პრემიერ–მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 Mar.'13 / 16:30

პრემიერი–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა განაცხადეს, რომ მათ გასული კვირის მუშაობა შეაჯამეს, სამომავლო გეგმები დასახეს და მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის კოორდინაციის საკითხები განიხილეს.

„ჩვენ შევაჯამეთ განვლილი მუშაობა და შესაბამისად დავისახეთ ახალი ამოცანა, მათ შორის ვთქვათ ის კანონშემოქმედებითი საქმიანობა, რაც უნდა წარმოებული იქნას საქართველოს პარლამენტში, ის საკითხები, რაც მოითხოვს კიდევ უფრო მეტ დაფიქრებას და ის პოლიტიკური კულტურა, პოლიტიკურ კულტურასაც ვამკვიდრებთ ახალი უმრავლესობა საზოგადოებასთან და უმცირესობასთან ურთიერთობაში“, – განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა შეხვედრის შემდეგ. 

„განვიხილეთ პარლამენტისა და  მთავრობის კომუნიკაცია, შიდა საკითხები, სტრატეგია, ჩვენი ხედვა, წუხილები რაც გვაქვს, რომელიც გვინდა მოვაგვაროთ სწრაფად“, – განაცხადა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.

„ეს იყო ჩვენი შიდა კონსულტაციები, კონსულტაციების შედეგებს  ჩვენ ყველა ერთად ერთობლივად მხარს ვუჭერთ და შესაბამისად ეს ყველაფერი ასახული იქნება მომავალ კვირას სასესიო კვირის განმავლობაში პარლამენტში“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი შეხვედრები უმრავლესობასა და პრემიერ–მინისტრს შორის  ინტენსიურად, არასასესიო კვირის ბოლოს გაიმართოს.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ არასასესიო კვირის შაბათ–კვირა იქნება გამოყენებული, ყოველ ორ კვირაში ერთხელ რეგულარული შეხვედრებისა და პოზიციების შეჯერებისათვის. ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განუცხადა ჟურნალისტებს კობა დავითაშვილმა.

„მთავრობა მზად არის, რომ ორ კვირაში ერთხელ შეხვდეს პარლამენტს და პარლამენტიც მზად იქნება, რომ  შეხვდეს როგორც მთავრობას, ისე პრემიერს და იყოს კომუნიკაცია ჩვენს შორის და როგორი იყოს ეს კომუნიკაცია, ამაზე იყო ძირითადად საუბარი“, – აღნიშნა დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა.

დეპუტატ ირინა იმერლიშვილის თქმით, ასევე თხოვნა იყო თვეში ერთხელ მსგავსი ფორმატით შეხვედრები შედგეს  მინისტრებთან, რათა „ორგანიზებულად, ერთიანი პოზიციით ვიმოქმედოთ  და რა ხდება მთავრობაში და რა ხდება პარლამენტში ერთმანეთს გავუზიაროთ“.

დღევანდელ შეხვედრას, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა,  პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე და უმრავლესობის წარმომადგენლების თითქმის სრული შემადგენლობა ესწრებოდა.

Civil.Ge © 2001-2017