სახალხო დამცველის განცხადება 17 მაისის მოვლენებზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 May.'13 / 17:48

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა სასწრაფოდ გაატაროს შესაბამისი ზომები საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად და დააყენოს აქციის ორგანიზატორების და იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომელთა მხრიდანაც ხდებოდა ძალადობა, ძალადობისკენ მოწოდება და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა.

ნანუშავილმა 17 მაისს თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მცდელობის მიუხედავად შსს-მ ვერ უზრუნველყო სათანადო ღონისძიებების გატარება, რაც უზრუნველყოფდა ლგბტ და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების აქციის ჩატარებას.

„სამწუხარო პარადოქსია, რომ სწორედ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე გახდა საქართველოში ჰომოფობიის გამოვლინების დღე“, - აცხადებს ნანუაშვილი.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე დღით ადრე ინფორმირებული იყო, რომ ერთი და იგივე ადგილზე უნდა გამართულიყო პარალელური აქცია, ასევე იმ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, რომელსაც შესაძლოა ადგილი ჰქონოდა ლგბტ და მათი მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მიეცათ საშუალება ესარგებლათ კონსტიტუციით მათთვის მინიჭებული შეკრების თავისუფლებით. მიუხედავად იმისა, რომ აქციის დაწყებისთანავე ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, გაკეთებული იყო კორდონი, პოლიციამ ვერ შეძლო მისი შენარჩუნება. ლგბტ უფლებადამცველები და მათი მხარდამჭერი აქციის მონაწილეები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უსაფრთხოების მიზნით მიკროავტობუსებითა და ავტობუსებით გაიყვანეს ადგილიდან“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

„გავრცელებული კადრებიდან აშკარაა, რომ პარალელური აქციის მონაწილეები, მათ შორის სასულიერო პირები, იყვნენ იმთავითვე აგრესიულად განწყობილები, მისდევდნენ აქციის მონაწილეებს. მათი მიზანი არა მშვიდობიანი პროტესტი, არამედ აქციის მონაწილეთა ფიზიკური ანგარიშსწორება იყო, რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა ექსტრემიზმისა და სიძულვილის გამოვლინებას. ისინი მიზანმიმართულად მისდევდნენ სამარშრუტო მიკროავტობუსებს, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აქციის მონაწილეების გაყვანას ცდილობდნენ. შესაბამისად აშკარაა, რომ პარალელური აქცია გავიდა სამართლებრივი ჩარჩოებიდან. უფრო მეტიც, პარალელური აქციის მონაწილეები აშკარა აგრესიით გამოირჩეოდნენ ინციდენტის ადგილზე საგანგებოდ მისული სახალხო დამცველის მიმართ და რომ არა სამართალდამცავების სათანადო ძალისხმევა მის უსაფრთხოებას შესაძლოა საფრთხე შექმნოდა. ამ ეტაპზე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აქციის წარმომადგენლები დაშლას არ აპირებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველს მოჰყავს მიტინგების შესახებ კანონის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც, როდესაც ადგილი აქვს ძალადობის პროპაგანდას ან ხდება კანონის მოთხოვნათა მასიურად დარღვევა, შეკრება და მანიფესტაცია უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ.

„შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა სასწრაფოდ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად და დააყენოს აქციის ორგანიზატორების და იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომელთა მხრიდანაც ხდებოდა ძალადობა, ძალადობისკენ მოწოდება და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა“, - აცხადებს ნანუაშვილი.

Civil.Ge © 2001-2017