საქსტატი: წლიური ინფლაცია ივლისში 8.5%–მდე შემცირდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 Aug.'11 / 16:31

ივლისში წლიური ინფლაციის დონე 8.5%–მდე შემცირდა წინა თვეში დაფიქსირებული 10%–დან, იტყობინება 3 აგვისტოს "საქსტატი“.

ოფიციალური მონაცემებით, ინფლაციის დონის შემცირებაზე გავლენა იქონია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, ივნისთან შედარებით, ფასების 5.1%–ით შემცირებამ. ამ ჯგუფში ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა: ბოსტნეულის, ბაღჩეულის, კარტოფილისა და სხვა ბოლქოვანების ქვეჯგუფზე – 23.3%–ით, ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე – 16.3%–ით, თუმცა ფასები გაიზარდა შაქარსა და ტკბილეულობაზე – 4.9%–ით.

წინა თვესთან შედარებით ფასები 7.4%–ით გაიზარდა ასევე ტრანსპორტზე, რომლის წვლილმაც ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 0.77 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნული, "საქსტატის" განცხადებით, განაპირობა ფასების 18.4%–ით ზრდამ ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობაზე.

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, "საქსტატის“ მონაცემებით, წინა წლის ივლისთან შედარებით, ყველაზე მეტად ფასები სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე (16.6%–ით) და ტრანსპორტის ჯგუფზე (16.3%–ით) გაიზარდა, შემდეგ მოდის სასტუმრო, კაფე და რესტორნის ჯგუფი 10%–ით, ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო 8.9%–ით; ყველაზე მეტი კლება კი 14.2%–ით კავშირგაბმულობის ფასებმა განიცადა.

12–თვიან პერიოდში, "საქსტატის“ მონაცემებით, ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა: ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე – 30.4%, რძე, ყველი და კვერცხის ქვეჯგუფზე – 26.4%, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე – 26.1%, ზეთსა და ცხიმზე – 25.6%, პურსა და პურპროდუქტებზე – 21.9%; ბენზინზე – 17.3%, დიზელზე – 22.5%, ქალაქს შიგნით ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობაზე – 22.1%.

ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში ინფლაციის კლების დინამიკის გათვალისწინებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ივლისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რომელიც თებერვლიდან 8%–ზე იყო შენარჩუნებული, 7.75%–მდე შეამცირა.

Civil.Ge © 2001-2017