ივანიშვილის მიერ დიალოგისთვის შეთავაზებული ოთხპუნქტიანი დღის წესრიგი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Feb.'13 / 12:18

საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრის პროცედურების დაწყება, საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ინტერფრაქციული შეთანხმების მიღწევა, კონსტიტუციური რეფორმის კომისიის შექმნა და ოპერატიული რეაგირების სამუშაო ჯგუფის შექმნა - ეს ოთხპუნქტიანი დღის წესრიგი შესთავაზა პრემერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილის შეთავაზებას დიალოგის დაწყების თაობაზე.

10 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში ივანიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მზად არის შეხვდეს პრეზიდენტ სააკაშვილს. მან ასევე არ გამორიცხა "პროცესის განვითარების კვალობაზე" მისი და მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეხვედრაც.

„ამასთანავე, მინდა ყველასთვის ცხადი იყოს, რომ არ ვაპირებთ უპერსპექტივო და ხანგრძლივ მოლაპარაკებებში შესვლას და ამით ვინმესთვის დროის მოგების საშუალების მიცემას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმასაც, რომ დემოკრატიული სამყაროსათვის უპრეცედენტო კონსტიტუციური ნორმის გაუქმებაზე პრეზიდენტისა და მისი გუნდის თანხმობა (ცხადია, მათი დასაბუთებული შენიშვნების გათვალისწინებით, თუ ასეთი აქვთ) და პარლამენტისთვის კუთვნილი უფლებების დაბრუნება იქნება მათი სიტყვების საქმით დადასტურება, რაც გახსნის გზას ყველა სხვა საკითხის მოგვარებისკენ. ამ შემთხვევაში, ვიმედოვნებ, პარლამენტიც შეძლებს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების უახლოეს ხანებში მოსმენას“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

ქვემოთ მოცემულია ბიძინა ივანიშვილის 10 თებერვლის განცხადების სრული ტექსტი:

"მიხეილ სააკაშვილი დღევანდელი განცხადებით და მორიგი სიცრუის ტირაჟირებით, სამწუხაროდ, კვლავ ცდილობს გაგვაღიზიანოს, უარი გვათქმევინოს ჩვენს პოლიტიკურ გეზზე და ამით თავი დააღწიოს ჩემს მიერ შეთავაზებულ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას. ამიტომ, ვაცხადებ, რომ: 

  • მართალია, სრული სიცრუეა ის, რომ მე ოდესმე ვინმეს ნაციონალური მოძრაობის განადგურებისკენ მოვუწოდე (მეტიც, ამგვარი ტერმინოლოგია სწორედ ნაციონალური მოძრაობის ლექსიკაში მოიპოვება, რისი ერთ-ერთი ნიმუშიც იყო არჩევნების წინ ოპოზიციის, როგორც „კლასის განადგურებისკენ“ მოწოდება...);
  • მართალია, 8 თებერვლის ძალადობის ფაქტები უმეტესწილად მისივე გუნდის წევრების წინასწარ დაგეგმილი გამომწვევი ქმედებებით იყო პროვოცირებული და არც პრეზიდენტის დაცვის 3,500 კაციანი სამსახურის წარმომადგენლებს მიუღიათ მონაწილეობა წესრიგის უზრუნველყოფაში;
  • მართალია, უმძიმესი მოსათმენია, როდესაც 7 ნოემბრის და 26 მაისის ვანდალური აქტების მთავარი შემოქმედი აქეთ გვიკითხავს მორალს 8 თებერვალთან დაკავშირებით;

მაგრამ ქვეყნის წინაშე ნაკისრი ვალდებულება მაიძულებს კვლავ დავადასტურო 9 თებერვლის განცხადებაში ჩემ მიერ გაკეთებული შეთავაზება. უცვლელია ჩვენ მიერ შეთავაზებული დღის წესრიგიც: 


1. პრეზიდენტისთვის პარლამენტის თანხმობის გარეშე ახალი მთავრობის შექმნის უფლების ჩამორთმევის თაობაზე კონსტიტუციურ ცვლილებებზე პარლამენტში კენჭისყრის პროცედურების დაწყება;
2. ინტერფრაქციული შეთანხმების მიღწევა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თაობაზე;
3. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნა, რომელიც უცხოელი და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით მოამზადებს კონსტიტუციაში შესატანი სხვა ცვლილებების პროექტს, მათ შორის, წინადადებას კონსტიტუციის პრეამბულაში ქართველი ერის ისტორიული ევროპული არჩევანის ასახვის შესაძლებლობის თაობაზე;
4. სამუშაო ჯგუფის შექმნა ყველა სხვა მნიშვნელოვან საკითხზე ოპერატიული რეაგირებისთვის და პოზიციების დაახლოებისთვის.   


ამასთანავე, მინდა ყველასთვის ცხადი იყოს, რომ არ ვაპირებთ უპერსპექტივო და ხანგრძლივ მოლაპარაკებებში შესვლას და ამით ვინმესთვის დროის მოგების საშუალების მიცემას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმასაც, რომ დემოკრატიული სამყაროსათვის უპრეცედენტო კონსტიტუციური ნორმის გაუქმებაზე პრეზიდენტისა და მისი გუნდის თანხმობა (ცხადია, მათი დასაბუთებული შენიშვნების გათვალისწინებით, თუ ასეთი აქვთ) და პარლამენტისთვის კუთვნილი უფლებების დაბრუნება იქნება მათი სიტყვების საქმით დადასტურება, რაც გახსნის გზას ყველა სხვა საკითხის მოგვარებისკენ. ამ შემთხვევაში, ვიმედოვნებ, პარლამენტიც შეძლებს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების უახლოეს ხანებში მოსმენას.


რაც შეეხება მოლაპარაკებებს, პარლამენტის თავმჯდომარეს არც არასოდეს შეუწყვეტია დიალოგი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან. ვინაიდან პირველი რიგის საკითხები საპარლამენტო ფორმატშია გადასაწყვეტი, იგი მზად არის დაუყოვნებლივ გააგრძელოს კონსულტაციები და, საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტსაც. პროცესის განვითარების კვალობაზე, რა თქმა უნდა, მეც მზად ვარ ამ შეხვედრებში მონაწილეობისთვის".

Civil.Ge © 2001-2017