პოლიციას ძალადობის აღკვეთაში წარუმატებლობის გამო აკრიტიკებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 May.'13 / 21:21

სამოქალაქო საზოგადოების და უფლებადამცველმა ექვსმა ორგანიზაციამ განაცხადა ერთობლივ განცხადებაში, რომ პოლიციამ ვერ გაატარა ღონისძიებები იმ ძალადობის აღსაკვეთად, რომელსაც 17 მაისს მართლმადიდებელი აქტივისტების და სასულიერო პირების მიერ ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის ჩაშლის შემდეგ ჰქონდა ადგილი, და პოლიცია იმაში დაადანაშაულა, რომ მათ ვერ შეძლეს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით აქციის ჩატარების უზრუნველყოფა.

განცხადებას ხელს აწერენ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED).

განცხადების თანახმად, პოლიციას კოორდინაცია აკლდა და მათი ქმედებები, რომ ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეები კონტრდემონსტრანტებისგან დაეცვა, ხშირად უსუსური იყო.  

„უფრო მეტიც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ორიენტირებული იყო აქციის მონაწილეთა ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაყვანაზე და არა აქციის დაცვაზე. პოლიციამ არ გამოავლინა საკმარისი ძალისხმევა, რათა უზრუნველეყო აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება აქციის გამართვის პროცესში“, – ნათქვამია განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც მართლმადიდებელმა აქტივისტებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს, პოლიციამ რამდენიმე ავტობუსი მიიყვანა აქციის ადგილას, რათა იქიდან ლგბტ აქციის მონაწილეების ევაკუაცია განეხორციელებინა. ერთ–ერთ ავტობუსს, რომელსაც აქციის მონაწილეები გადაჰყავდა, მართლმადიდებელი აქტივისტები თავს დაესხნენ და ფანჯრები ჩაუმტვრიეს; ასევე ადგილი ჰქონდა ქვების სროლას, რომლის დროსაც რამოდენიმე ადამიანი, მათ შორის ერთი ჟურნალისტი და პოლიციელი, დაშავდა.

„კონტრდემონსტრანტების მიერ აქციის ტერიტორიის დაკავების შემდეგ პოლიცია გახდა სრულიად უმოქმედო, რითაც კონტრდემონსტრანებს მისცა უმართავად გადაადგილების საშუალება, რამაც გაზარდა მათი მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ ინდივიდუალური ანგარიშსწორების შესაძლებლობა, რასაც ჰქონდა კიდეც ადგილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია პოლიციელთა დამოკიდებულება ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის მონაწილეთა მიმართ. ყველა დამკვირვებელი ადასტურებს, რომ პოლიციელები აღნიშნული აქციის მონაწილებს ერთმანეთთან საუბარში მოიხსენიებდნენ ცინიკურად და შეურაცხმყოფლად და გარკვეულწილად თანაუგრძნობდნენ კონტრდემონსტრატებს. ეს დამოკიდებულება ასევე იგრძნობოდა მათ ქცევაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, კონტრდემონსტრანტები „გამოირჩევიან განსაკუთრებული აგრესიით იმ პირების მიმართ, რომელთაც აიგივებენ თავდაპირველი აქციის მონაწილეებთან. სამწუხაროდ პოლიციის ქცევა ამ შემთხვევაშიც არაადეკვატურია და შემოიფარგლება მხოლოდ კონფლიქტური ინციდენტების განმუხტვით“.

განცხადება მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს უსაფრთხოება და დააყენოს ყველა იმ თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთაც სათანადოდ ვერ შეაფასეს არსებული რისკები და „ვერ ან არ უზრუნველყვეს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელება და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება“.

იგი ასევე მოუწოდებს შსს–ს „გამოიძიოს და დააყენოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც არ მისცეს საშუალება მოქალაქეებს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით ჩაეტარებინათ დაგეგმილი აქცია“.

Civil.Ge © 2001-2017