პასპორტებზე სოხუმის გადაწყვეტილება ბევრ გალელ ქართველს აღელვებს
ოლესია ვართანიანი, თბილისი / 25 Sep.'13 / 14:17


2012 წლის აგვისტო, გალის საპასპორტო სამსახურის წინ, მამაკაცი ქართულ სოფელ საბერიოდან სიაში ამოწმებს მიანიჭეს თუ არა მის რძალს აფხაზეთის ‘მოქალაქეობა’. ფოტო: ოლესია ვართანიანი/რადიო თავისუფლების „ეხო კავკაზა“.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მცხოვრები ათასობით ქართველი აფხაზური ‘პასპორტების’ ჩამორთმევის მოლოდინშია, რაც განხორციელების შემთხვევაში, კიდევ უფრო გაზრდის მათ სამართლებრივ დაუცველობას და შეზღუდავს ადმინისტრაციულ საზღვარზე მათ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას.
 
აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა 18 სექტემბერს ხმათა დიდი უმრავლესობით მიიღო დადგენილება, რომელიც ავალებს პროკურატურას უახლოეს თვეებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო სამსახურებში ფართომასშტაბიანი გამოძიება აწამოოს და პასპოსტების გაცემის კუთხით დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ამ დარღვევების შესახებ შსს–ს აცნობოს „უკანონოდ გაცემული პასპორტების გაუქმების“ მიზნით. პროკურატურამ თავისი პირველი ანგარიში გამოძიების შესახებ პარლამენტს წლის ბოლოსთვის უნდა წარუდგინოს.
 
დადგენილების მიღებას წინ უძღოდა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ ჩატარებული ოთხთვიანი გამოძიება, რომელმაც შეისწავლა რამდენად კანონშესაბამისად გაიცა პასპორტები გალის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის რაიონებში.
 
კომისიამ, რომელმაც დასკვნა 18 სექტემბრის საპარლამენტო სხდომის დროს წარმოადგინა, განაცხადა, რომ გალის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის მაცხოვრებელთა „მნიშვნელოვან რაოდენობაზე“ აფხაზური პასპორტები ისე გაიცა, რომ იმავე დროს ისინი საქართველოს მოქალაქეობასაც ინარჩუნებენ, რაც აფხაზეთის ‘მოქალაქეობის’ შესახებ კანონის დარღვევაა.
 
აფხაზეთში დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ 2011 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, რეგიონში 46 000–ზე მეტი ქართველი ცხოვრობს - მათი აბსოლუტური უმეტესობა გალის რაიონში.
 
სოხუმის ხელისუფლების ინფორმაციით, 26 000–ზე მეტი აფხაზური პასპორტი გაიცა გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონებში, მათ შორის, დაახლოებით, 23 000 ადამიანზე რუსეთის  მიერ 2008 წლის აგვისტოში აფხაზეთის აღიარების შემდეგ.
 
აფხაზური დოკუმენტი ადგილობრივებს მდინარე ენგურზე გამავალ ადმინისტრაციულ საზღვარზე თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს. 2009 წლის შემდეგ აფხაზური პასპორტების მფლობელებს რუსეთშიც შეუძლიათ გამგზავრება და იქ რეგისტრაციის გარეშე სამი თვით დარჩენა. გალის მკვიდრები აცხადებენ, რომ იყო შემთხვევები როდესაც გალში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოქალაქეები ჩასულან, ადგილობრივი ოფიციალური პირებისთვის ქრთამი გადაუხდიათ და აფხაზური პასპორტი აუღიათ, რათა შემდეგ რუსეთში გადასულიყვნენ ვიზის გარეშე; რუსეთი საქართველოსთან ცალმხრივად ინარჩუნებს სავიზო რეჟიმს.
 
გალის რაიონის ბევრი ქართველი მკვიდრის მსგავსად, 39 წლის ადგილობრივი მაცხოვრებელი, ნანა შიშობს, რომ აფხაზეთის პარლამენტის დადგენილებას მისთვის აფხაზური პასპორტის ჩამორთმევა მოყვება, რადგანაც მას საქართველოს პირადობის მოწმობაც აქვს, რაც მას საშუალებას აძლევს მიიღოს ის სახელმწიფო სერვისები, რომლებიც საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი.
 
