ეუთოს დამკვირვებლების შუალედური ანგარიში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Oct.'13 / 13:51

27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მიმდინარე კამპანია შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების ჭრილში განიხილება და „ის აშკარად უფრო მშვიდია“, განაცხადა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს (OSCE/ODIHR) გრძელვადიანმა საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ თავის შუალედურ ანგარიშში.

„თუმცა, საარჩევნო კამპანიის დასაწყისიდანვე აშკარაა მმართველ კოალიციასა („ქართული ოცნება“) და საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) და მათ ლიდერებს შორის დაძაბული კოჰაბიტაციის ნიშნები. ამას ემატება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ხელმძღვანელი პირის, მათ შორის, გენერალური მდივნის, დაკავება და წინასწარი პატიმრობა“, – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც 19 სექტემბრიდან 11 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.

აღნიშნავს რა იმ „მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცვლილებებს“, რომლებიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ განხორციელდა ადგილობრივ დონეზეც, ანგარიში აცხადებს, რომ „საარჩევნო გარემოზე უარყოფითად იმოქმედა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე პოლიტიკური ზეწოლის შესახებ განცხადებებმა“.  

ანგარიშის თანახმად, კამპანია ნაკლებად აქტიურად მიმდინარეობს. მისიის დაკვირვებით, კანდიდატები არ ჩქარობდნენ კამპანიის დაწყებას, თუმცა შეხვედრების რაოდენობამ იმატა სექტემბრის ბოლოდან და ყველაზე აქტიურები ამ მხრივ არიან ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დავით ბაქრაძე და დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

„საარჩევნო პროგრამებში დომინირებს ეკონომიკური და სოციალური თემები, მათ შორის ხელფასების ზრდა, უმუშევრობის შემცირება და ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესება. „ქართული ოცნების“ შეკრებებზე აგრეთვე აქცენტი კეთდებოდა პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე საქართველოს თანადაფინანსების ფონდში ერთი მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კერძო შემოწირულობის შესახებ. კანდიდატების უმრავლესობა აპელირებს აგრეთვე წინა მთავრობის ცხრაწლიანი მმართველობის შემდეგ „სამართლიანობის აღდგენაზე“. საარჩევნო კამპანიის თემებში შედის აგრეთვე რუსეთის ფედერაციასთან სამომავლო ურთიერთობები და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი“, – ნათქვამია ანგარიშში.

საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით ანგარიში აღნიშნავს, რომ ცესკო „ეფექტურად და გამჭვირვალედ მუშაობს“.

ანგარიშის თანახმად, ეუთოს დამკვირვებლების ზოგიერთმა თანამოსაუბრემ შეშფოთება გამოხატა „მოცემულ საარჩევნო პერიოდში აუდიტის სახელმწიფო სამსახურის კონტროლის დაბალი დონით“.  ადრე აუდიტის სამსახურს საერთაშორისო დამკვირვებლები იმიტომ აკრიტიკებდნენ, რომ ის „არაპროპორციულად“ იყენებდა თავის უფლებამოსილებას ოპოზიციის და მისი შემომწირველების წინააღმდეგ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ. პარტიების და კამპანიის დაფინანსების მარეგულირებელ კანონმდებლობაში 2013 წლის აგვისტოში ცვლილებები შევიდა შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი პრობლემური საკითხების გამოსწორების მიზნით.

მედია გარემოსთან დაკავშირებით, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2012 წლის არჩევნებთან შედარებით მედია სივრცე „ნაკლებად პოლარიზებულადაა მიჩნეული, ხოლო ჟურნალისტები ძირითად პოლიტიკურ მოვლენებს უფრო ნეიტრალურად და მიუკერძოებლად აშუქებენ“. თუმცა ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ „კრიტიკული ანალიზისა და ანალიტიკური რეპორტაჟების ნაკლებობა კვლავაც აღინიშნება“. 

Civil.Ge © 2001-2017