოლას დარჩენილი ერთი კანდიდატი განაგრძობს და მისი გაპრეზიდენტებისთვის ერთი ამომრჩევლის ხმაც კი საკმარისი იქნება.
 
საქართველოს კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს ხელახალი არჩევნების გამართვას იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატი პირველ ან მეორე ტურში მოხსნის თავის კანდიდატურას. ხელახალ არჩევნებს პარლამენტი არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 თვის ვადაში ნიშნავს.
 
საარჩევნო ადმინისტრაცია 
 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ჟურნალისტებს ესაუბრება მას შემდეგ, რაც 2013 წლის 11 სექტემბერს იგი ამ პოსტზე დაამტკიცეს. ფოტო: ცესკო

27 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებას სამდონიანი ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობით, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდში ახალი თავმჯდომარე თამარ ჟვანია  ჩაუდგა სათავეში, ვინაიდან მისი წინამორბედი ზურაბ ხარატიშვილი, რომელიც პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატია,  არჩევნებამდე 11 კვირით ადრე გადადგა პოლიტიკაში წასვლის მოტივით. 

27 ოქტომბრის არჩევნების წინ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი არ შეცვლილა და მასში სულ ორი პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი - კოალიცია ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა.
 
13-წევრიან ცესკოში, რომელშიც ასევე შედის მისი თავმჯდომარე, ქართული ოცნების კოალიციაში შემავალი თითოეული პარტიის მიერ - ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო, თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკელები, მრეწველები, კონსერვატორები და ეროვნული ფორუმი - წარდგენილი ექვსი წევრი შედის; ასევე ერთი ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული წევრი და ხუთი ის წევრი რჩება, რომელიც წინა ხელისუფლების დროს წინა მოწვევის პარლამენტმა პრეზიდენტის წარდგინებით დაამტკიცა.
 
ანალოგიური კონფიგურაციით არის დაკომპლექტებული საოლქო და საუბნო კომისიებიც.
 
ქვეყნის მასშტაბით სულ 73 საოლქო საარჩევნო კომისია და  3689 უბანია შექმნილი ე.წ. სპეცუბნების (24) ჩათვლით.
 
ამას გარდა, საზღვარგარეთ 52 უბანია გახსნილი 36 ქვეყანაში,  მათ შორის 2 უბანი გაიხსნა ავღანეთში, სადაც ქართველმა ჯარისკაცებმა 20 ოქტომბერს ვადაზე ადრე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.  საარჩევნო უბნების რაოდენობის სიმრავლით გამოირჩევა საბერძნეთი, აშშ და აზერბაიჯანი.  არცერთი უბანი არ არის გახსნილი რუსეთში. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ვერც საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არ ქონის მოტივით.

ცესკოს საბოლოო მონაცემებით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 3 537 719 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს 60 ადგილობრივი და 65 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება.
არჩევნებს 150-ზე მეტი ადგილობრივი და უცხოური მედია საშუალება გააშუქებს.

Civil.Ge © 2001-2017