ნანა, რომელიც გალის რაიონში მდებარე პატარა სახლში ცხოვრობს თავის სამ შვილთან ერთად, ამბობს, რომ ორი წლის წინ მან როგორც იქნა მიიღო აფხაზური პასპორტი, რასაც წინ უძღოდა რამდენიმე თვიანი სიარული წინ და უკან მის სოფელსა და ქალაქ გალში მდებარე საპასპორტო სამსახურს შორის და რამდენიმე ღამის გატარება ამ საპასპორტო სამსახურთან, რათა თავისი რიგი არ დაეკარგა. ნანა, რომელსაც გალის რაიონში საკუთარი სახლის დატოვება ორჯერ მოუხდა ბოლო 20 წლის მანძილზე – პირველად 90–იანი წლების დასაწყისში მომხდარი კონფლიქტის შედეგად, ხოლო მეორედ 1998 წლის შეიარაღებული შეტაკებების გამო, ამბობს რომ აფხაზური დოკუმენტის მიღება მისთვის ასოცირებული იყო სოხუმის ხელისუფლების მზადყოფნასთან, რომ გალელი ქართველები „მოქალაქეებად მივეღეთ“, რაც მას უსაფრთხოების გარკვეულ შეგრძნებას ანიჭებდა იმასთან დაკავშირებით, რომ მას აღარასდროს აიძულებდნენ მშობლიური სოფლის ხელახლა დატოვებას.
 
იგი იხსენებს, რომ როდესაც აფხაზური პასპორტის მისაღებად განაცხადი შეიტანა, მან ასევე მოაწერა ხელი დოკუმენტს საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ; თავისი ქართული პირადობის მოწმობა საპასპორტო სამსახურის თანამშრომელს გადასცა, რომელმაც დოკუმენტი მის თვალწინ გაანადგურა. თუმცა, მან იცოდა, რომ ეს უბრალო ფორმალობა იყო. „და ეს იცოდა თავად [საპასპორტოს] თანამშრომელმაც“, -  ამბობს ნანა, რომელსაც სულ რაღაც ერთი დღე დაჭირდა იმისთვის, რომ ზუგდიდში ქართული პირადობის მოწმობა აღედგინა.

2005 წელს, აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონების მოსახლეობის ინტეგრაციის საჭიროების მოტივით, რეგიონის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ შეამსუბუქა პოზიცია გალის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის მოსახლეობისთვის მოქალაქეობის მინიჭების კუთხით. სამივე ამ რაიონში თითო-თითო კომისია შეიქმნა, რომლებიც პასპორტების გაცემას კურირებდნენ. სეპარატისტული პარლამენტის 18 სექტემბრის დადგენილებით, სამივე ეს კომისია უნდა გაუქმდეს.
 
ჯერ-ჯერობით სრულად ნათელი არ არის, თუ რა პროცედურით წარიმართება პასპორტიზაციის გადახედვის პროცესი და რამდენმა ადამიანმა შეიძლება დაკარგოს დოკუმენტი. პარლამენტის დადგენილება ამ კუთხით მკაფიო არ არის და პროკურატურას საშუალებას აძლევს ან ყველა კონკრეტული შემთხვევა ცალ-ცალკე შეისწავლოს, რაც დიდ დროს მოითხოვს, ან ურჩიოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ყველა უკვე გაცემული პასპორტი ერთბაშად, ერთი ხელის მოსმით გააუქმოს.
 
სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტის ყოფილი წევრი, ბატალ კობახია ამბობს, რომ უფრო სამართლიანი იქნება, თუ კონკრეტული საქმეები ცალ-ცალკე იქნება შესწავლილი.
 
19 სექტემბერს სოხუმში არსებულ ტელეკომპანია „აბაზას“ თოქ-შოუში საუბრისას ბატალ კობახიამ განაცხადა, რომ თუ პარლამენტის კომისიამ დაადგინა, რომ მხოლოდ 1 000 პასპორტი გაიცა უკანონოდ, ამან არ უნდა გამოიწვიოს დანარჩენი 26 000 ადამიანის დაზარალება. სატელევიზიო განხილვის დროს  მან ასევე ხაზი გაუსვა პასუხისმგებლობის საკითხს და თქვა, რომ ეს ტვირთი იმ ოფიციალურ პირებს უნდა დაეკისროთ, რომლებიც ამ სავარაუდო უკანონო პასპორტიზაციის პროცესში იყვნენ ჩართულნი და არა უბრალო მოქალაქეებს.
 
