ქართული ოცნება საგარეო პოლიტიკაზე ‘ინტერფრაქციული შეთანხმების’ ინიციატივით გამოდის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 Jan.'13 / 19:25

„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო ფრაქციებს, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას, დოკუმენტის ერთობლივად შემუშავება შესთავაზა, რომელშიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე პოლიტიკური ძალების ერთობლივი ხედვა იქნება ასახული, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 30 იანვარს.

მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს ნაციონალური მოძრაობის მიერ 30 იანვარს გახმოვანებულ წინადადებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს პროდასავლური საგარეო კურსი სავალდებულო უნდა გახდეს „საქართველოს საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ“  კანონპროექტის მიღების გზით.

უსუფაშვილმა განაცხადა, რომ 18 იანვარს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ თედო ჯაფარიძემ შესთავაზა პარლამენტის ყველა ფრაქციას ერთობლივი მუშაობა დაიწყონ ინტერფრაქციულ შეთანხმებაზე საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით.

„ეს პროცესი პარლამენტში დაწყებულია“, – განუცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებს, „არსებობს კონკრეტული პროექტი და თუ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არის მზაობა ამ პროცესში ჩართვის, ამას ჩვენ მხოლოდ მივესამლებით. ასე რომ, ეს იქნება კანონის ფორმით, რეზოლუციის ფორმით, შეთანხმების ფორმით – ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ საერთო სახელმწიფოებრივ საკითხებზე გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და იმ სტრატეგიის გაყოლა; არ შეიძლება, დაუშვებელია და ვერაფერი ვერ გამოვა ამ ქვეყანაზე სწორად და კარგად, თუ ოთხ წელიწადში ერთხელ იქნება დრამატული ცვლილებები, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკურ კურსში“.    

Civil.Ge © 2001-2017