კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა 13 ივნისს განაცხადეს, რომ კონტროლის პალატის, პროკურატურისა და სასამართლოს ბოლო დროინდელი ქმედებები ოპოზიციის წინააღმდეგ „სუბიექტურობითა და არათანაბარი მიდგომით ხასიათდება“. „მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოების ერთსულოვანი მოთხოვნისა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს წვდომა პლურალისტურ მედიაზე, ინფორმაციის გავრცელებისა და მიღების გზები დღითი დღე იზღუდება და ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული“, – განაცხადა „ეს შენ გეხებამ“ თავის განცხადებაში. მან მოუწოდა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ „ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გაატაროს შესაბამისი ზომები სამართლიანი წინასაარჩევნო და მედია გარემოს უზრუნველსაყოფად“. „წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ეჭვის ქვეშ დადგეს მომავალი საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა“, – ნათქვამია განცხადებაში. კამპანიის წარმომადგენელთა თქმით, კონტროლის პალატის, პროკურატურის და სასამართლოს მიერ პარტიების წარმომადგენელთა და მხარდამჭერთა მიმართ წაყენებული „ბრალდებები და გამოყენებული სანქციები, ხშირ შემთხვევაში, ცალმხრივ და არასაკმარისად დასაბუთებულ ფაქტებს ან ვარაუდებს ეყრდნობა“. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ ორ აქტივისტს გირაოს სახით 3 000 ლარის გადახდა დააკისრა 9 ივნისს მას შემდეგ, რაც წინა დღეს იმავე სასამართლომ სამ აქტივისტს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ხუთივეს ბრალად ედება ამომრჩეველთა მოსყიდვა „ოცნების“ ფლაერების დარიგების დროს. 11 ივნისს კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ რუსთავის საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან დაარღვია კანონი პარტიების დაფინანსების შესახებ, როდესაც აპრილში რუსთავის მაცხოვრებლებს ღვინო და ცხვარი დაურიგა და სასამართლოს მისი დაჯარიმების მოთხოვნით მიმართა. თუმცა, საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ, რომელიც კამპანიის „ეს შენ გეხებას“ მონაწილეა, განაცხადა, რომ კონტროლის პალატის გადაწყვეტილება „არ არის თანმიმდევრული“, ვინაიდან მმართველი პარტიის წევრის ქმედება ამომრჩევლის მოსყიდვად უნდა განხილულიყო და არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. „ეს შენ გეხებამ“ 13 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში მოუწოდა კონტროლის პალატას „შეწყვიტოს არათანაბარი და სუბიექტური მიდგომა პარტიების მონიტორინგის პროცესში“ და „ერთნაირი ოპერატიულობით გამოიკვლიოს და ადეკვატური პასუხისმგებლობა მოითხოვოს არა მარტო ოპოზიციური პოლიტიკური ძალის, არამედ მმართველი პარტიის წარმომადგენელთა და მხარდამჭერთა სამართალდარღვევებზე“. კამპანიაში ჩართულმა ორგანიზაციებმა ასევე მოუწოდეს სასამართლო ხელისუფლებას „მოახდინოს საქმის გარემოებების სრულყოფილი, ობიექტური და ყოველმხრივი გამოკვლევა“ და “უზრუნველყოს მხარეთა თანასწორობა, მისცეს მათ სათანადო დრო სასამართლო პროცესისთვის მოსამზადებლად და მტკიცებულებათა წარსადგენად“, ასევე „განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს თავისუფლების აღმკვეთი ზომების გამოყენებას“. პროკურატურასთან მიმართებაში განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ უწყებამ „ოპერატიულად“ უნდა შეისწავლოს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული „დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები, რომლებიც მოქალაქეთა მიმართ პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებასა და მედიის წარმომადგენელთათვის საქმიანობის ხელის შეშლას ეხება“. 13 ივნისს გავრცელებულ ცალკე განცხადებაში უწყებათაშორისმა კომისიამ განაცხადა, რომ მან ურჩია შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წინასაარჩევნო პერიოდში შეაჩეროს სოციალური დახმარების ბაზაში უკვე დარეგისტრირებულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება. იყო შემთხვევები, როდესაც რამდენიმე ბენეფიციარმა განაცხადა, რომ მათი სოციალური დახმარებები შეაჩერეს იმის გამო, რომ ისინი ოპოზიციას უჭერდნენ მხარს. უწყებათაშორისმა კომისიამ განაცხადა, რომ მართალია ზოგიერთი ეს ბრალდება არ დადასტურდა, ხოლო რიგ შემთხვევაში დახმარების შეჩერება ლეგიტიმურად მოხდა, მაგრამ მან მაინც გადაწყვიტა ურჩიოს ჯანდაცვის სამინისტროს საარჩევნო პერიოდში შეაჩეროს ბაზაში დარეგისტრირებულ პირთა შეფასების პროცესი, რათა გამოირიცხოს პოლიტიკური ინსინუაციები. |
|||
Civil.Ge © 2001-2011