„პასპორტიზაციის“ თემა აფხაზეთის ოპოზიციურმა ჯგუფებმა შიდა პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ თემად ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ აქციეს. პასპორტების გაცემა მაისში შეწყდა.
 
ათმა ოპოზიციურმა პარტიამ და ორგანიზაციამ კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებული  „საკოორდინაციო საბჭო“ შექმნეს და ზაფხულის შუა პერიოდიდან აფხაზეთის მასშტაბით აქციების გამართვა დაიწყეს.
 
ხელისუფლებაზე მეტი ზეწოლის მოხდენის მიზნით, აფხაზური ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი და ომის ვეტერანი იმუქრებოდა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდნენ 30 სექტემბერს დაგეგმილ აღლუმს, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა.
 
ოპოზიციის მოსაზრებით, „მასობრივი“ პასპორტიზაცია, რომლის დროსაც აღმოსავლეთ აფხაზეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს მოქალაქეობა ენიჭებოდათ, „სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის“ საფრთხის შემცველია.
 
მსგავსი განწყობები პარლამენტის 18 სექტემბრის სხდომის დროსაც გამოიხატა, რომელიც არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ოპოზიციური ჯგუფის შეხედულებას, არამედ ზოგადად აფხაზურ საზოგადოებაში გავრცელებულ მოსაზრებას ასახავს, რომლის თანახმადაც, გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველები თბილისმა შესაძლოა  შიგნიდან აფხაზეთის დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს. საკითხის კიდევ ერთი მთავარი ასპექტი ის არის, რომ სოხუმის ხელისუფლება პასპორტების და მოქალაქეობის თემებს მწვავე პრობლემად განიხილავს, რადგან ამ საკითხის მოგვარება „სახელმწიფოს მშენებლობის“ პროცესის ერთ-ერთ მთავარ ნაწილად მიიჩნევა.
 
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა ასლან კობახიამ, რომელიც 90–იანი წლების დასაწყისის შეიარაღებული კონფლიქტის ვეტერანია, განაცხადა 18 სექტემბრის სხდომაზე, რომ არსებობს იმის საფრთხე, რომ საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის აღმოსავლეთ რაიონებში მცხოვრებ თავის მოქალაქეებს ახალი ომის პროვოცირებისთვის გამოიყენებს.
 
„ჩვენ ვიცით, რომ დაახლოებით 129 [ქართველი] გვარდიელს აფხაზური პასპორტების აღება სურთ“, – განუცხადა კობახიამ დეპუტატებს, „და ბევრი სხვა [რომლებიც უკვე აფხაზეთის მოქალაქეები არიან] მდინარე ენგურის მეორე მხრიდან ბრძანებებს ელიან“.
 
კობახია ოპოზიციური პარტიის „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმის“ წევრია. პარტიის ლიდერია დეპუტატი რაულ ხაჯიმბა, რომელიც აფხაზეთის მოქალაქეობის შესახებ კანონის გამკაცრების შესახებ კანონპროექტის ინიციატორია.
 
დადგენილებაც და ხაჯიმბას მიერ ინიცირებული საკანომდებლო ცვლილებები 35-წევრიანმა პარლამენტმა 18 სექტემბერს 33 ხმით დაამტკიცა; ორმა დეპუტატმა თავი შეიკავა. კანონპროექტს, რომელიც მოქალაქეობის შესახებ კანონს ამკაცრებს, აფხაზეთის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა იმავე დღეს მოაწერა ხელი.
 
პარლამენტის სხდომის პარალელურად, შენობის გარეთ დაახლოებით 1 000–მდე ადამიანი იყო ოპოზიციის აქციაზე შეკრებილი, რომლებიც ეთნიკური ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების ჩამორთმევას მოითხოვდნენ. პარლამენტის დადგენილებას ისინი ოვაციებითა და „გამარჯვება, გამარჯვება“-ს სკანდირებით შეხვდნენ.
 
„ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გვინდა - წესრიგი. გვინდა, რომ ჩვენი სახელმწიფო შედგეს. ეს სწორედ ის არის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით – ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა“, – მიმართა ხაჯიმბამ მხარდამჭერებს აქციაზე. „ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სისხლი გვწყურია. არ გვინდა, რომ ეს [ომი]განმეორდეს“.

სტატიის ავტორია ოლესია ვართანიანი, რადიო თავისუფლების „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტი

Civil.Ge © 2001-2017