ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.5%-მდე შეამცირა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Aug.'11 / 18:02

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა, რის შედეგადაც 17 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.5%–ით განისაზღვრა.

ივლისში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რომელიც თებერვლიდან 8%–ზე იყო შენარჩუნებული, 7.75%–მდე შეამცირა.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაცხადა 17 აგვისტოს, რომ ინფლაციის მაჩვენებელი „მოსალოდნელზე უფრო სწრაფად“ მცირდება.

საქსტატის ინფორმაციით, ივლისში წლიური ინფლაცია 8.5%–მდე შემცირდა, მაშინ როცა ივნისში ეს მაჩვენებელი 10%–ს შეადგენდა. ივლისში სურსათისა და ენერგომატარებლების გამოკლებით საბაზო ინფლაცია 0.03%-ს გაუტოლდა, იტყობინება საქართველოს ეროვნული ბანკი. 

Civil.Ge © 2001-2017